Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამორალური სტატისტიკა?!


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა დანაშაულის სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც 2013 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დანაშაულმა 24 პროცენტით იკლო, ხოლო გახსნის მაჩვენებელმა 41 პროცენტით მოიმატა და 60 პროცენტს მიაღწია. საინტერესოა, რა მეთოდოლოგიით იხელმძღვანელა სამინისტრომ და შეესაბამება თუ არა გამოქვეყნებული მონაცემები ქვეყანაში შექმნილ ვითარებას.

2013 წლის 11 თვის განმავლობაში დანაშაული 8 ათას 500 ერთეულით შემცირდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, შარშან, დაახლოებით, 35 ათასი დანაშაული მოხდა, წელს კი მხოლოდ 27 ათასი. ამასთან, მიმდინარე წლის განმავლობაში გაიხსნა 16 ათასი დანაშაული, მაშინ როცა შარშან მხოლოდ 6 ათას 500. მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის თქმით, ამგვარ ცვლილებას მარტივი ახსნა მოეძებნება:

„წინა წელს, ამ დროს, ცოტა სხვა ვითარება იყო... ეს აშკარაა და გასაგებია, რომ ამ გარემოებამ განსხვავება მოგვცა. ასევე დამსახურებაა ყველა პოლიციელის, ნებისმიერი თანამშრომლისა და მათი თავდადების“.

სასამართლოებში 2013 წელს გაიზარდა განხილული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, პირველი ინსტანციის სასამართლოებმა 2013 წლის 9 თვეში, 2012 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 19.1%-ით მეტი სისხლის სამართლის საქმე განიხილეს...
ჟურნალი ”ტაბულა”
კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს მიმართა, თუმცა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ სამინისტრო მეტ განმარტებას აღარ გააკეთებს. არადა, სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია დაჯამებული სახით არის მოცემული და არაფერს ამბობს იმაზე, თუ რა ტიპის დანაშაულმა იკლო ან მოიმატა, როგორი დანაშაულებების გახსნის მაჩვენებელია გაზრდილი. მეტიც, არაფერია ცნობილი დანაშაულის აღრიცხვის მეთოდოლოგიაზე. ჟურნალ „ტაბულას“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, არალოგიკურია ის, რომ დანაშაულის კლების ფონზე მოსამართლეებს საქმე მოემატათ:

„სასამართლოებში 2013 წელს გაიზარდა განხილული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, პირველი ინსტანციის სასამართლოებმა 2013 წლის 9 თვეში, 2012 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 19.1%-ით მეტი სისხლის სამართლის საქმე განიხილეს. განხილული საქმეებიდან სასამართლოებმა განაჩენი გამოიტანეს 8 726 საქმეზე, რაც გასული წლის მონაცემზე 14.7%-ით, ანუ 873 საქმით, მეტია“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეტალური სტატისტიკის გამოქვეყნება 2013 წლის გაზაფხულზე შეწყვიტა. იურისტ ოთო კახიძის თქმით, ეჭვგარეშეა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის დანაშაულის სტატისტიკა პოლიტიკური არგუმენტია.

„მათ აქვთ ამოცანა, რომ წარმატებულ წინამორბედთან შედარებით არ უნდა დაფიქსირდეს დანაშაულის ზრდა, განსაკუთრებით 10 ათასი პატიმრის გათავისუფლების შემდგომ. ამის გამო სტატისტიკით მიმდინარეობს მანიპულირება. ყველაზე ნათლად სტატისტიკის სიმცდარეზე მიუთითებს გახსნის მაჩვენებლის მატება. Scotland Yard-ს გახსნის მაჩვენებელი აქვს 26-27%, კახა თარგამაძის პოლიციას ჰქონდა 80% და, როგორც ჩანს, ჩვენი პოლიციაც გახსნის ამ მაჩვენებლისკენ მიიწევს“, უთხრა ოთო კახიძემ რადიო თავისუფლებას.

ბევრი ადამიანი გამოვიდა ციხიდან, მაგრამ არ არის ისეთი საგანგაშო მდგომარეობა, როგორსაც წინა ხელისუფლება წინასწარმეტყველებდა...
მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი თითქმის 60 პროცენტია. ოთო კახიძის თქმით, ასევე დაუჯერებელია დანაშაულის 25 პროცენტიანი კლება. მედიაზე დაკვირვებითაც კი შეიმჩნევა დიამეტრულად განსხვავებული ტენდენცია.

კრიმინალურ შემთხვევებთან დაკავშირებულ ინფორმაციას ხშირად გადმოსცემენ ტელევიზიები, თუმცა საინტერესოა, რას ფიქრობენ თბილისელები დანაშაულის სტატისტიკასთან დაკავშირებით - იზრდება თუ იკლებს დანაშაული, მათი დაკვირვებით?

„ბევრი ადამიანი გამოვიდა ციხიდან, მაგრამ არ არის ისეთი საგანგაშო მდგომარეობა, როგორსაც წინა ხელისუფლება წინასწარმეტყველებდა“, უთხრა თავისუფლებას 53 წლის ალექსანდრემ.

„დანაშაულის რაოდენობამ იკლო, იმიტომ რომ ყველამ, ვისაც ამნისტირება გაუკეთეს, ფიცი დადო. მე მასწავლებელი ვარ და ჩემი ნამოწაფრებიც ურევია მათ შორის და ვიცი, რომ გარკვეული ხანი არაფერს არ გააფუჭებენ“, თქვა 63 წლის ნინომ.

იკლო თუ არა დანაშაულმა? იმისათვის, რომ ამ შეკითხვას მეცნიერულად დასაბუთებული პასუხი გაეცეს, საჭიროა თვისებრივი ცვლილებების გატარება. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის გია მეფარიშვილის თქმით, დანაშაულის რეგისტრაციისა და გახსნის კოეფიციენტის დაანგარიშების საქმეში რთული ვითარებაა შექმნილი, რადგანაც კვლევას, შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა, ასევე აწარმოებს სტატისტიკის დეპარტამენტი და პროკურატურა, მათი შედეგები კი ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს არ ემთხვევა. გია მეფარიშვილის თქმით, დანაშაულის სტატისტიკა, ეგრეთ წოდებული „მორალური სტატისტიკა“, უნდა აწარმოოს დამოუკიდებელმა სახელმწიფო სტრუქტურამ.

„იუსტიციის სამინისტროს უფრო ხელეწიფება ეს, რადგანაც არ არის დაინტერესებული არც გამოძიებითა და არც მოკვლევის შედეგებით, არც ოპერატიული სამსახურის მონაცემებით. მან უნდა აღრიცხოს, დაალაგოს და სისტემატიზაცია გაუკეთოს ამ მაჩვენებლებს. 90-იანი წლების დასაწყისში, თედო ნინიძის იუსტიციის მინისტრობის დროს, ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები გადაიდგა და მაშინ შესაბამისი კრებულებიც კი გამოდიოდა. „მორალური სტატისტიკა“ - ასე ერქვა კრებულებს, რომლებიც მაშინ გამოდიოდა. იქნებ, უმჯობესია დავუბრუნდეთ ამას და შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელიც ეჭვსა და კითხვებს აღარ წარმოშობს“, უთხრა გია მეფარიშვილმა რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG