Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რექტორი კანონში ცვლილების შეტანამდე გადადგა


უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორობის კანდიდატი შეიძლება გახდეს პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი აკადემიური ხარისხი. განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები შეეხება ასევე ფაკულტეტის დეკანს. განათლების კანონში ცვლილების შესვლის შემდეგ უმაღლესი სასწავლებლების რექტორები თანამდებობას დატოვებენ, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას კი პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს განათლების მინისტრის წარდგინებით. განათლების სამინისტროში ირწმუნებიან, რომ სამინისტრო პრემიერს მოქმედ რექტორებს წარუდგენს დასამტკიცებლად, მოგვიანებით კი რექტორის არჩევნებზე უკვე უნივერსიტეტის ახალ ხემძღვანელს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აირჩევს.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი განათლების შესახებ კანონში ცვლილების განხორციელებას არ დაელოდა და თანამდებობა დატოვა. ის იყო განათლების შესახებ კანონში ცვლილების ერთ-ერთი მთავარი ოპონენტიც. განათლების შესახებ კანონში ცვლილების მიხედვით, ყველა უმაღლესი სასწავლებლის რექტორს და ფაკულტეტის დეკანს უმაღლესი აკადემიური ხარისხი უნდა ჰქონდეს. ამ ცვლილების განხილვას კი წინ უძღოდა ცვლილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ კანონში, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს სასწავლებლებს არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით შეეცვალათ. ცვლილებების მიხედვით, გარდამავალ ეტაპზე უნივერსიტეტების რექტორები მოვალეობის შემსრულებლებად ცხადდებიან და მათ, განათლების მინისტრის წარდგინებით, პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. როგორც განათლების სამინისტრო განმარტავს, შემოდგომაზე პარლამენტში შევა კიდევ ერთი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, რექტორის მოვალეობის შემსრულებელსაც უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აირჩევს.

ცვლილებების განხორციელებას არ დაელოდა და პროტესტის ნიშნად თავად დატოვა თანამდებობა ალექსანდრე კვიტაშვილმა, რომელსაც დოქტორის აკადემიური ხარისხი არ აქვს. შესაბამისად, მას უნივერსიტეტის რექტორად ხელახლა არჩევის შესაძლებლობა აღარ ექნებოდა. ისტორიკოს კვიტაშვილს მაგისტრის ხარისხი შეერთებულ შტატებში აქვს მიღებული. მისი სიტყვებით, ის ამით მთავრობას უნივერსიტეტის რექტორის დანიშვნაშიც შეუშლის ხელს:

„ჩემს გადადგომას ავტომატურად მოჰყვა ახალი რექტორის არჩევნების გამოცხადება, სადაც ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება გათვალისწინებული იმ ახალი კანონის, რომ უნდა ჰქონდეს დოქტორის ხარისხი. ამიტომ ყველა ახალ კანდიდატს უნდა ჰქონდეს დოქტორის ხარისხი, მაგრამ გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნება უნივერსიტეტის ხელმძღვანელი, მიიღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, არჩეული ინივერსიტეტის მიერ“.

რატომ უნდა დანიშნოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი პრემიერ-მინისტრმა და რა საჭიროა მსგავსი სიჩქარე? ასეთი შინაარსის კითხვებს სვამდნენ კანონპროექტის პირველი მოსმენისას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კანდელაკმა განათლების მინისტრის მოადგილეს თამარ სანიკიძეს მიმართა კითხვით, ილახება თუ არა მიღებული ცვლილებით უნივერსიტეტების ავტონომიურობა:

„გთხოვთ მოგვახსენოთ, სამინისტროს გადასახედიდან, სამინისტროს პოზიციიდან, რა არის უნივერსიტეტების ავტონომია და ამ ჭრილში ლახავს თუ არა უნივერსიტეტების ავტონომიას, თქვენი დეფინიციიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის მიერ რექტორების დანიშვნა“.

საპარლამენტო უმცირესობას განათლების მინისტრის მოადგილემ თამარ სანიკიძემ უპასუხა. მან გააკრიტიკა განათლების სფეროში ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ დეპუტატებს ისიც შეახსენა, რომ მაშინ უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს პრეზიდენტი ნიშნავდა, ახლა კი, გარდამავალ პერიოდში, ამას პრემიერ-მინისტრი გააკეთებს:

„ეს არის ის მოკლევადიანი ინტერვენცია, რომლის მიხედვითაც რეალურად უნდა მოვამზადოთ უნივერსიტეტები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები იმ ძირეული რეფორმისთვის, რომლისკენაც მივდივართ“.

განათლების სამინისტრო აპირებს შემოდგომაზე პარლამენტის წინაშე წარდგეს ახალი ინიციატივით, რომლის თანახმადაც, უნივერსიტეტს მეტი ავტონომია უნდა მიენიჭოს. ამ ინიციატივის არ სჯერათ ხელისუფლების ოპონენტებს და, მათ შორის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. მან პარლამენტს მოუწოდა სიფრთხილით მოეკიდოს ახალ ცვლილებებს, რომლებშიც ის საბჭოთა კორუმპირებული განათლების სისტემის რესტავრაციას ხედავს:

„არის დიდი ლობისტური ჯგუფები, რომელთაც ერთი სული აქვთ როდის შევლენ უკან საგანმანათლებლო სისტემაში, როდის დაეპატრონებიან მას და როდის გადააქცევენ მას ისევ ფულის მოჭრის საამქროებად“.

განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიორგი მაჩაბელი ამბობს, რომ უნივერსიტეტის რექტორი, როგორც უნივერსიტეტის ხელმძღვანელი, არის აკადემიური პერსონალის ხელმღვანელიც. ის არ არის მარტო მენეჯერი, ის აკადემიურ პროცესსაც წარმართავს უნივერსიტეტში და, ამდენად, ხარისხის ქონა მისთვის უპრიანი იქნება. შესაბამისად, რექტორისადმი წაყენებულ მოთხოვნებში გარკვეული დონის ხარისხის არსებობაც სავალდებულო უნდა იყოს, თუმცა განათლების კანონში სხვა ცვლილებებზე საუბრისას გიორგი მაჩაბელი გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურული რისკების არსებობას მაინც არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ცვლილებები სისტემის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიას არ ეყრდნობა. გიორგი მაჩაბელს უჩნდება კითხვა, რამდენად უწყობს ეს ხელს, ზოგადად, უმაღლეს სასწავლებლებში სისტემის სტაბილიზებას:
„საზოგადოება ზუსტად ვერ ხვდება და ვარაუდის დონეზე მსჯელობს ამ ცვლილების აუცილებლობაზე. ამიტომ მე ვთვლი, რომ ნაკლებად უწყობს ეს პროცესები სისტემის განვითარებას ხელს“.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG