Accessibility links

საბჭოთა და ევროკავშირის დროშები სტალინის დაბადების დღეზე


კომუნისტებისა და სტალინისტების აქცია გორში

კომუნისტებისა და სტალინისტების აქცია გორში

გორში კომუნისტებმა და სტალინისტებმა ცოტა ხნით გამგეობის შენობის პიკეტირება მოახდინეს და საკრებულოს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. კომპარტიის ლიდერი ალეკო ლურსმანაშვილი მიიჩნევს, რომ ამ საკრებულოს არ შესწევს ძალა სტალინის ძეგლის დადგმის გადაწყვეტილება მიიღოს, ამიტომ ის უნდა გადადგეს. საბჭოთა კავშირის დროშებით მისულ კომუნისტებს გამგეობის შენობიდან გადმოფენილი საქართველოს და ევროკავშირის დროშები დახვდათ.

ადმინისტრაციულ შენობასთან მისვლამდე კომუნისტებმა საბჭოთა დიქტატორის სახლ-მუზეუმთან მიტინგი გამართეს. სტალინის საზოგადოების წარმომადგენელმა გრიშა ონიანმა იმ გორელების ლანძღვა დაიწყო, რომლებმაც საკრებულოს სხდომაზე, სადაც საბჭოთა ბელადის ძეგლის დადგმის საკითხი განიხილებოდა, სტალინის წინააღმდეგ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. რამდენიმე თვის წინ ადგილობრივმა თვითმმართველობამ მონუმენტის განთავსებაზე უარი თქვა.

იოსებ სტალინის დაბადებიდან 136-ე წლისთავთან დაკავშირებით კომუნისტები და სტალინისტები, საბჭოთა კავშირის დროშებითა და სტალინის სურათებით, მთელი საქართველოდან შეიკრიბნენ. კომპარტიის თავმჯდომარემ თემურ ფიფიამ განაცხადა, რომ სავიზო ლიბერალიზაციისა და გლობალური ინტეგრაციის წინააღმდეგი არ არის, ოღონდ ეს, მისი აზრით, რუსეთ-საქართველოს ინტერესების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

მიტინგზე სტალინის ორეულიც გამოჩნდა. ნოვოსიბირსკიდან ჩამოსულ ზაურ წურწუმიასთან ფოტოების გადაღების მსურველების რიგი დადგა.

საკრებულოს სხდომაზე სტალინის ძეგლის დადგმას გვანცა დოლუაშვილი ეწინააღმდეგებოდა. მისი აზრით, გადასახედია ის იდეოლოგია, რომლის პროპაგანდასაც ეწევა ადამიანების ჯგუფი, ხელში საბჭოთა კავშირის დროშებით. დოლუაშვილის აზრით, ეს იდეოლოგია ქვეყნის საგარეო ვექტორსა და „თავისუფლების ქარტიასთან“ წინააღმდეგობაშია.

გორის მცხოვრები თეონა ფანქველაშვილი აცხადებს, რომ 21-ე საუკუნეში, როცა ქვეყანა სავიზო ლიბერალიზაციის დადებით დასკვნას იღებს, იქ დიქტატორების და მათი ძეგლების ადგილი აღარ რჩება.

სავიზო ლიბერალიზაციის დადებითი დასკვნის აღნიშვნა, სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, გორის ადგილობრივ ხელისუფლებას აზრად არ მოსვლია. ქალაქის მთავარ მოედანზე მოქალაქეთა ერთი ჯგუფი გამოვიდა და იქ, სადაც ადრე დიქტატორის ძეგლი იდგა, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი ფეიერვერკით აღნიშნა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG