Accessibility links

logo-print

9 ივლისს ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი 1995 წელს სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის დროს დაღუპულთა ხსოვნას. იმ დღეს დემონსტრანტები ხელის აწევით ესალმებოდნენ სატვირთო მანქანას, რომელსაც პოტოჩარის სასაფლაოზე დასაკრძალად მიჰქონდა 21 წლის წინ დაღუპული 127 ადამიანის იდენტიფიცირებული ნარჩენები. ნიშანდობლივია, რომ სრებრენიციდან დაშორებულ ქალაქ ბრატუნაჩში სერბებმა საკუთარი კონტრსამგლოვიარო ღონისძიება მოაწყვეს.

სხვა არაერთ ღონისძიებასთან ერთად, სრებრენიცის ზემოხსენებული ცერემონიით აღინიშნა იმ ხოცვა-ჟლეტის 21-ე წლისთავი, რომელსაც წინ უძღოდა ბოსნიელ სერბთა არმიის მიერ, სულ მცირე, 8 000 მუსლიმი მამაკაცისა და ბიჭის დატყვევება და დახოცვა. ეს ძალადობა, რაც ბოსნია-ჰერცეგოვინის შიდა კონფლიქტის დასრულებამდე რვა თვით ადრე მოხდა, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში მომხდარ ყველაზე დიდ სისასტიკედ ითვლება.

2004 წელს იუგოსლავიის ომის დამნაშავეთა საქმეების გაეროს ტრიბუნალმა სრებრენიცის მოვლენებს ოფიციალურად უწოდა „გენოციდი“.

9 ივლისს სარაევოში ხსოვნის ღონისძიებაზე შეკრებილი ადამიანების უმრავლესობა ცრემლითა და ყვავილებით ხვდებოდა ხალხის ზღვაში ნელა მიმავალ სატვირთოს, რომლის საბარგულზეც 21 წლის წინ დაღუპული 127 ადამიანის ახლად ამოცნობილი ნარჩენები ესვენა. დაღუპულთა გვამები ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ მასობრივ სამარხში აღმოაჩინეს და ისინი 11 ივლისს, გენოციდის 21-ე წლისთავზე, პოტოჩარის საძმო სასაფლაოზე დამარხეს. სამგლოვიარო ცერემონიაში მონაწილეობდა ბოსნია-ჰერცეგოვინის კოლექტიური მმართველობის წევრი ბაკირ იზეტბეგოვიჩი, რომელმაც განაცხადა, რომ ყველას ბოლომდე არ აქვს გააზრებული სრებრენიცის ტრაგედია:

„ყოველმა ჩვენგანმა გადაიტანა ტრაგედია. აუტანელი ტკივილის მიუხედავად, ჩვენი, გადარჩენილების, ვალია, ვიმუშაოთ და უფრო უკეთესი გავხადოთ ეს ქვეყენა. არავინ იბადება სხვა ადამიანის მიმართ სიძულვილით განსხვავებული კანის ფერის, ეთნიკური წარმომავლობისა და აღმსარებლობის გამო. სამწუხაროდ, ხალხი სწავლობს სიძულვილს. დაე, ის ადამიანები, რომლებიც ჩუმად არიან და უარყოფენ სრებრენიცის გენოციდს, დაფიქრდნენ იმაზე, რაც იქ მოხდა. დაე, მათ გაიაზრონ თავიანთი ისტორიის უბნელესი ლაქა. მათ ერთი რამ უნდა იცოდნენ: სიმართლის გააზრება და შეცნობა არის პირველი ნაბიჯი შერიგების გზაზე“.

ბოსნიის ომის შემდეგ ქვეყნის ტერიტორიაზე 100-მდე მასობრივი სამარხი აღმოჩნდა, სადაც სასამართლო ექსპერტიზა ლამის ყოველ წელს პოულობს ახალ-ახალ გვამებს. ადამიანის სხეულის ნარჩენების ამოცნობა „დე-ენ-ემის“ ანალიზით ხდება. იდენტიფიცირებულ ცხედრებს კრძალავენ სრებრენიცის მახლობლად მდებარე მემორიალურ ცენტრში, იმ ადგილას, სადაც მსხვერპლი სულ ბოლოს ნახეს ცოცხალი.

აღმოსავლეთ ბოსნიის ქალაქი სრებრენიცა ბოსნიელ სერბთა ძალებმა 1995 წლის 11 ივლისს აიღეს. მუსლიმმა მოსახლეობამ სასწრაფოდ დატოვა ქალაქი, რომელსაც მანამდე გაერო სამოქალაქო პირებისათვის „უსაფრთხო თავშესაფრად“ მიიჩნევდა. დევნილი მოსახლეობა თავს აფარებდა გაეროს კომპლექსს იმ იმედით, რომ მშვიდობისმყოფელები დაიცავდნენ მათ, მაგრამ გაეროს პერსონალმა უყოყმანოდ მიატოვა ბაზა, როდესაც ბოსნიელმა სერბებმა, გენერალ რატკო მლადიჩის ხელმძღვანელობით, 21 წლის წინ კომპლექსის ჩაბარება მოითხოვეს. ამის შემდეგ შეიარაღებულმა სერბებმა მამაკაცები და ბიჭები ერთმანეთისგან გამოაცალკევეს და სიკვდილით დასაჯეს, ქალები და გოგონები კი თვიანთ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაანაწილეს.

სრებრენიცის ათასობით მოქალაქე ცდილობდა თავი ტყეებისათვის შეეფარებინა, მაგრამ ბოსნიელი სერბები მათზე ნადირობდნენ და ხოცავდნენ. მიმდინარე წლის მარტში ჰააგის ტრიბუნალმა დამნაშავედ ცნო ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერი, რადოვან კარაჯიჩი, გენერალ რატკო მლადიჩის სასამართლო პროცესი კი დღემდე გრძელდება.

ნიშანდობლივია, რომ მაშინ, როცა სარაევოში სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთ იხსენებდნენ, 12 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ბრატუნაჩში სერბებმა საკუთარი კონტრსამგლოვიარო ღონისძიება მოაწყვეს და მუსლიმი სამხედრო ძალების მიერ დახოცილ სერბებს მიაგეს პატივი. ამ თარიღთან დაკავშირებით ბოსნია-ჰერცეგოვინის შემადგენლობაში შემავალი სერბიული სუბიექტის, რესპუბლიკა სპრსკას, პრემიერ-მინისტრმა მილორად დოდიკმა საერთაშორისო საზოგადოება სერბების მიერ გაღებული მსხვერპლისადმი უპატივცემულობაში დაადანაშაულა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG