Accessibility links

logo-print

გაკვეთილი სტალინზე იმ სასწავლებელში, სადაც ჯუღაშვილი სწავლობდა


სტალინის სასწავლებელი

სტალინის სასწავლებელი

გორში, სამეფოს ქუჩის დასაწყისში, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია მდებარეობს, 1817 წელს კი ამ შენობაში გორის სასულიერო სასწავლებელი იყო განთავსებული. აქ აღიზარდნენ გამოჩენილი საერო და საეკლესიო პირები: იაკობ გოგებაშვილი, სოფრომ მგალობლიშვილი, კონსტანტინე მამაცაშვილი; საქართველოს კათალიკოს-პატრიარქები - კირიონ მეორე, ეფრემ მეორე, ლეონიდე. 1894 წელს ეს სასწავლებელი დაამთავრა იოსებ ჯუღაშვილმა და სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. დღეს გორის გიმნაზიის შესასვლელში, ცნობილი სასულიერო პირების ფოტოების გვერდით, იოსებ სტალინის ბავშვობის ფოტოებიც არის გამოკრული. გიმნაზიის მოსწავლეები ყოველდღე ხედავენ ამ ფოტოებს, მაგრამ იოსებ სტალინზე უფრო ნაკლები იციან, ვიდრე მათმა მამებმა და პაპებმა იცოდნენ. ისტორიკოსი ზურაბ ქარელი ამბობს, რომ სასკოლო სახელმძღვანელოში სტალინისა და საბჭოთა ეპოქის შესახებ მწირი მასალაა. ბავშვებმა ამ პერიოდის შესახებ ძალზე ცოტა რამ იციან, ამიტომ ინფორმაციას ძირითადად ოჯახებიდან იღებენ. ოჯახებში მოსმენილი ისტორიები კი ძირითადად მითები და ლეგენდებია.

„საკმაოდ მწირი მასალაა სტალინის პიროვნების შესახებ, ეპოქის შესახებ. მე ვთვლი, რომ მაინც მეტი შეიძლებოდა ყოფილიყო მასალა. მსოფლიო ისტორიის სხვა საკითხებზე ბევრად უფრო დაწვრილებით არის ყურადღება გამახვილებული. ნაპოლეონის და ალექსანდრე მაკედონელის შესახებ ბევრად მეტი იციან ბავშვებმა სახელმძღვანელოდან, ვიდრე იოსებ ჯუღაშვილის შესახებ. ეს მხოლოდ ჯუღაშვილს არ ეხება. ეს არის ეპოქა. უნდა ვიცოდეთ ეს ეპოქა - რა მოიტანა დადებითი და რა უარყოფითი, რა უბედურება მოუტანა ქვეყანას. ბავშვები ინფორმაციას ოჯახებიდან იღებენ და დამოკიდებულებაც იმის მიხედვით ყალიბდება, თუ ვისი ოჯახის წევრები რა დამოკიდებულებაში არიან სტალინის პიროვნების მიმართ. არსებობს გარკვეული სტერეოტიპები და ამის დამსხვრევაა საჭირო. რადიკალური შეხედულებებია - ან ძალიან დადებითი, ან ძალიან უარყოფითი. მე თვითონ წამომიწყია პოლემიკა ამ საკითხზე. ვცდილობ ხოლმე მე უფრო საწინააღმდეგო პოზიცია დავიკავო, რომ ბავშვები დისკუსიაში შემოვიტყუო. ასეთი რაღაცა აუცილებელია. ბავშვებმა უნდა ისწავლონ სიკეთის და ბოროტების, კარგის და ცუდის გარჩევა“, – ამბობს ზურაბ ქარელი.

მე-10 კლასში ისტორიის გაკვეთილი იწყება, ზურაბ ქარელი კლასში მეპატიჟება. იწყება დისკუსია საქართველოს ოკუპაციისა და სტალინის პიროვნების შესახებ. გიმნაზიის მოსწავლეებმა არ იციან, რა თანამდებობა ეკავა საბჭოთა ბელადს. იციან ის, რომ საბჭოთა სისტემა ძალადობაზე იყო აგებული და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ხვრეტდნენ.

გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია

გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია

მასწავლებლის კითხვა: „ვინ იყო სტალინი, რა თანამდებობა ეკავა?“

საერთო პასუხი: „ბელადი იყო“.

ერთ-ერთი ბიჭის წამოძახილი: „ბელადი ლენინი არ იყო?“
საერთო სიცილი.

რეპლიკა: „სტალინი ლენინის მერე იყო“.

კითხვა: „კონკრეტულად, რა თანამდებობა ჰქონდა სტალინს?“

დუმილი.

მასწავლებელი: „გორელებისთვის საინტერესოა ხოლმე სტალინის პიროვნებაზე საუბარი - ან აქებენ, ან აძაგებენ ხოლმე, არა?!“

მოსწავლის რეპლიკა: „ძირითადად აძაგებენ ხოლმე. მე არ ვიცი, ვის დავუჯერო. ახალგაზრდები უფრო აძაგებენ ხოლმე, უფროსები აქებენ“.

წამოძახილი: „ჭკვიანი იყო“.

მასწავლებელი: „რაში გამოიხატება?“

ერთ-ერთი მოსწავლე: „ლენინს მოუგო“.

მეორის რეპლიკა: „ლენინს კი არა, ჰიტლერს მოუგო“.

მასწავლებელი: „თქვენ თქვით, რომ ახალგაზრდა თაობა ლანძღავს. რატომ ლანძღავს, რა გააკეთა ასეთი?“
სტალინზე და ლენინზე ლექსებს და სიმღერებს ასწავლიდნენ ხოლმე, უფრო ძალადობით იყო ხოლმე საბჭოთა კავშირში ეს ყველაფერი...

საერთო პასუხი: “ხალხი დახვრიტა“.

მასწავლებელი: „რატომ კლავდა?“

პირველი გოგონა: „ხელის შეშლის გამო“.

რეპლიკა: „თვითონ ამბობდა, ქვეყანას სჭირდებაო“.

მასწავლებელი: „ადამიანის სიცოცხლე რომ შეიწიროს ქვეყანამ, როგორ მიგაჩნიათ, სწორია? ნებისმიერი ჩვენგანი რომ დახვრიტონ იმისთვის, რომ ქვეყანას სჭირდება... რატომ უნდა დასჭირვებოდა ქვეყანას ეს მსხვერპლთშეწირვა?“

წამოძახილები: „საწინააღმდეგო აზრს შეიძლება ხალხის აჯანყება გამოეწვია, იმისთვის რომ თავისუფლება მოეთხოვათ“.

„იდეოლოგია მოითხოვდა ამას. იდეოლოგია, რომ თითქოს ყველა თანასწორი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასეთი რაღაცა არ ხდებოდა“.

„სტალინზე და ლენინზე ლექსებს და სიმღერებს ასწავლიდნენ ხოლმე, უფრო ძალადობით იყო ხოლმე საბჭოთა კავშირში ეს ყველაფერი“.

„იმიტომაც უყვარდა იმ თაობას“.

მასწავლებელი: „ბევრი აღიზარდა ბავშვობიდანვე სტალინის ფანატიკოს მოყვარულად და დარჩა ეს თაობა ასე. ძველი თაობა უფრო მართალია თუ ახალი თაობა?

პირველი გოგონა: „არც ერთი“.

მეორე გოგონა: „დრომ აჩვენა, რომ საბჭოთა კავშირი ისე არ იყო აგებული, როგორც მაშინ ეჩვენებოდათ. ტყუილის და ძალადობის პრინციპზე იყო აგებული“.

გაკვეთილი სრულდება. ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ურჩევს, რომ მეტი კლასგარეშე ლიტერატურა წაიკითხონ საქართველოს ოკუპაციის, საბჭოთა ეპოქისა და მისი ბელადების, 30-იანი წლების რეპრესიების შესახებ; მეტი იფიქრონ იმ ეპოქის ავკარგიანობაზე და აზრი სხვების მონაყოლის მიხედვით კი არა, საკუთარი ცოდნის საფუძველზე შეიმუშაონ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG