Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტი - საქართველოში ადამიანის უფლებებზე


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებების შესახებ 2014 წლის ანგარიში, რომელშიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოცაა შესული და გასულ წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობას ასახავს. ძალადობა ოჯახში, პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა, სიძულვილის ენით გამოხატული არატოლერანტული მიდგომა ქვეყანაში მცხოვრები უმცირესობების მიმართ, ხარვეზები სასამართლო სისტემაში, დაუსრულებელი გამოძიებები და წინასწარი დაკავებების არაერთი ფაქტი - ეს მხოლოდ ნაწილია ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით არსებული პრობლემებისა, რომლებიც,დოკუმენტის თანახმად, 2014 წელს საქართველოში დაფიქსირდა.

მსოფლიოში 2014 წელს ადამიანის უფლებების ამსახველ ანგარიშში, რომელსაც, ტრადიციულად, აშშ-ი სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს, საქართველოს წელს 65 გვერდი დაეთმო - პატიმრების უფლებები და მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, პოლიტიკური საფუძვლის მქონე დაკავების ფაქტები, ძალადობა ოჯახში და ძალადობა ქალთა მიმართ, უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა, იძულებით გადაადგილებული პირები, გამოხატვის თავისუფლება - საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის, ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშებზე დაყრდნობით, სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში საქართველოში 2014 წელს დაგროვილ მთავარ პრობლემებს ჩამოთვლის.

დოკუმენტშინათქვამია, რომ, მიუხედავად 2012 წლის შემდგომ მიღწეული პროგრესისა, რაც ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემცირებას გულისხმობს, პენიტენციარული სისტემა კვლავაც არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ აღნუსხულია დაკავების მომენტში ადამიანების ცემისა და შეურაცხყოფის არაერთი ფაქტი. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ახლად აშენებული საპყრობილეები საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს, მაგრამ საქართველოში დღემდე რჩება ისეთი ციხეები, სადაც არსებული პირობები არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება, არ არის სათანადო ვენტილაცია, რაც საშიშია პატიმართა ჯანმრთელობისათვის.

დეკემბრის მონაცემებით, 2012 წლის შემდეგ მთავრობამ 45 საშუალო და მაღალი დონის ყოფილ მაღალჩინოსანს, მათ შორის, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ოპოზიციური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს, შს ყოფილ მინისტრს და ექს-პრემიერ ივანე "ვანო"მერაბიშვილს, შს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩანა "ბაჩო" ახალაიას ბრალი წაუყენა...

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს 26 ივნისს გამოეხმაურა უჩა ნანუაშვილიც, რომელმაც თქვა, რომ იქ მოყვანილი მაგალითები, არსებითად, სავსებით ემთხვევა ომბუდსმენის ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს.

ადამიანის უფლებების შესახებ 2014 წლის ანგარიშში საუბარია პოლიტიკურ საფუძველზედაკავების ფაქტებზეც:

"დეკემბრის მონაცემებით, 2012 წლის შემდეგ მთავრობამ 45 საშუალო და მაღალი დონის ყოფილ მაღალჩინოსანს, მათ შორის, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ოპოზიციური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს, შს ყოფილ მინისტრს და ექს-პრემიერ ივანე "ვანო"მერაბიშვილს, შს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩანა "ბაჩო" ახალაიას ბრალი წაუყენა ისეთ დანაშაულებში, როგორიცააა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, სახელმწიფო თანხების მითვისება, ფულის გათეთრება, გამოძალვა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება".

საპარლამენტო ოპოზიციის წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ საქართველო ამ ანგარიშში ვერ გამოირჩა უკეთესი შედეგებით.

ანგარიშში მოხვდა თავდაცვის სამინისტროს მაღლჩინოსნების დაკავებისა და თავდაცვის მინისტრობიდან ირაკლი ალასანიას გათავისუფლების ფაქტი, ასევე გახმაურებული „კაბელების საქმე“. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის ალექსი პეტრიაშვილის თქმით, ანგარიში დასტურია იმისა, რომ მხოლოდ ერთი რომელიმე ოპოზიციური პარტია არ აკრიტიკებს საქართველოს მთავრობას.

ანგარიშის მიხედვით, 2014 წლის ბოლოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს მონაცემებით, პატიმართა რაოდენობა 10 372-ს შეადგენდა, მაშინ როცა მათი რიცხვი 2013 წელს 8 931 იყო, 2012 წელს კი - 19 349.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში შენარჩუნებულია, თუმცა ძალადობა ორივე ტერიტორიაზე გრძელდება. რუსი სასაზღვრო დაცვის წევრები ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებას უზღუდავენ...

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "თებერვალში ასობით პატიმარმა დასავლეთ საქართველოში მდებარე გეგუთის ციხეში შიმშილობა გამოაცხადა. მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ზოგიერთმა პატიმარმა საკუთარი თავი დაიზიანა ბადრაგების მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტების გაპროტესტების მიზნით". იქვე ნათქვამია, რომ სახალხო დამცველმა შესაბამის უწყებებს მოუწოდა აღნიშნული საქმის გამოძიებისკენ, თუმცა, ნოემბრის მონაცემებით, გამოძიება ჯერ კიდევარ იყო დაწყებული.

ანგარიშში ცალკეა საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე. დოკუმენტის თანახმად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობები ცენტრალური მთავრობის კონტროლს მიღმა რჩებიან, მათ კი მხარს უჭერს ათასობით რუსი სამხედრო, რომლებიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რჩებიან. დე ფაქტო მთავრობები განაგრძობენ ეთნიკური ქართველების უფლებების შეზღუდვას, ხმის მიცემის უფლებისა და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მხრივ, ასევე, ქონების ფლობის, ბიზნესის დარეგისტრირებისა და გადაადგილების თვალსაზრისით.

"ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში შენარჩუნებულია, თუმცა ძალადობა ორივე ტერიტორიაზე გრძელდება. რუსი სასაზღვრო დაცვის წევრები ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებას უზღუდავენ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული ვითარების შესახებ მცირე ოფიციალური ინფორმაცია არსებობს იმის გამო, რომ აღნიშნულ რეგიონებში შესვლა შეზღუდულია", - წერია ანგარიშში.
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ომების შედეგად 282 130 იძულებით გადაადგილებული პირი - ასეთია სტატისტიკა, რომელსაც ლტოლვილების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის განმავლობაში აქტიურად გრძელდებოდა მათი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პროცესი, ათასობით დევნილი დღემდე ცხოვრობს შენობებში, რომლებიც დანგრევის პირასაა.

საპარლამენტო უმრავლესობაში კანონის უზენაესობის დაცვას უწოდებენ იმას, რაც ანგარიშში პოლიტიკური დევნის ნიშნით მოხვდა. განცხადება ამის თაობაზე მედიასთან ანი მიროტაძემ გააკეთა.

ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტზე დაყრდნობით, სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ საქართველოს საჯარო უწყებებმა მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს საჯარო ინფორმაციის გაცემის მხრივ. 2013 წლის მაისის ანგარიშის თანახმად, 493 მოთხოვნიდან 444-ზე პასუხი მიიღეს, თუმცა იქვეა ჩამოთვლილი შედარებით „ჩაკეტილი“ უწყებების სიაც.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს მთავრობამ ვერ შექმნა შრომის ინსპექცია, როგორც ეს 2013 წელს მიღებულმა შრომის კოდექსმა განსაზღვრა.

ანგარიშში საგანგებო ადგილი ეთმობა ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებს და ნათქვამია, რომ ოჯახში ძალადობა საქართველოში სერიოზული პრობლემაა. ამის დასტურია ოჯახში ძალადობის მუხლით აღძრული 636 საქმე. ანგარიშში საუბარია სექსუალური ძალადობის ფაქტებზე, ნაადრევი ქორწინების შემთხვევებზე, ბავშვთა მიმართ ძალადობაზე, ასევე შშმ პირების მიმართ არასათანადო მოპყრობასა და მათი უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებას ამახვილებს საზოგადოებაში არსებულ ჰომოფობიურ განწყობებზე და მაგალითად მოჰყავს ის ფაქტი, რომ 2014 წელს 17 მაისი, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე, მუქარის გამო არ აღნიშნულა.

ადამიანებს ჰქონდათ ხელისუფლების თავისუფლად კრიტიკისა და საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, წერს სახელმწიფი დეპარტამენტი - თავისუფალი მედია იყო აქტიური და მრავალფეროვანი. თუმცა ანგარიშში ასევე მოხსენიებულია მთავრობის მხრიდან ჟურნალისტების კრიტიკისა და სიტყვიერი დაპირისპირების რამდენიმე ცნობილი ფაქტიც. დოკუმენტში წერია, რომ ტელევიზია კვლავაც რჩება დომინანტ საინფორმაციო საშუალებად, მათგან მთავარი მაუწყებლები - პოლიტიკურად მიკერძოებულ არხებად, თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ ეს არ არის ისე მკვეთრად გამოხატული, როგორც წინა წლებში იყო.

პოლიციის მხრიდან ჟურნალისტების ცემისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები ანგარიშში არ მოხვედრილა. დოკუმენტში შევიდა ტელეკომპანია „მაესტროდან“ ჟურნალისტების წამოსვლის, ასევე „რუსთავი 2“-ში სათვალთვალო კამერების დამონტაჟების ამბავიც.

რადიო თავისუფლებამ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შეფასება ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორს ეკა ჭითანავასაც სთხოვა. მისი განცხადებით, განსაკუთრებით მწვავეა რელიგიური შეუწყნარებლობის ნაწილი, რაც, ალბათ, იმით უნდა აიხსნას, რომ დღემდე შესაბამის ორგანოებს რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დანაშაულები არ გამოუძიებიათ.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG