Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შრომის ახალი კოდექსის შესაძლო შედეგები


ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები.
ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები.
საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს შრომის კანონმდებლობა შეცვალოს. კანონპროექტის პირველი ვერსიის პრეზენტაცია იუსტიციის სამინისტრომ 22 იანვარს მოაწყო. მას შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სხვადასხვა შენიშვნები და რეკომენდაციები გადაუგზავნეს იუსტიციის სამინისტროს. 27 თებერვალს გამოქვეყნდა კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტი, რომელიც, ექსპერტების აზრით, კვლავაც საჭიროებს დახვეწას.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული შრომის კოდექსის ცვლილებების მეორე ვერსიის შენიშვნები „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ“ მოამზადა. ამ ორგანიზაციის რეკომენდაციების ნაწილი კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტში უკვე გათვალისწინებულია, მაგრამ ახალგაზრდა ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ კოდექსს დასაბალანსებლად ჯერ კიდევ სჭირდება ცვლილებები. ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარის გიორგი ციმინტიას განცხადებით, კანონპროექტის ამჟამინდელი ვარიანტი დამსაქმებლისთვის პრობლემატური რჩება:

«რაღაც გარკვეული შენიშვნები ასახული იყო - მაგალითად, ზეგანაკვეთურ მუშაობაზე ანაზღაურების საკითხი. ვალდებულება, რომ დაუსაბუთო სამსახურში არაყვანის მიზეზი, ესეც ამოღებულია. სხვა საკითხებიც შეიცვალა - ის, რაც კიდევ უფრო დაუმძიმებდა დამქირავებელს მდგომარეობას. მაგრამ ეს ვერსია, ესეც ძალიან რთულია დამქირავებლისთვის».

გიორგი ციმინტია
გიორგი ციმინტია
„ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია“, რომლის წევრებიც წლების წინ ძველი თუ ახალი მთავრობის მინისტრები იყვნენ, დაასკვნის, რომ შრომის ახალი კანონმდებლობა ბევრ ბუნდოვან მუხლს შეიცავს. ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება დასახელდეს თანამშრომლის დათხოვნის მექანიზმი. დამსაქმებელს უფლება აქვს თანამშრომელი გაათავისუფლოს, თუ მისი კვალიფიკაცია არ შეესაბამება შესასრულებელ სამუშაოს, მაგრამ გაურკვეველი რჩება როგორ უნდა განისაზღვროს კვალიფიკაცია.

«მე [დამსაქმებელმა] უნდა განვსაზღვრო ნებისმიერი ტიპის სამუშაოზე კრიტერიუმები, რის მიხედვითაც შევაფასებ დასაქმებულის სამუშაოს. ბევრზე შეიძლება ძალიან რთული იყოს ამის გაკეთება, ზოგზე კი საერთოდ შეუძლებელი, დამსაქმებლის რესურსებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მე რომ ვუთხრა მუშას, რომელიც სახლს აშენებს, რომ მან რაღაც ცუდად გააკეთა, იგი შეიძლება შემომედავოს და წავიდეს სასამართლოში. შემდეგ სასამართლომ რაღაც მექანიზმებით უნდა გადაწყვიტოს, კარგად დაიდო თუ ცუდად დაიდო ეს აგური», ამბობს გიორგი ციმინტია.

ჯერ კიდევ მოქმედი შრომის კოდექსის ერთ-ერთ მთავარ ნაკლად პროფკავშირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა ნაწილი დასაქმებულის დათხოვნის წესის არარსებობას ასახელებდა. კანონს, რომელიც დამსაქმებელსა და დაქირავებულს შორის შეთანხმების პრინციპს აღიარებდა, მისმა ოპონენტებმა «დრაკონული» და «ფეოდალურიც» კი უწოდეს. ასეთი დასკვნის საფუძველი არა კონკრეტული შემთხვევების სიმრავლე, არამედ ვარაუდები გახდა. ერთ-ერთი ასეთი ვარაუდი იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ «ბიოლის ფონდში» გამართული დისკუსიისას გამოთქვა:

«აქ ითქვა, რომ დამსაქმებელი არ არის დასაქმებულის მტერი. მეც მითქვამს, რომ დამსაქმებლები პრინციპში მხეცები არ არიან. მაგრამ თუ მხეცი აღმოჩნდა, შენ რა გიცავს ამ მხეცის წინაშე? პასუხია ა-რა-ფე-რი».
მეც მითქვამს, რომ დამსაქმებლები პრინციპში მხეცები არ არიან. მაგრამ თუ მხეცი აღმოჩნდა, შენ რა გიცავს ამ მხეცის წინაშე? პასუხია
ა-რა-ფე-რი...
ალექსანდრე ბარამიძე

იუსტიციის მინისტრის მოადგილის ამგვარი შეფასების მიუხედავად, საქართველოს შრომითი კანონმდებლობა მთელ მსოფლიოში აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ კანონმდებლობად. მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის «გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის» მიხედვით, საქართველო, დასაქმების წესების მიხედვით, მეცხრე ადგილზეა მთელ მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ ეს კვლევა, სხვა რეიტინგებისგან განსხვავებით, ტრადიციულად, უფრო მკაცრია საქართველოს მიმართ. მიუხედავად ამისა, ის მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოში ჯერ კიდევ მოქმედ შრომით კანონმდებლობას. მისი მოქმედების შედეგად სახელდებოდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მატება, რაც სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკის ზრდის საშუალებას იძლეოდა. «ბიოლის ფონდში» გამართულ დისკუსიაზე საწინააღმდეგო აზრი გამოთქვა „ლაბორატორია 1918“-ის წარმომადგენელმა ლევან აბაშიძემ:

«ერთადერთი, ვინც იხეირა ამ ეკონომიკური პოლიტიკით, იყო ხელისუფლებასთან შეზრდილი კაპიტალი».

თუმცა ეკონომიკური მონაცემები სულ სხვა სურათს ქმნის. შრომითი კანონმდებლობის ლიბერალიზაციამ უამრავ წვრილ და საშუალო მეწარმეს - ისევე როგორც დაბალი თუ საშუალო კვალიფიკაციის მქონე მოქალაქეს - მარტივად, ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე დასაქმებისა და ბიზნესის განხორციელების საშუალება მისცა. შედეგად, საქართველოში უმუშევრობის დონე ბოლო წლების მანძილზე კლების ტენდენციით გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ლიდერი ირაკლი პეტრიაშვილი ამჟამინდელ შრომის კოდექსს მონური შრომის დაკანონებას უწოდებს:

„დღეს არსებული კოდექსი - როგორც დეკრეტულ შვებულებებთან დაკავშირებით, ისე კოლექტიურ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და დასაქმებული ადამიანების უფლებებით - იყო მე-16–მე-17 საუკუნის ნორმები, რომელსაც შრომის კოდექსი ერქვა“.
ამ ცვლილებებით მივიღებთ იმას, რაც მიიღეს სამხრეთ ევროპაში, ანუ გამოიწვევს ზოგადად მაღალ უმუშევრობას და განსაკუთრებით მაღალს ახალგაზრდებში, ასევე გაზრდის არაფორმალურ დასაქმებას და, შედეგად, შრომის უფლებები უფრო მეტად ვერ იქნება დაცული...
ვახტანგ ლეჟავა

ირაკლი პეტრიაშვილის ასეთი განცხადების მიუხედავად, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი არ ითვალისწინებს ცვლილებას დეკრეტულ შვებულებასთან მიმართებით. „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ ლიდერის გიორგი ციმინტიას განცხადებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, დეკრეტული შვებულების ვადა კვლავაც უცვლელი რჩება. ეს არ არის ახალგაზრდა ეკონომისტების მთავარი შენიშვნა შრომის კოდექსის პროექტის მიმართ. გიორგი ციმინტიას აზრით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემას უვადო შრომითი ხელშეკრულებები წარმოადგენს, ასევე შეუძლებელი ხდება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დასაქმებულის სამხედრო-სარეზერვო სამსახურში გაწვევის გამო:
«გაუგებარია, ადამიანი როდესაც წავიდა სარეზერვო სამსახურში, ხელფასი, ამ კოდექის მიხედვით, მაინც უნდა გადაუხადო თუ არა და დაბრუნების შემდგომ როგორ უნდა მოიქცე, თუ იგი აღარ შეესაბამება კვალიფიკაციას. საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს იმას, რომ მოვერიდები სამსახურში ისეთი ადამიანების აყვანას, რომლებსაც არ აქვთ სარეზერვო სამსახური გავლილი».

არის სხვა შეზღუდვებიც, რომლებიც არც დამსაქმებელსა და არც დასაქმებულს მობილურობის საშუალებას არ აძლევს. მაგალითად, ჯამაგირის გადახდა უნდა მოხდეს თვის მანძილზე არანაკლებ ერთხელ. ეს კი საქართველოში მცირე ბიზნესში გავრცელებული დღიური ანაზღაურების პრაქტიკას შეუძლებელს ხდის. არის სხვა შეზღუდვებიც, რაც ეკონომიკის ექსპერტების ნაწილს აფიქრებინებს, რომ ახალი კოდექსი დაიცავს მხოლოდ უკვე დასაქმებულთა ინტერესებს და არა დასაქმების მსურველთა თუ დამსაქმებელთა უფლებებს.

„პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი ვახტანგ ლეჟავა ყურადღებას ამახვილებს სამხრეთ ევროპის მაგალითზე:

„ამ ცვლილებებით მივიღებთ იმას, რაც მიიღეს სამხრეთ ევროპაში, ანუ გამოიწვევს ზოგადად მაღალ უმუშევრობას და განსაკუთრებით მაღალს ახალგაზრდებში, ასევე გაზრდის არაფორმალურ დასაქმებას და, შედეგად, შრომის უფლებები უფრო მეტად ვერ იქნება დაცული».

„ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაც“ ვარაუდობს, რომ, კანონმდებლობაში დაქირავებულთა უფლებების უფრო მეტად გათვალისწინების შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობები ჩრდილში, არაოფიციალურ სივრცეში გადაინაცვლებს. ასევე კიდევ უფრო გართულდება ინვესტიციების მოზიდვა, რისი კლების ტენდენციაც იგრძნობა ბოლო რამდენიმე თვეა.
XS
SM
MD
LG