Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხალხთა შორის დიალოგის აღდგენა - სახელმწიფო და სამოქალაქო სტრატეგიების მთავარი მიზანი


სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილი
სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილი
13 მარტს, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და ჩართულობის სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიას სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილი სტუმრობდა. შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის უზენაესი საბჭოსა და ცხინვალის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. რატომ დაიხურა შეხვედრა ჟურნალისტებისათვის და რა პროექტები ხორციელდება სტრატეგიის ფარგლებში?

დეტალები ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის ანგარიშისა, რომელიც საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიას სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილმა წარუდგინა, მედიისათვის უცნობი დარჩა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში სტრატეგიის ანგარიშის განხილვა ჟურნალისტებისათვის დაიხურა. ეკა ტყეშელაშვილმა ამ გადაწყვეტილების მიზეზი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ასე ახსნა:

”არის თემები, რომლებიც ძალიან წარმატებულად ვითარდება, თუმცა ამაზე ღიად საუბრის დრო ჯერჯერობით არ არის ...
ეკა ტყეშელაშვილი
”ის საქმიანობები, რომლებიც ადამიანთა შორის ურთიერთობების განვითარებას შეეხება, ძალიან სენსიტიურია იქიდან გამომდინარე, რომ ეს რეგიონები ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. ამიტომ შესაძლოა, რომ სრულიად აპოლიტიკური, ჰუმანიტარული პროექტების შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მოექცეს ოკუპანტის ყურადღების ქვეშ ან იმ პოლიტიკური რეჟიმების ყურადღების ცენტრში, რომლებიც დღეს ამ რეგიონებში არიან და შესაძლოა მათ მოინდომონ პროექტებს დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ ინფორმაციის თავისუფლებას და ხელმისაწვდომობას, ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაციის მედიით გავრცელება დამატებით საფრთხეებს შექმნის.”

ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგია და სამოქმედო გეგმის განხორციელება - ზოგადად ასე შეიძლება ეწოდოს სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილის დაახლოებით საათნახევრიანი ვიზიტს საკანონმდებლო ორგანოში. სამოქმედო გეგმის ამუშავებიდან წელიწადზე მეტია გასული. რას ვაკეთებდთ იმისათვის, რომ ხალხთა შორის ურთიერთობა და ნდობა აღდგეს? - კითხულობს ეკა ტყეშელაშვილი და თავადვე პასუხობს:

”არის თემები, რომლებიც ძალიან წარმატებულად ვითარდება, თუმცა ამაზე ღიად საუბრის დრო ჯერჯერობით არ არის. მაგრამ ერთი რამ შეიძლება ითქვას ცალსახად - საზოგადოების წარმომადგენლებს შორის, რომლებიც საოკუპაციო ხაზის ორ სხვადასხვა მხარეს იმყოფებიან, დღეს უკვე მეტია ისეთი ადამიანები, რომლებსაც უკვე აქვთ ურთიერთობა ერთმანეთთან, აქვთ ერთმანეთის ნდობა და ზუსტად ეს წარმოადგენს ჩვენი სტრატეგიის მიზანს - ადამიანებს შორის ნდობის გაღვივება.”

შედარებით მეტი დეტალების შესახებ საუბრობს შეხვედრიდან გამოსული აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა. სტრატეგიას რამდენიმე მიმართულება აქვს: ეკონომიკა, კულტურა, ჯანდაცვა. თითოეულ მათგანში გარკვეული წარმატებებია მიღწეული, ამბობს ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში და განსაკუთრებულ ყურადღებას ჯანდაცვის კუთხით განხორციელებულ აქტივობებს უთმობს:

”ძალიან ბევრი ადამიანი გადმოდის ჩვენთან, ღებულობს უმაღლესი კვალიფიკაციის სამედიცინო დახმარებას. არ არის ლაპარაკი ათეულობით ადამიანზე, საუბარია უკვე ასეულობით ადამიანზე. ისეთი ხალხი გადმოვიდა, რომლებიც მეგონა, რომ აქეთ არასდროს დადგამდნენ ფეხს... ნახეს, რომ ჩვენ მათ ნორმალურად ვხვდებით, გვახსოვს ის სითბო და სიყვარული, რაც ჩვენ შორის იყო.”

ჩვენ უკვე რეალურად მოვამზადებთ საფუძვლებს მშვიდობიანი თანაარსებობისათვის და ყველაზე მთავარი - გავაგზავნით სამშვიდობო გზავნილებს ჩვენს ნათესავ ხალხთან ...
ნესტან კირთაძე
ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სტრატეგიის ფარგლებში შექმნილი სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტების შესახებ საუბრობს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე ადამიანს აქვს მიღებული სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტი, არსებობს მოლოდინი, რომ მათი რიცხვი სულ უფრო გაიზრდება. შეგახსენებთ, რომ სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტი ადასტურებს პირის ვინაობას და მის საცხოვრებელ ადგილს საქართველოს ტერიტორიაზე. მისი ფლობა შეუძლიათ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად მცხოვრებ იმ პირებს, რომელთაც საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა მიღებული არა აქვთ. ნეიტრალური სამგზავრო მოწმობა კი, თავის მხრივ, არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. დოკუმენტი მფლობელს საზღვარგარეთ გამგზავრების საშუალებას აძლევს, საქართველოს მოქალაქეობის აღიარების გარეშე.

საკანონმდებლო ორგანოში ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სტრატეგიის ანგარიშის განხილვის პარალელურად, სამოქალაქო მოძრაობა ”ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლი”, რომლის მიზანიც არის პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან და ხალხებს შორის ნდობის აღდგენა, ახალი ინიციატივით გამოდის. "თბილისი-სოხუმი, თბილისი-ცხინვალი" - ეს იქნება სამენოვანი ყოველკვირეული გაზეთი, რომელიც, გაზეთ ”სვობოდნაია გრუზიას” დანართის სახით, თბილისში გამოიცემა. როგორც მოძრაობის ხელმძღვანელი ნესტან კირთაძე ამბობს, ქართველ, აფხაზ და ოს ჟურნალისტებთან ერთად შეიქმნება ერთობლივი საინფორმაციო სივრცე, სადაც ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს ექნებათ ინტენსიური დიალოგი ხალხებს შორის ნდობისა და ურთიერთობის აღდგენის აუცილებლობაზე.

”ჩვენ უკვე რეალურად მოვამზადებთ საფუძვლებს მშვიდობიანი თანაარსებობისათვის და ყველაზე მთავარი - გავაგზავნით სამშვიდობო გზავნილებს ჩვენს ნათესავ ხალხთან”, - ამბობს ნესტან კირთაძე.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი ყოველკვირეული გაზეთის გამოსვლის ზუსტი თარიღი, არც იმის შესახებ საუბრობს სამოქალაქო მოძრაობის ხელმძღვანელი ნესტან კირთაძე, თუ საიდან მოიპოვებს მომავალი გაზეთი დაფინანსებას, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ გაზეთი ”თბილისი-სოხუმი, თბილისი-ცხინვალი” უახლოეს მომავალში აუცილებლად გამოვა. პროექტის პარტნიორი, გაზეთ ”სვობოდნაია გრუზიას” მთავარი რედაქტორი ტატო ლასხიშვილი ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე დეტალს აკონკრეტებს. მისი თქმით, გაზეთის პარალელურად ქართველი, აფხაზი და ოსი ჟურნალისტების მიერ შეიქმნება ერთობლივი ინტერნეტრადიო და ინტერნეტსატელევიზიო პორტალი, რომელსაც ერთაშორისი მედიაჰოლდინგის ჩამოყალიბება მოჰყვება:
ხალხთა შორის ურთიერთობა 100 პროცენტიდან დაახლოებით 20 პროცენტამდე დავიდა. არის რაღაც დონის ურთიერთობები, მაგრამ ძალიან ზედაპირული ...
პაატა ზაქარეიშვილი

”აფხაზურ და ოსურ რედაქციებს ჩვენ შევთავაზებთ პარტნიორობას და ამ ბაზაზე ჩამოყალიბდება ერთაშორისი მედიაჰოლდინგი. ეს იქნება სრულფასოვანი პროდუქტი, საუკეთესო საშუალება, რომ ჩვენ შევძლოთ ახალი საინფორმაციო პოლიტიკის პრინციპების დანერგვა.”

არ კონკრეტდება იმ აფხაზი და ოსი ჟურნალისტების რაოდენობა და ვინაობა, ვინც ითანამშრომლებს ახალ გამოცემასთან. როგორც პროექტის ინიციატორები აცხადებენ, მათთან ამ დრომდე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რაც შეეხება გაზეთის გავრცელებას, ნესტან კირთაძე ამბობს, რომ გაზეთი უფასოდ გავრცელდება და მათ გავრცელებას ისინი საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით მოახერხებენ.

რა რეალური პერსპექტივა არსებობს იმისა, რომ ხალხთა შორის დიალოგი, ნდობა აღდგეს? ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ კონკრეტული სტრატეგია შეიმუშავა, პაატა ზაქარეიშვილი მაინც მიიჩნევს, რომ არასდროს ყოფილა ისეთი დაბალი მაჩვენებელი ხალხთა შორის დიალოგისა და ნდობისა, როგორც დღეს:

”დღეს მინიმუმამდეა დასული სახალხო დიპლომატია და სახალხო ურთიერთობები. თუკი 2003 წლის მოცემულობას ავიღებთ, ხალხთა შორის ურთიერთობა 100 პროცენტიდან დაახლოებით 20 პროცენტამდე დავიდა. არის რაღაც დონის ურთიერთობები, მაგრამ ძალიან ზედაპირული”, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
XS
SM
MD
LG