Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიხსნა ჩერქეზთა კულტურის ცენტრი


ჩერქეზული კულტურის ცენტრის გახსნა
ჩერქეზული კულტურის ცენტრის გახსნა
თბილისში ჩერქეზული კულტურის ცენტრი გაიხსნა. აღნიშნული ინიციატივის შესახებ ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა ცნობილი. როგორც ცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ, მისი უმთავრესი მოვალეობა იქნება ჩერქეზებისა და სხვა კავკასიელ ხალხთა ისტორიისა და კულტურის კვლევა-ძიება და პოპულარიზაცია. ცენტრი კულტურის სამინისტროსთან იარსებებს. 16 თებერვალს ჩერქეზთა კულტურის ცენტრის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საზღვარგარეთ არსებული სხვადასხვა ჩერქეზული დიასპორების წარმომადგენლები და მკვლევარები.

იად იუგარი ჩერქეზთა საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელია. ის ჩერქეზული კულტურის ცენტრის გახსნის ცერემონიალზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოვიდა. მხოლოდ რამდენიმე სიტყვა იცის ჩერქეზულად. მისი წინაპრები რუსეთის იმპერიის პოლიტიკას შეეწირნენ. 1864 წელს ალექსანდრე მეორის ჯარმა ისინი საკუთარი სახლებიდან აყარა, ათასობით ჩერქეზთან ერთად თურქულ გემებში ჩასხა და ოსმალეთის იმპერიისკენ გზას გაუყენა. 300 ათასი ჩერქეზი მხოლოდ შიმშილისა და ავადმყოფობებისგან დაიღუპა:

”ეს ჩვენი დიასპორის აგონიაა. ვიღვიძებთ დილაობით და ვაცნობიერებთ, რომ დღითიდღე ვკარგავთ ენას, კულტურას”, - ამბობს იად იუგარი და ბებიასა და მის თვალებში ჩასახლებულ სევდას იხსენებს. დაღი, რომელიც ბებიას გადასახლებამ დაასვა, სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა, გვიყვება ის: ”ჩემს პაპა-ბებიას არასდროს ულაპარაკიათ სხვა ენაზე, ისინი მხოლოდ ჩერქეზულად საუბრობდნენ. ბებია დედის მხრიდან ხშირად ჰყვებოდა ხოლმე ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ მოუხდათ სამშობლოს დატოვება. ტრაგედია ტრაგედიას ცვლიდა, ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში გადადიოდნენ. როცა ამ ამბებს იხსენებდა, ყოველთვის ტიროდა, ტკივილს აყენებდა იმის გახსენება, თუ როგორ უწევდა სამშობლოდან შორს გადასახლება.”
ცენტრი შეეცდება, საქართველომ დაიკავოს კავკასიაში ის კულტურული სივრცე, რომელიც საქართველომ დაკარგა ...
მერაბ ჩუხუა

იად იუგარი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თბილისში ახლად გახსნილ ჩერქეზული კულტურის ცენტრს. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, მათ საშუალება ექნებათ ქართველ მეგობრებთან ერთად იზრუნონ ჩერქეზული კულტურისა და ჩერქეზული ენის განვითარებაზე. მისი თქმით, ცენტრი, რომელიც თბილისში გაიხსნა, ერთი ნაბიჯია ჩერქეზი ხალხის უკეთესი მომავლისაკენ.

როგორც ჩერქეზული კულტურის ცენტრის მისიაში წერია, ცენტრის უმთავრესი მოვალეობა იქნება ჩერქეზებისა და სხვა კავკასიელ ხალხთა ისტორიისა და კულტურის კვლევა-ძიება, პოპულარიზაცია, ხალხთა შორის დიალოგის დაწყება, ინტელექტუალური რესურსის გააქტიურება. მერაბ ჩუხუა, ცენტრის დირექტორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ჩერქეზთა გენოციდის შესახებ შექმნილი სამეცნიერო დასკვნის ერთ-ერთი ავტორია. შეგახსენებთ, რომ გასული წლის მაისში საქართველოს პარლამენტმა რუსეთის იმპერიის მიერ რუსეთ-კავკასიის ომის დროს ჩერქეზთა გენოციდი აღიარა. როგორც მერაბ ჩუხუა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, ჩერქეზთა გენოციდის აღიარებით საქართველომ დაამთავრა ჩერქეზების ისტორიაში გლოვისა და ტრაგედიის პერიოდი და გზა გაუხსნა მომავლისკენ. კითხვას, რა მისია აკისრია ჩერქეზთა კულტურის ცენტრს, მერაბ ჩუხუა ასე უპასუხებს:
მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველომ თავისი ისტორიული მისია კვლავაც იკისრა ...
მექა ხანგოშვილი

”ცენტრი შეეცდება, საქართველომ დაიკავოს კავკასიაში ის კულტურული სივრცე, რომელიც საქართველომ დაკარგა. და ამ დაკარგვას შედეგად მოჰყვა ის, რომ ჩერქეზულმა კულტურამ დაკარგა თავისი სივრცე, ისევე როგორც ინგუშურმა, ჩეჩნურმა, დაღესტნურმა... ჩვენი ცენტრი იქნება ის ადგილი, სადაც ჩერქეზული კულტურა, ისევე როგორც სხვა კავკასიური კულტურები იპოვიან საკუთარ ნავსაყუდელს.”

რუსული პოლიტიკა ყოველთვის მუშაობდა იმაზე, რომ როგორმე დაეშორებინა ერთმანეთისგან კავკასიელი ხალხი, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში მექა ხანგოშვილი, ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი საქართველოში. სწორედ ამიტომ ის უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში ისეთი ცენტრების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს კავკასიელი ხალხის ერთმანეთთან დაახლოებასა და გაერთიანებას:

”ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს საქართველოში ჩერქეზული კულტურის ცენტრი გაიხსნება, ჩეჩნური, ინგუშური თუ სხვა. მთავარია, რომ ის აკეთებდეს კავკასიურ საქმეს. თუ გადავრჩებით, ერთად გადავრჩებით. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველომ თავისი ისტორიული მისია კვლავაც იკისრა და მგონია, რომ მსგავსი ნაბიჯები ძალიან კარგ შედეგს მოგვიტანს”, - ამბობს მექა ხანგოშვილი.

საქართველომ, ერთი მხრივ, უნდა დაიბრუნოს რეგიონალური, კულტურული, სამეცნიერო და პოლიტიკური ლიდერის ფუნქცია, ამბობს ნუგზარ წიკლაური, დიასპორისა და კავკასიის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, და იქვე მიუთითებს კიდევ ერთ საკითხზე, რომელიც, მისი თქმით, საქართველოს უსაფრთხოების განმაპირობებელი ნიშანია:
”საქართველომ უნდა შეძლოს და რუსული პროპაგანდის ამარა დატოვებული საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრის მთელი ზოლი, სადაც კავკასიელი ხალხები ცხოვრობენ, მათთან დაამყაროს უფრო აქტიური ურთიერთობები. ეს ჩვენი უსაფრთხოებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთსა და საქართველოს შორის ბოლო ომების განმავლობაში როგორც აფხაზეთში, ისე სამხრეთ ოსეთში რუსეთის ხელისუფლებამ მოახერხა ჩრდილოკავკასიელი ხალხების გარკვეული წარმომადგენლობების ამ ომებში ჩართვა.”

ცარისტული რუსეთის მიერ მრავალჯერადი სადამსჯელო სამხედრო ექსპედიციების შედეგად, ფიზიკურად განადგურდა ან სამშობლოდან განიდევნა ჩერქეზული მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი. ისინი დღესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობენ და საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნებას ვერ ახერხებენ. როგორც იად იუგარი, ჩერქეზთა საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელი, ამბობს, საქართველოს დახმარებით ისინი შეძლებენ ჩერქეზული კულტურის, ჩერქეზული მემკვიდრეობის აღდგენას და ამით იმ ჩერქეზი ხალხის გაერთიანებას, რომელიც მთელ მსოფლიოშია გაფანტული.
XS
SM
MD
LG