Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტალინური სიები საქართველოდან - დახვრეტილთა არდასავიწყებელი ამბავი


გიორგი კეკელიძე, დავით უსუფაშვილი და ნინო ლეჟავა
გიორგი კეკელიძე, დავით უსუფაშვილი და ნინო ლეჟავა

"სტალინური სიები საქართველოდან" საქართველოში პირველი ელექტრონულ მონაცემთა ბაზაა, რომელიც 1937-38 წლების რეპრესიების მსხვერპლთა შესახებ მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს შეიცავს. პროექტი, რომელიც „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საერთაშორისო საზოგადოება "მემორიალთან" თანამშრომლობით განახორციელა, სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდისა და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარებული ამ სამწლიანი შრომის შედეგი კი საზოგადოებამ 8 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ პრეზენტაციაზე იხილა. ეროვნული ბიბლიოთეკის ვებსაიტზე „სტალინური სიები საქართველოდან“ - სულ 3600 რეპრესირებულის თავგადასავალი - ახლა ყველასათვის ხელმისაწვდომია.

სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილით დასჯა. დახვრეტა. - სტალინისა და პოლიტბიუროს წევრების ხელმოწერით დადასტურებული ეს განაჩენი ახლავს დოკუმენტებს, რომლებიც ამ დრომდე საზოგადოების დიდი ნაწილისათვის ხელმიუწვდომელი იყო. საქართველოდან გადასახლებული და გამქრალი 3 600 ადამიანის ამბავი, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ მათი ოჯახის წევრების, მათი შთამომავლების ტკივილად რჩებოდა. დღეს კი ეს სახელები, მათი ძველი ფოტოები, განაჩენის ამსახველი გაცრეცილი საარქივო დოკუმენტები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზშია გამოფენილი, მათი დაბადების თარიღისა და ადგილის, ოჯახური მდგომარეობის, სოციალური წარმომავლობის, გასამართლების ამბავი კი ეროვნული ბიბლიოთეკის ვებსაიტზე აიტვირთა და დაერქვა „სტალინური სიები საქართველოდან“.

ერთი მაგალითი:

ღამბაშიძე ლევან ესტატეს ძე.

1938 წლის 3 იანვრის სია, ხელმოწერა: ჟდანოვი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი, ვოროშილოვი

დაბადების თარიღი: 1900 წ.
ეროვნება: ქართველი
ოჯახური მდგ.: ცოლშვილიანი
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი, საქართველო
საცხოვრ. ადგილი:
განათლება: უმაღლესი
სოც. წარმომავლობა: აზნაური
პარტიულობა: უპარტიო
სამუშაო ადგილი: საქვაჭრობის დამზადების კანტორის ინჟინერი
ნასამართლობა: ორჯერ იყო დაპატიმრებული საქ. სსრ შინ. სახ. კომ.- ის ორგანოების მიერ ანტისაბჭოთა საქმიანობისა და საქ. საკონსერვო წარმოებაში მოქმედ კ/რ ორგანიზაციაში მონაწილეობისთვის.
განყოფილება: შინსახკომის მე-3 განყოფილება
გაასამართლა: შინსახკომის სამეული
მომხსენებელი:
მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
ბრალად ედება: რომ იყო წევრი მემარჯვენე კ/რ ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური და ჯაშუშური ორგანიზაციისა, რომელიც მოქმედებდა საქ. საკონსერვო წარმოებაში და რომელიც ამზადებდა ტერორისტულ აქტს საბჭოთა მთავრობისა და პარტიის ხელმძღვანელების წინააღმდეგ. ორგანიზაციაში გადაიბირა 1931 წელს „ქართული ნაციონალური ცენტრის“ აქტიურმა წევრმა შ. ცქიტიშვილმა. ამ ორგანიზაციის დავალებით ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას ერთ-ერთი უცხოური დაზვერვის სასარგებლოდ და ამ საქმიანობით დაკავშირებული იყო ორგანიზაციის ერთ-ერთ წევრ რამთან. გადასცემდა ინფორმაციას ქართული ინტელიგენციისა და სტუდენტების, აგრეთვე კახელი გლეხების წრეებში არსებული განწყობილებების შესახებ. ორგანიზაციიდან იღებდა დირექტივებს და ეწეოდა მავნებლურ-დივერსიულ საქმიანობას საკონსერვო წარმოებაში, დეზორგანიზაციისა და საბჭოთა მეურნეობებში სამშენებლო სამუშაოების ჩაშლის გზით.
მუხლი:
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი:
სხდომის თარიღი: 12/25/1937
დახვრეტის თარიღი: 12/26/1937
რეაბილიტაცია:

სტალინური სიები
please wait

No media source currently available

0:00 0:01:50 0:00

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ ჰაინრიხ ბიოლის ფონდისა და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებულ ამავე სახელწოდების პროექტზე სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. საქართველოდან გადასახლებული, დახვრეტილი და გაუჩინარებული 3 600-კაციანი სია ახლა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ მონაცემთა ბაზის ნაწილია. ეს არის უამრავი საარქივო მასალიდან ამოკრეფილი და დამუშავებული ამბები ადამიანებისა, რომელთა კრებითი სახელიცაა - რეპრესირებულები. 8 ოქტომბერს ეროვნულ ბიბლოთეკაში სწორედ ამ სიების პრეზენტაციაზე მრავალი დაინტერესებული ადამიანი მივიდა. მათ შორის იყვნენ ამ სიებში მყოფი ხალხის შთამომავლებიც.

რომ არა ასობით სისხლის სამართლის საქმის გაცნობა, საარქივო დოკუმენტების დამუშავება, სტალინის რეჟიმის მსხვერპლთა ოჯახების დახმარება, ამბობს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი გიორგი კლდიაშვილი, ალბათ, ამ ხალხის ბიოგრაფიების მოგროვება ვერ მოხერხდებოდა. დღემდე ცნობილი არ არის არათუ სტალინური სიებით დახვრეტილი 3 600 ადამიანის საფლავი, არამედ ასევე უცნობია 21 000 რეპრესირებული პირის ადგილსამყოფელი, რომლებიც 1937-1938 წლებს ემსხვერპლნენ საქართველოდან. გიორგი კლდიაშვილი ამ სიებზე მუშაობის პროცესს იხსენებს:

„ჩვენ მართლა ნულიდან დავიწყეთ. მხოლოდ სიები გვქონდა - სახელი, გვარი და მამის სახელი - და სწორედ ამ საწყის ინფორმაციაზე აეგო მთელი საინფორმაციო ბაზა. ორ ენაზე, ქართულად და რუსულად, 1200 გვერდს მოიცავს. ამით დაიწყო, მაგრამ ამით არ დასრულებულა ეს საქმე, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ვაგრძელებთ შევსებას ამ მონაცემების და გვინდა უფრო წარმატებულად დავასრულოთ ეს საქმე, რასაც რეპრესიების შესწავლა ჰქვია“.

​რეპრესირებულთა შესახებ მოგროვილი და დამუშავებული ინფორმაცია დისკის სახითაც გამოიცა და მალე მისი შევსებული ვერსია წიგნადაც დაისტამბება, სადაც სწორედ საარქივო დოკუმენტებიდან ამოღებული ინფორმაციის საფუძველზე დაწერილ ბიოგრაფიებს წაიკითხავთ.

„პატარა ნაბიჯი იმისთვის, რომ ხვალ იგივე არ განმეორდეს“ - ასე შეაფასა ამავე დარბაზში ეს პროექტი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ლევან ბერძენიშვილმა:

„ჩვენ, ვისაც ოდნავ მაინც გვახსოვს, რას ნიშნავს სიცივეში რომ დაგაყენებენ და ცხვრებივით დაგითვლიან, ის რა გრძნობაა, იმ სიბნელესა და უიმედობაში ყოფნა რას ნიშნავს, ის კარგად მიხვდება ამ სიების უკან ვინც დგას, მისთვის ამას რამოდენა მნიშვნელოაბ აქვს. ნახეთ ეს ბაზა, ყველაზე ხშირი გვარებით დაიწყეთ. ნახეთ, რა საშინელი გრძნობაა, როცა წაიკითხავთ - ბერიძე ნიკოლოზი, დახვრეტილი, სტალინი. ბრალდება დენიკინთან კავშირი და ა.შ. უამრავ რამეს ნახავთ, რომლის დავიწყება არის გარანტირებული პასუხი იმაზე, რომ საზოგადოება არასწორი გზით მიდის“.

მაინც რატომ არის მნიშვნელოვანი, არასოდეს დავივიწყოთ ისტორიის სწორედ ეს მონაკვეთი? - ვკითხეთ ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს დირექტორს, ნინო ლეჟავას, მით უმეტეს, რომ ბიოლის ფონდს საბჭოთა პერიოდის კვლევის სხვა არაერთი პროექტისთვის დაუჭერია მხარი:

„ისტორია ხომ იმისთვისაა, რომ გავიაზროთ, ვიცოდეთ, რა გამოცდილება გვაქვს, რას ინახავს ერის მეხსიერება და რა მოტივაციით აგრძელებს დღევანდელი საზოგადოება ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნას. სწორედ ეს არის ჩვენთვის, როგორც გერმანული პოლიტიკური ფონდისთვის, მნიშვნელოვანი, რადგან, როგორც ცნობილია, გერმანიას აქვს ტრადიცია საკუთარი წარსულის, მეოცე საუკუნის წარსულის გააზრებისა - ეს არის ნაცისტური სახელმწიფოს დროს მომხდარი მოვლენების გააზრება და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში მომხდარი დანაშაულების გამორკვევა, ფიქსაცია. ამას გერმანულად ჰქვია „Aufarbeitung”.

საინტერესოა, რომ ეს გერმანული სიტყვა, როგორც ნინო ლეჟავა გვეუბნება, ქართველი გერმანისტებისათვის საკმაოდ ძნელად სათარგმნი აღმოჩნდა. შესაძლოა, სწორედ ტრადიციის უქონლობის გამო ვერ მოიძებნა ზუსტი ტერმინი:

„„Aufarbeitung” ნიშნავს დამუშავებას, გადამუშავებას, გააზრებას - ყველა ამ სიტყვას ერთად - და აღნიშნავს ისტორიისადმი მოპყრობის კულტურას. თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენ ის ცოდნა, ის მეხსიერება, რომელიც შენახულია ოჯახებში, ადამიანების ბიოგრაფიებში, არქივებში, დოკუმენტებსა თუ წიგნებში“.

რეპრესირებული ისაკ კალანდარიშვილის შვილიშვილის, ლევან კალანდარიშვილისათვის ყველაფერი ძველი საქაღალდის პოვნით დაიწყო - საქაღალდეში ბაბუის რეაბილიტაციის დოკუმენტები იდო. მას მერე რეპრესირებული წინაპრის ამბავს ლევან კალანდარიშვილი დიდხანს იკვლევდა:

„თავისთავად საინტერესო იყო, რადგან ბევრი რამ გავიგე უფრო შორეული წინაპრების შესახებ, თუ როდის და სად იყვნენ დაბადებულები. ძალიან დამაინტერესა ამ საკითხმა და დიდხანს ვიძიე კიდეც. რეაბილიტაციის დოკუმენტებში ძალიან მოკლე ცნობები იდო. მაგალითად, იქ ეწერა, რომ ბაბუაჩემი რეაბილიტირებული იყო „ბრალის დაუმტკიცებლობის მიზეზით“. ამიტომ, როცა არქივები გაიხსნა, მივაკითხე და უფრო მეტი შევიტყვე - რატომ გაასამართლეს, რა იყო ამის საფუძველი, ვინ გაასამართლა და ა.შ. სხვათა შორის, სწორედ ამ დოკუმენტებიდან შევიტყვე, მამაჩემის ზუსტი ასაკიც. იქ ეწერა, როგორ მივიდნენ ოზურგეთში ღამით სახლში, სადაც დახვდათ ხუთი წლის მამიდაჩემი, მარგალიტა, და ერთ წლის შოთა, ანუ მამაჩემი“...

მოგვიანებით, მეტი ინფორმაციის მოძიების შემდეგ, ამ დოკუმენტებში ლევან კალანდარიშვილმა ის ბრალდებაც ამოიკითხა, რომელიც მის ბაბუას წაუყენეს. იქ ეწერა, რომ ბაქოს ჰოსპიტალში შეიქმნა კონტრრევოლუციური ჯგუფი, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა და რომ ის მიესალმებოდა გერმანელების გამარჯვებებს მსოფლიო ომის ფრონტებზე...

ისიც უნდა ვთქვათ, რომ საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის მსხვერპლთა ხსოვნის შესანარჩუნებლად და რეპრესირებულ ოჯახთა ისტორიების აღსადგენად რეპრესირებულთა საერთო მონაცემთა ბაზაზე მუშაობა პირველად საერთაშორისო საზოგადოება “მემორიალმა” 1998 წელს დაიწყო. ეს ბაზა, სახელწოდებით “საბჭოთა პოლიტიკური ტერორის მსხვერპლნი”, დღეისათვის უკვე შეიცავს 1 300 000-ზე მეტი ადამიანის მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს. „მემორიალის“ წევრი ილამაზ მიწიშვილი, რეპრესირებული მწერლის ნიკოლო მიწიშვილის შვილი, აცხადებს, რომ დღემდე არ არსებობს დაზუსტებული მონაცემები, თუ რამდენი ქართველი იყო რეპრესირებული იმ წლებში:

„ეს მონაცემები, სხვადასხვა მიზეზების გამო, არ ასებობს. არც დახვრეტილთა ზუსტი მონაცემებია ცნობილი. იყო ასეთი კაცი, მოროზოვი, სამეულის მდივანი, რომელიც ამბობს, ჩემი სამეულის მდივნად მუშაობის დროსო, ჩვენს ხელში გაიარა 30 000-მა საქმემ, საიდანაც 10 000-ზე მეტი დახვრეტის განაჩენი იყო გამოტანილი. თუმცა ამ მონაცემებს, ამ 3 600 ადამიანის ამბავს, წყალი არ გაუვა, რადგან დოკუმენტებზე დაყრდნობით შეგროვდა და დადგინდა“.

ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული მისამართზე, ყველას შეუძლია საკუთარი წინაპრის შესახებ მეტი ინფორმაცია მოიძიოს. და არა მხოლოდ მათ, დიდი ტერორის წლების ამბების გაგება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ამ ისტორიის დავიწყება არ სურს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG