Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეინტეგრაციის მინისტრი პარლამენტში


დღეს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და ჩართულობის სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ ინფორმაციით საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წინაშე სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილი წარდგა. მინისტრის განცხადებით, სამოქმედო გეგმის ამოქმედებიდან გასული რამდენიმე თვის მანძილზე, მთლიანობაში, 47 პროექტია მოწონებული.

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ეკა ტყეშელაშვილის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებას პოლიტიკურ კოორდინაციას უწევს მინისტრთა მოადგილეების დონეზე საგანგებოდ შექმნილი კომისია, რომელმაც, თავის მხრივ, სხვადასხვა პროფილის სამუშაო ჯგუფები შექმნა, ჯანდაცვითა და სოციალ-ეკონომიკური ურთიერთობებით დაწყებული და სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტების შემუშავებით დამთავრებული. სამუშაო პროცესი გულისხმობს ასევე ურთიერთობას ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან. რაც შეეხება კონკრეტულ შედეგებს, ეკა ტყეშელაშვილის განცხადებით, უკვე მოხერხდა 47 პროექტის შეთანხმება:

”არც ერთი პროექტი არ არის, რომელზეც უარყოფითი დასკვნაა გაკეთებული. რამდენიმე პროექტი შინაარსით რთული იყო, თუმცა ჩვენ შევძელით მოდიფიცირება ამ პროგრამების ისე, რომ არ გვქონოდა საჭიროება დაბლოკვის კანონმდებლობის შესაბამისად, არამედ პირიქით, შესაძლებლობა გვქონოდა ამ პროექტების განხორციელების, ოღონდ სპეციალური მოდიფიცირების საფუძველზე.“

ეკა ტყეშელაშვილი ამბობს, რომ ამ პროექტების საფუძველზე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებში პრაქტიკულად გაქრა სკეფსისი სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება უშუალოდ მთავრობის მონაწილეობას რეინტეგრაციის პროცესში, სახელმწიფო მინისტრი პირველ რიგში ასახელებს ჩართულობის ზრდას ჯანდაცვის სექტორში და არამხოლოდ გალის რაიონში. ეკა ტყეშელაშვილი აქვე განმარტავს, რომ გალის რაიონში სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების შეფერხება გამოწვეული იყო ლიცენზიის კანონში ამ მიმართულებით არსებული ტექნიკური ხარვეზით, რაც სამართლებრივად უკვე გასწორდა. შესაბამისად, მინისტრის განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების პრობლემა გალის რაიონში პრაქტიკულად მოგვარდა.

”ძალიან მზარდია დინამიკა აფხაზეთის რეგიონის სხვა რაიონებიდანაც საქართველოს დანარჩენ რაიონებში ჩამოსვლის და მკურნალობის. დიდ დახმარებას ვუწევთ, ბუნებრივია, ისეთი დაავადებების მკურნალობაში, როგორიცაა ინფექციური დაავადებები, შიდსი, ტუბერკულოზი. ასევე ვაქცინაციების პროცესი მთლიანად თითქმის ჩვენს დახმარებაზეა დამოკიდებული. ასევე ინსულინის მიწოდების თვალსაზრისით. დაახლოებით მილიონ 400 ათასი ლარია, არასრული მონაცემებით, დახარჯული.”

სფეროდ, რომელშიც მეტ-ნაკლები ინტენსივობით უკვე მოინახა შეხების წერტილები, სახელდება ასევე განათლება. ეკა ტყეშელაშვილი შენიშნავს, რომ არის თემები, რომლებზეც ღიად და საჯაროდ საუბარი საქმისათვის საზიანო იქნება. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ოკუპირებულ ტერიტორიებთან ჩართულობის სტრატეგიის შესახებ ინფორმაციის მოსმენას ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის წარმომადგენლებიც. მათი მთავარი თხოვნა საქართველოს მთავრობის მიმართ რეინტეგრაციის პროცესში მათი პოტენციალის, პირადი კონტაქტებისა და გამოცდილების გამოყენება იყო.

”სტრატეგია არის სტრატეგიული დოკუმენტი, სადაც განისაზღვრება ქვეყნის მიმართება ოკუპირებული ტერიტორიებისადმი. მაგრამ არის კიდევ ტაქტიკური საკითხები. ვთქვათ, იგივე მედიცინა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურის, ეკონომიკის საკითხები შედის. ამ საკითხებთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს, გარკვეულწილად, ჩვენი ხედვა, რომელიც, ასე მიგვაჩნია ჩვენ, გააადვილებს და გააუმჯობესებს ამ საკითხებს”, - ამბობს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა.

სახელმწიფო მინისტრმა მას უპასუხა, რომ მთავრობა შეეცდება სამუშაო ჯგუფების დონეზე მათი პოტენციალი ჯეროვნად იყოს გამოყენებული.
XS
SM
MD
LG