Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არ ცნობს რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებას


ჯეფ რათკე
ჯეფ რათკე

“აფხაზეთთან და სამხრეთ-ოსეთთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია უცვლელია: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და აშშ აგრძელებს საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას,”-განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯეფ რათკემ.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობს აფხაზეთის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციას შორის ეგრედწოდებული “ხელშეკრულების” კანონიერებას და კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის-შეწყვეტის ხელშეკრულებისას აღებული ყველა ვალდებულება, გაიყვანოს მისი ჯარები კონფლიქტამდე დაკავებულ პოზიციებზე, უარყოს აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და დაუშვას ამ რეგიონებში ჰუმანიტარულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა.

ბოლო განცხადებაში, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო უწყება ხელახლა უდასტურებს მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატს, “როგორც საქართველოში, მოსახლეობის წინაშე დღესდღეობით მდგარი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებში კონკრეტული პროგრესის მიღწევის საშუალებას.”

შეგახსენებთ, რომ 24 ნოემბერს, ქალაქ სოჭში, რუსეთისა და თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ლიდერებმა ხელი მოაწერეს “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას.” ამ შეთანხმების ხელმოწერისთანავე, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ აღნიშნული შეთანხმების რეალიზაციისთვის, 2015 წელს 5 მილიარდ რუსულ რუბლს გამოუყოფს აფხაზეთს. რუსული მედიის ცნობით, რუსეთის დახმარება აფხაზეთისადმი წინა წლებთან შედარებით გაორმაგდება.

24 ნოემბერსვე, საართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულება არის საქართველოს ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი.

ამავე თემაზე, დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი მისთვის შემაშფოთებელია. მან გამოთქვა მწუხარება, რომ რუსეთმა ამგვარი ნაბიჯით უპასუხა საქართველოს მიერ წარმართულ კონსტრუქციულ პოლიტიკას.

XS
SM
MD
LG