Accessibility links

logo-print
1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა სახელმწიფო დაზღვევის ახალი პროგრამა, რომლის მიხედვითაც უფასო სადაზღვევო პოლისით ისარგებლებენ ასაკით პენსიონერები, 0-დან 5 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვები, სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. ექსპერტები აცხადებენ, რომ სახელმწიფომ ბავშვების და მოხუცების დაზღვევით, ერთი მხრივ, საკუთარ თავზე აიღო ყველაზე მაღალი რისკჯგუფის დაზღვევის პასუხისმგებლობა და, ამასთანავე, წინასაარჩევნო ქულებიც ჩაიწერა. შეიძლება თუ არა ახალი სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება არჩევნებამდე ერთი თვით ადრე შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება - იარაღი, რომლის დახმარებითაც მმართველი ძალა მილიონი დაზღვეული ადამიანის ხმას მიიღებს?

1 სექტემბერს დაზღვევის სახელმწიფი პროგრამის ამოქმედებას წინ უძღოდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართული თათბირი, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ 1-ელი სექტემბრიდან მკვეთრად გაიზრდება სამედიცინო ცენტრებში პაციენტების მიმართვიანობა და კლინიკებს მიაკითხავს ბევრი ისეთი ადამიანი, ვინც მძიმე სოციალური პირობების გამო ექიმთან 10-15 წელია არ ყოფილა, და რომ კლინიკები და სადაზღვევო კომპანიები აღნიშნულ გამოწვევას მომზადებულები უნდა შეხვდნენ.

1 სექტემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე კი ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ სამინისტრომ 440 მონიტორი გადაამზადა, რომლებიც ხელს შეუწყობენ კლინიკებში რიგების მართვას, ახლად დაზღვეულებს კი პოლისის გამოყენების წესებს განუმარტავენ. მინისტრის განცხადებით, სადაზღვევო პროგრამის ამოქმედების პირველ დღეს სადაზღვევო პოლისით უკვე 4000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ ეს სახელმწიფოსათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც დაზღვეულთა რიგებს მილიონამდე ადამიანი მიემატება. მთლიანობაში, ქვეყანაში დაზღვეულთა რაოდენობა ორ-ნახევარ მილიონს მიუახლოვდება, სახელმწიფოს ინვესტიცია კი, გიგი წერეთლის თქმით, დაახლოებით 200 მილიონი ლარია.

”ეს პაკეტი, რომლის ნომინალური ღირებულება 15 ლარია, რეალურად გაცილებით ძვირი ღირს. ინდივიდუალურად ეს შესაძლოა ათჯერ და თხუთმეტჯერ ძვირი იყოს”, - გვეუბნება გიგი წერეთელი.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო დაზღვევის 15 ლარიანი პაკეტი ითვალისწინებს: ულიმიტო გადაუდებელ ოპერაციებს; 20 პროცენტიანი თანადაფინანსებით, ნებისმიერ გეგმიურ ოპერაციას 15 000 ლარის ფარგლებში; 20 %-იანი თანადაფინანსებით, ქიმიურ თერაპიასა და სხივურ თერაპიას; ექიმის უფასო კონსულტაციას; ანაზღაურებს სისხლისა და შარდის ანალიზის საფასურს. მედიკამენტების ლიმიტი 200 ლარით არის განსაზღვრული და სახელმწიფო მათი ღირებულების 50%-ს ფარავს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი დაზღვევის საკითხებში თენგიზ ვერულავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ პენსიონერები და ბავშვები ყველაზე დიდ რისკჯგუფს მიეკუთვნებიან, რომელთა დაზღვევას სადაზღვევო კომპანიები, მოსალოდნელი დიდი ხარჯების გამო, როგორც წესი, თავს არიდებენ. სადაზღვევო კომპანიას ყოველთვის ურჩევნია შედარებით ჯანმრთელ ადამიანებს მოემსახუროს, ვისი ავად გახდომის რისკიც დაბალია. სწორედ ამიტომ არის, რომ განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის ამ კატეგორიას სახელმწიფო იცავს. ეს პროცესი ნელ-ნელა საქართველოშიც იწყება:

”აშშ-ც რომ ავიღოთ, როგორც ყველაზე ლიბერალური ქვეყანა, სადაც სავალდებულო დაზღვევა არ არსებობს და იქ არის ნებაყოფლობითი დაზღვევა, იქაც კი არსებობს სპეციალური პროგრამები - ”medicaid” და ”medicare” - უმწეოთა პროგრამა და პენსიონერთა დაზღვევის პროგრამა. ამიტომ იქაც სახელმწიფომ გადაწყვიტა, რადგან ასაკოვან ადამიანებს სადაზღვევო არ დააზღვევს, თავად აეღო საკუთარ თავზე ეს პასუხისმგებლობა და ვალდებულება, ასეთი მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები თავად დაეზღვია. ამიტომ, ვფიქრობ, ყველა სახელმწიფომ უნდა უპასუხოს თანამედროვე მსოფლიოს მოთხოვნებს და საკუთარ თავზე აიღოს ასეთი რისკჯგუფების დაზღვევის საკითხი.”

ანა გოგუას წლინახევრის ელენეს პოლიკლინიკაში მიყვანა დროგამოშვებით უწევს ხოლმე. ჯერჯერობით სერიოზული სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებიათ, თუმცა ამბობს, რომ ბავშვის ავად გახდომის შემთხვევაში ხარჯები არც ისე მცირეა. ფიქრობს, რომ ასე უფრო დაცული იქნება. გეგმავს, სადაზღვევო პოლისი უახლოეს დღეებში აიღოს.

ზოგადად დაზღვევის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე არავინ დაობს, თუმცა წინასაარჩევნოდ ხელისუფლების მიერ ასეთი მასშტაბური პროგრამის წამოწყება არაერთი მკვლევარის მიერ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად ფასდება. ასე ფიქრობს, მაგალითად, საარჩევნო საკითხების მკვლევარი ნინა ხატისკაცი:

”მე ვფიქრობ, რომ ამგვარი პროგრამის დაწყება ერთი თვით ადრე არჩევნებამდე, პროგრამის, რომელიც მართლაც დიდ სარგებელს მოუტანს ბევრ ადამიანს, შეიძლება პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს არის არა ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივი გამოყენება, უფრო დავაკონკრეტებდი, რომ ეს არის საბიუჯეტო, ფინანსური სახსრების საარჩევნო მოტივებით გამოყენება და ხელისუფლების სურვილი, რომ მოახდინოს გავლენა ამომრჩეველზე, რომლითაც ისარგებლებს მხოლოდ ერთი პარტია და ამით უფრო არათანაბარ პირობებს შეუქმნის მმართველ პარტიას ყველა სხვა პარტიებთან მიმართებით. ამგვარი მცდელობა ყველა ქვეყანაში შესაძლოა ჰქონდეს ხელისუფალს და ცდილობდეს კონკრეტული ადმინისტრაციული რესურსიც გამოიყენოს, მაგრამ ასეთი თვალსაჩინო და მასშტაბური გამოყენება იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლება საამისოდ ყველაფერს აკეთებს და მაქსიმალურად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსსაც.”

ხელისუფლება კი პასუხად ამბობს, რომ ეს სადაზღვევო პროგრამა სახელმწიფო პროგრამების მხოლოდ ერთი ნაწილია. ამ პროგამების განხორციელება კი დიდი ხნის წინ დაიწყო. გიგი წერეთელი არ იზიარებს ოპონენტების აზრს, რომ 15 ლარიანი დაზღვევა ხელისუფლების მიერ ერთი წლით ჩაფიქრებული წინასაარჩევნო პროექტია და მათი არგუმენტების სისუსტეზე მიუთითებს. გიგი წერეთელს რადიო თავისუფლებამ ჰკითხა, არის თუ არა ხელისუფლების ხელში არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ამ მასშტაბის სადაზღვევო პროგრამის წამოწყება ძლიერი იარაღი საარჩევნო ხმების მოსაგროვებლად. პარლამენტის ვიცე-სპიკერისგან ასეთი პასუხი მივიღეთ:

”ჩვენს ხელში არა, ეს არის ძლიერი იარაღი სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისთვის და იმ სარგებლისთვის, რომელიც ადამიანებმა უნდა მიიღონ.”
XS
SM
MD
LG