Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშვიდობიანი ბრძოლა ჩრდილოეთ კავკასიისათვის


დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა
საქართველოს პარლამენტმა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის სახელმწიფო სტრატეგიის განხილვა დაიწყო. 20-გვერდიანი დოკუმენტი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად შეიმუშავა. ავტორთა თქმით, სტრატეგიის მიზანია ქართველ და ჩრდილოკავკასიელ ხალხებს შორის გაღრმავდეს კავშირები კულტურის, განათლების, მეცნიერების, კომერციის, ვაჭრობის თუ სხვა სფეროებში, გამყარდეს და გაღრმავდეს მათ შორის, უბრალოდ, ადამიანური, ჰუმანიტარული კავშირები.

ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტი რვა თავისგან შედგება და ხალხებს შორის ურთიერთობის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. „საქართველო მიესალმება ჩრდილოკავკასიელი სტუდენტების სწავლას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში და ხელს შეუწყობს ასეთი სტუდენტების რაოდენობის გაზრდას“, - ვკითხულობთ განათლებისადმი მიძღვნილ თავში, თუმცა, როგორც კონცეფციის პროექტის ერთ-ერთი ავტორი, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის აპარატის სპეციალისტი, გიორგი საბედაშვილი ამბობს, უმნიშვნელოვანესია თავი ადამიანის უფლებების, თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შესახებ:

„საქართველო გამოთქვამს სურვილს, დაეხმაროს ჩრდილოკავკასიელ ხალხებს საკუთარი უფლებების დაცვის საქმეში იმით, რომ გახდეს უფლებადამცველებისათვის არენა, საიდანაც ისინი შეძლებენ მთელ მსოფლიოს მიაწოდონ რეალური ინფორმაცია ჩრდილოკავკასიაში უფლებების დარღვევების შესახებ. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ჩრდილოკავკასიელები გამოვიყვანოთ იმ საინფორმაციო ვაკუუმიდან, რომელიც ამ რეგიონშია შექმნილი და რომელიც ჩვენს ხალხებს შორის უარყოფითი სტერეოტიპების დამკვიდრებას ემსახურება.“
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვიმოქმედებთ და ეს ამ სტრატეგიის განხილვის დროს უნდა იყოს გაანალიზებული, რათა საქართველოს არ დაედოს ბრალი პროვოკაციებში ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით...
მალხაზ მაცაბერიძე

შემთხვევითი არაა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტს საფუძვლად დაედო საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის რამდენიმე დებულება, რომელიც თავმოყრილია ქვეთავში „რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა“. პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი მალხაზ მაცაბერიძე მიიჩნევს, რომ კავკასიის ხალხებთან კავშირების აღდგენა უაღრესად მნიშვნელოვანია, თუმცა გარკვეულ სიფრთხილესაც მოითხოვს:

„კავშირების აღდგენით, განვითარებით მნიშვნელოვნად შეეწყობა ხელი როგორც ჩვენი, ასევე ჩრდილოკავკასიელი ხალხების წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარებას. თან კიდევ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვიმოქმედებთ და ეს ამ სტრატეგიის განხილვის დროს უნდა იყოს გაანალიზებული, რათა საქართველოს არ დაედოს ბრალი პროვოკაციებში ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით.“

პოლიტიკის ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ სტრატეგიის ავტორებმა მკაფიოდ უნდა ახსნან და განმარტონ, რა მიზანს ემსახურება პარლამენტში ინიცირებული დოკუმენტის მიღება. ფილოსოფოსი გია ნოდიაც იწონებს ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის მიღებას, თუმცა შეკითხვა უჩნდება რუსეთთან დაკავშირებით:
მნიშვნელოვანია, რომ ეს სტრატეგია დაიწერა საქართველოში. ისტორიულად საქართველო ყოველთვის იყო ჰეგემონი, ლიდერი, კულტურის ცენტრი კავკასიაში. დამიჯერეთ, მერწმუნეთ, კავკასიელებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი...
მექა ხანგოშვილი

„ყველაზე მეტად პოლიტიკურად საკამათო პრობლემა არის ის, რომ არსებობს რუსეთი, როგორც სახელმწიფო, რომელთანაც ცუდი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ჩრდილო კავკასია არის მისი ნაწილი, ანუ როგორ ეწერება ჩვენი ეს ინიციატივები რუსეთთან ურთიერთობაში და არამხოლოდ რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში.“

პასუხად პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ კონცეფციის პროექტი საერთაშორისო ნორმებისა და კანონმდებლობის სრული დაცვითაა შედგენილი. წიკლაურის თქმით, კონცეფციის მიღების მიზანი საქართველოს შესახებ გავრცელებული ნეგატიური ინფორმაციის გაბათილება და ამ გზით ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობის აღდგენაა:
ნუგზარ წიკლაური
ნუგზარ წიკლაური

„იმ ომში, რომელიც მიმდინარეობდა საქართველოს შიგნით, მონაწილეობას იღებდნენ ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსული ადამიანები... ჩვენ გვინდა შევამციროთ ნეგატიურად განწყობილი იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც რუსეთის მოწოდებით და დავალებით ჩამოდიოდნენ. ჩვენი მიზანი არის სტაბილური, მშვიდობიანი, უსაფრთხო კავკასია, რეგიონი - ესაა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების თავი და თავი.“

საქართველოს ხელისუფლების ამ და ბევრ სხვა ინიციატივას ყურადღებით აკვირდებიან ჩრდილოეთ კავკასიაში. საქართველოში ჩეჩნეთის დიასპორის წარმომადგენლის მექა ხანგოშვილის თქმით, იდგმება ნაბიჯი, რომელიც წაადგება როგორც საქართველოს, ასევე ყველა კავკასიელ ხალხს:

„მნიშვნელოვანია, რომ ეს სტრატეგია დაიწერა საქართველოში. ისტორიულად საქართველო ყოველთვის იყო ჰეგემონი, ლიდერი, კულტურის ცენტრი კავკასიაში. დამიჯერეთ, მერწმუნეთ, კავკასიელებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - უთხრა მექა ხანგოშვილმა რადიო თავისუფლებას.
ეთნიკური ნიშნით მიდგომა ყოვლად გაუმართლებელია! ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ კავკასია ერთიანი ეკონომიკური, კულტურული რეგიონია და ერთიანი ეკოსისტემა გახლავთ. ამ ერთიან სისტემაში ხალხების ეთნიკური ნიშნით დაყოფა არ იქნება გამართლებული...
ჯონი კვიციანი

თუმცა მეცნიერთა ნაწილი სახელმწიფო სტრატეგიის ავტორებს ურჩევს ხედვის არეალში არა მხოლოდ ჩრდილოეთი, არამედ მთლიანი კავკასია მოაქციოს. ასე ფიქრობს ჯონი კვიციანი - კავკასიოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი, რომელიც სტრატეგიის ავტორებს ეთნიკური ფაქტორის წინ წამოწევის გამოც საყვედურობს:

„ეთნიკური ნიშნით მიდგომა ყოვლად გაუმართლებელია! ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ კავკასია ერთიანი ეკონომიკური, კულტურული რეგიონია და ერთიანი ეკოსისტემა გახლავთ. ამ ერთიან სისტემაში ხალხების ეთნიკური ნიშნით დაყოფა არ იქნება გამართლებული. ჩრდილო კავკასიის 25-27 მილიონიანი მოსახლეობა რომ დავყოთ ეთნიკურ ჯგუფებად, მაშინ მივიღებთ ორ ნაწილად გაყოფილ რეგიონს.“

ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის სახელმწიფო სტრატეგიას დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში პარლამენტის სხვა კომიტეტებიც განიხილავენ, რის შემდეგაც სტრატეგიის პროექტი დასამტკიცებლად პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG