Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია იანუკოვიჩის დათმობებს არ იღებს


ვიქტორ იანუკოვიჩი, შტეფან ფიულე
ვიქტორ იანუკოვიჩი, შტეფან ფიულე
უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ ხელისუფლება მზადაა შეცვალოს მთავრობის ფორმატი, გაათავისუფლოს ყველა დაკავებული აქტივისტი და უარი თქვას სადავოდ ქცეულ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რასაც მოჰყვა არეულობა კიევის ცენტრში. ამ ფონზე, კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს შეხვდა ევროკომისარი შტეფან ფიულე, რომელიც ცდილობს ხელი შეუწყოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების პროცესს.

ქვეყნის სასულიერო პირებთან შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა გამოხატა მზადყოფნა წავიდეს დათმობაზე, თუმცა იანუკოვიჩს არ უთქვამს, აპირებს თუ არა გადააყენოს პრემიერ-მინისტრი მიკოლა აზაროვიც და დანიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. არადა, ეს სწორედ ის მოთხოვნებია, რომელსაც უკრაინის „სახალხო ვეჩე“ მკაცრად აყენებს ოპოზიციის ლიდერების წინაშე. „ევრომაიდანზე შექმნილი ვითარების განმუხტვა მთავრობის ფორმატის შეცვლის გზით შეიძლებოდა ორი კვირის წინ, ახლა კი ხალხი პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომას ითხოვსო“, - განაცხადა პარასკევს ოპოზიციური პარტია „უდარის“ ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ პრეზიდენტ იანუკოვიჩის შეთავაზების პასუხად.

ვიტალი კლიჩკო
ვიტალი კლიჩკო
პარასკევის ღამით გრუშევსკის ქუჩაზე დემონსტრანტების ბარიკადებთან მისულმა ოპოზიციის ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ მოუწოდა დემონსტრანტებს, რომ შეინარჩუნონ ზავი, თუმცა მთავრობის გადადგომის მიღწევამდე არც მშვიდობიანი ზეწოლა მოადუნონ:

„მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ პარასკევ დილისათვის ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა, რათა გადადგეს მთავრობა“.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის გაგრძელების მომხრეა ევროკავშირი, რომლის ერთ-ერთი უმაღლესი რანგის წარმომადგენელი, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში შტეფან ფიულე პარასკევს უკვე ჩავიდა კიევში და დახურულ კარს მიღმა შეხვდა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება მოლაპარაკების მორიგი რაუნდი უკრაინის ოპოზიციასა და პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს შორის.

ხუთშაბათის შეხვედრიდან გამოსულ ოპოზიციის ლიდერებს ევრომაიდანზე შეკრებილმა „სახალხო ვეჩემ“ მკაცრად მოსთხოვა აღარ მიიღონ მონაწილეობა მოლაპარაკებებში ვიქტორ იანუკოვიჩთან, რომელსაც დრო გაჰყავს და, მოლაპარაკებების პარალელურად, ევრომაიდნის დასაშლელად ემზადება.

მომავალი კვირის სამშაბათს კი საგანგებო სხდომის გამართვას აპირებს უკრაინის პარლამენტი, რომელიც მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადებისა და 16 იანვარს დაკანონებული პოლიტიკური უფლებების შემზღუდავი, არადემოკრატიული საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმების თაობაზე იმსჯელებს.

თუმცა, როგორ განვითარდება პარლამენტის სესიამდე მოვლენები უკრაინაში, ძნელი სათქმელია.

კიევის ცენტრში ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ზავის მიუხედავად, ვითარება დაძაბული რჩება დასავლეთ უკრაინის რამდენიმე რეგიონში, სადაც ქვეყნის ევროპული კურსის მომხრე აქტივისტებმა და მათმა მხარდამჭერებმა რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა დაიკავეს.

ევრომაიდანი
ევრომაიდანი
ანტისამთავრობო დემონსტრაციები უკრაინაში გასული წლის ნოემბერში დაიწყო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობამ უარი თქვა ხელი მოეწერა ვილნიუსში დაგეგმილი ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაზე, ნამდვილი შეტაკებები კი ოპოზიციასა და პოლიციის რაზმებს შორის გასულ კვირას დაიწყო, როდესაც ქვეყნის პარლამენტმა დემონსტრაციებისა და შეკრებების შესახებ ორგანულ კანონში ანტიდემოკრატიული ცვლილებები შეიტანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კიევის ცენტრში არეულობებსა და შეტაკებებში, სულ მცირე, სამი აქტივისტი დაიღუპა, თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ დაღუპულია ხუთი კაცი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG