Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მცირე და მიკრობიზნესის განვითარების პერსპექტივები


"სტარტაპ უიკენდი" თბილისში. მარცხნიდან ცენტრში: "ლიბერთი ბანკის" ხელმძღვანელი ლადო გურგენიძე.
"სტარტაპ უიკენდი" თბილისში. მარცხნიდან ცენტრში: "ლიბერთი ბანკის" ხელმძღვანელი ლადო გურგენიძე.
საქართველოში ხშირად ლაპარაკობენ მცირე და მიკრობიზნესის ხელშეწყობისა და განვითარების შესახებ, მოითხოვენ ფინანსურ თუ სხვა სახის დახმარებას. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებულია სხვადასხვა სახის საგადასახადო შეღავათები, არსებობს ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტები, გამონაკლისების გარდა, მცირე ბიზნესის განვითარება კვლავაც ჩანასახის სტადიაზე რჩება. რა პერსპექტივები გააჩნია საქართველოში მცირე და მიკრო იზნესის განვითარებას?

საქართველოში მცირე და მიკრომეწარმეობის განვითარების მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად დაფინანსების უქონლობა სახელდება. კომერციული ბანკები ამ დრომდე უარს ამბობდნენ იდეის დონეზე არსებული ბიზნესის, ე.წ. ”სტარტაპის” დაფინანსებაზე. არც სახელმწიფოს გააჩნია რაიმე პროექტი, რომელიც დამწყებ მეწარმეს დაეხმარებოდა. ეს მდგომარეობა გაითვალისწინა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და წამოიწყო პროექტი ”მიკრომეწარმოება, როგორც სიღარიბესთან ბრძოლის საშუალება”, პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის საფუძველზე მოამზადა ანგარიში და რეკომენდაციები. პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, ორგანიზაცია ”სათემო განვითარების ცენტრის” წარმომადგენელი ანა მარგველაშვილი ამბობს, რომ კვლევის შედეგები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა:

”ამ კვლევამ საკმაოდ პოზიტიური შედეგები აჩვენა კონკრეტული ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მხრივ და ვფიქრობ, რომ ეს ჩვენნაირი ქვეყნისთვის, სადაც უმუშევრობა და სიღარიბე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ერთ-ერთი საშუალება პრობლემებთან ბრძოლის”.

იყო ძალიან მცირე თანხა, მაგრამ ეს იყო პირველი ნაბიჯი იმისათვის, რომ შემდეგი, უფრო რთული ნაბიჯი გადამედგა...
თამარ ყალაბეგაშვილი
ანა მარგველაშვილი იმ ადამიანებზე ლაპარაკობს, რომლებმაც პროექტის ფარგლებში ბიზნესის დასაწყებად მცირე გრანტები მიიღეს. მათ შორის არის თამარ ყალაბეგაშვილი, რომელიც მეუღლესა და შვილთან ერთად სოფელ ნუკრიანში ცხოვრობს. პროფესიით ფილოლოგს, უმუშევარ ახალგაზრდა ქალს, 2007 წლიდან ეთნოგრაფიული ეზოს მოწყობის იდეა გაუჩნდა. ამის მიზეზი კი მეზობელი სიღნაღის რეაბილიტაცია გახდა, რომელმაც რეგიონში ბიძგი მისცა ტურიზმის განვითარებას. სათემო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ სარეკლამო ვიდეორგოლში ის ამბობს, რომ ბიზნესის დაწყებას უფულობის გამო ვერ ახერხებდა. მცირე გრანტმა მას იდეის ხორცშესხმის საშუალება მისცა:

თამარ ყალაბეგაშვილის ეთნოგრაფიული ეზო.
თამარ ყალაბეგაშვილის ეთნოგრაფიული ეზო.
”იყო ძალიან მცირე თანხა, მაგრამ ეს იყო პირველი ნაბიჯი იმისათვის, რომ შემდეგი, უფრო რთული ნაბიჯი გადამედგა. ყველაზე მთავარი რაც არის, ამ პროექტმა შემაძლებინა კრედიტი გამომეტანა ბანკიდან“...

თამარ ყალაბეგაშვილის მსგავსად, მიკრობიზნესის წამოწყება სათემო ორგანიზაციების გრანტების მეშვეობით რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ შეძლო. მათი წარმატების საიდუმლო, ფულადი დახმარების გარდა, ტრენინგების მეშვეობით მიღებული უნარ-ჩვევებია. სწორედ ამის აუცილებლობის შესახებ საუბრობს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის წარმომადგენელი ირინა ხანთაძე:

”მას შემდეგ, რაც ისინი ფულს იღებენ და იწყებენ საქმიანობას, ჩვენი მიდგომა გულისხმობს შემდეგ კონსულტირებას. ჩვენ არ ვტოვებთ მათ, რადგან, თუ მივატოვეთ, შეიძლება პირველივე ბარიერის შეხვედრისას ხელები ჩამოყარონ”.

თუ სახელმწიფო აიღებს რისკებს, მაშინ სახელმწიფო მზად უნდა იყოს აღმოჩნდეს იმ დაზარალებული ბანკის თუ მტრად გადაქცეული მეგობრის როლში, რომელმაც ფული გაასესხა და შემდეგ ფულს ვეღარ იბრუნებს...
თემურ იობაშვილი
ირინა ხანთაძე და სხვა მონაწილენიც პროექტისა ”მიკრომეწარმოება, როგორც სიღარიბესთან ბრძოლის საშუალება”, მთავრობას სთავაზობენ, მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშემწყობი პროექტების წამოწყებისას, მათი გამოცდილება და კვლევის შედეგები გაითვალისწინონ.

როგორც ცნობილია, ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ როგორც მცირე ბიზნესის ხელშეწყობის, ასევე საწყისი კაპიტალის გაცემის აუცილებლობის შესახებ. ჟურნალ ”ბიზნესი და მენეჯმენტის” რედაქტორი, ეკონომისტი თემურ იობაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ ბიზნესის დაწყების დაფინანსება საკმაოდ სარისკო საქმეა:

”თუ სახელმწიფო აიღებს რისკებს, მაშინ სახელმწიფო მზად უნდა იყოს აღმოჩნდეს იმ დაზარალებული ბანკის თუ მტრად გადაქცეული მეგობრის როლში, რომელმაც ფული გაასესხა და შემდეგ ფულს ვეღარ იბრუნებს. აქედან გამომდინარე, თუ ქველმოქმედებაზეა საუბარი, მაშინ სახელმწიფომ ქველმოქმედება ყველასთვის უნდა გასწიოს, მაგრამ კომერციულ პროექტებს უმჯობესია შეეშვას”.

თემურ იობაშვილის აზრით, სახელმწიფომ თანაბარი პირობები უნდა შეუქმნას ყველას, რაც ბიზნესს ბუნებრივი განვითარების საშუალებას მისცემს - მით უმეტეს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის ეგიდით საბიუჯეტო სახსრების უშედეგო ხარჯვის რამდენიმე მაგალითი უკვე არსებობს, ”იაფი კრედიტისა” თუ მოსახლეობის დასაქმების სხვადასხვა პროექტის სახით.

"სტარტაპ უიკენდი" თბილისში.
"სტარტაპ უიკენდი" თბილისში.
მიკრო და მცირე ბიზნესის წამოწყების დაფინანსება ბუნებრივი გზით რომ შესაძლებელია, ამის დასტურად გასულ კვირაში დასრულებული ე.წ. ”სტარტაპ უიკენდი” იქცა. ”ლიბერთი ბანკისა” და ”სმარტექსის” ინიციატივით, ასევე ”თავისუფალი უნივერსიტეტის” მხარდაჭერით, გლობალური პროექტის ”სტარტაპუიკენდ ორგის” ფარგლებში, საინტერესო იდეების კონკურსი გაიმართა. ამით სტუდენტებს და ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული იდეების რეალიზებისთვის დაფინანსება მიეღოთ. ”ლიბერთი ბანკის” ხელმძღვანელმა ლადო გურგენიძემ ტელეკომპანია ”ჯი-დი-ესს” განუცხადა, რომ იდეის ბევრ ავტორთან თანამშრომლობას გააგრძელებს:

”ის პროექტები, სადაც დემო ან პროტოტიპი უკვე შექმნილი იქნება დღე-ნახევარში თუ ორ დღეში, მნიშვნელოვანი იქნება ჟიურის მიერ შეფასებისას. ძალიან მნიშვნელოვანია რეალიზმი. პროექტი რეალისტური უნდა იყოს იმ კუთხით, რომ კომერციულ მოგებაზე გავიდეს იმ მოცემულობის პირობებში, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს საქართველოში”.

”სტარტაპ უიკენდის” ჟიურიმ, ნაცვლად ერთისა, ორი გამარჯვებული გამოავლინა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონკურსში. ასევე ”ლიბერთი ბანკმა” და მისმა შვილობილმა კომპანია ”სმარტექსმა” ათი სტარტაპ პროექტიდან, სავარაუდოდ, რვის დაფინანსებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს - მით უმეტეს, რომ მათ უკვე აქვთ მსგავსი გამოცდილება. ბოლო სამიოდე წლის მანძილზე ”სმარტექსმა” საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში 14 დამწყები ბიზნესი დააფინანსა და განავითარა.
XS
SM
MD
LG