Accessibility links

logo-print

შტეფან ფიულე: საქართველო რეფორმების გზით სიარულს გააგრძელებს


შტეფან ფიულე

შტეფან ფიულე

ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართული 6 ქვეყნის მთავრობათა წარმომადგენლებს უკვე მეორედ ეძლევათ არაფორმალური დიალოგის საშუალება. კიშინიოვის შემდეგ თავყრილობას ამჯერად (12-13 თებერვალს) თბილისი მასპინძლობს. არაფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობენ: ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულე, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჰელგა შმიდი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში სიიმ კალასი. ევროკავშირი და მისი აღმოსავლეთის პარტნიორები ვილნიუსის სამიტისთვის ემზადებიან.

საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, მოლდავეთი და ბელორუსია - ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის მონაწილე 6 ქვეყანა თბილისში საგარეო საქმეთა და ეკონომიკისა თუ ტრანსპორტის სამინისტროთა პირველი პირების დონეზეა წარმოდგენილი. უშუალო მასპინძლად საგარეო საქმეთა სამინისტრო ითვლება და, როგორც მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა 12 თებერვალს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, წარმომადგენლობით თავყრილობას ის ევროპისკენ გადადგმულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად განიხილავს:

”ეს მინისტერიალი განსაკუთრებულია ჩვენთვის, განსაკუთრებულია ევროკავშირისთვისაც, რასაც მოწმობს ის მაღალი დონის დელეგაციები, რომლებიც ჩამოვიდნენ ევროკავშირიდან და აღმოსავლეთის პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებიდან, რადგანაც წარმოადგენს კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია საგარეო საქმეთა სამინისტროების დელეგაციების დონეზე, ხოლო 13 თებერვალს ეს მინისტერიალი გაგრძელდება ტრანსპორტის მინისტრების მონაწილეობით, რომლებიც ასევე ჩამოვიდნენ აღმოსავლეთის პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებიდან და მასში მონაწილეობას მიიღებს ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში ბატონი სიიმ კალასი.”
საქართველო თანმიმდევრულობისა და მიზანდასახულობის მაგალითია შეთანხმებული რეფორმების განხორციელების გზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ასევე გააგრძელებენ...

სასტუმრო ”ქორთი იარდ მერიოტში” მიმდინარე არაფორმალურ შეხვედრაში 12 თებერვალს მონაწილეობდნენ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჰელგა შმიდი და ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულე, რომელმაც მეტად დადებითად შეაფასა საქართველოს მონაწილეობა აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში:

”საქართველო თანმიმდევრულობისა და მიზანდასახულობის მაგალითია შეთანხმებული რეფორმების განხორციელების გზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ასევე გააგრძელებენ, მიუხედავად გამოწვევებისა, კოჰაბიტაციის პროცესში. ”

შტეფან ფიულე აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მეორე არაფორმალურ დიალოგს, რომელსაც ახლა თბილისი მასპინძლობს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გამოც, რომ ის განიხილება ერთგვარ შემაჯამებელ შეხვედრად აღმოსავლეთის პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის წინ. თუკი გავითვალისწინებთ, რომ კვლავაც ძალაშია ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის მთავარი პრინციპი - ”მეტი მეტის სანაცვლოდ”, ადვილი მისახვედრია, რომ პროგრამის მონაწილეები ერთნაირ შედეგებს არ უნდა მოელოდნენ.
ვიმედოვნებთ ასევე, რომ ვილნიუსის სამიტისთვის შესაძლებელი გახდება ასოცირების შეთანხმების გარშემო მოლაპარაკებების დასრულება მოლდავეთთან, სომხეთთან და ასევე საქართველოსთან...

როგორც შტეფან ფიულემ განმარტა 12 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე, ვილნიუსის ნოემბრის სამიტისთვის ის მოელის პროგრესს ზოგიერთი პარტნიორისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების, ხოლო ზოგიერთისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზების კუთხით. როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ უკვე გაიარა გამარტივების ეტაპი და ამჟამად ლიბერალიზების მოლოდინშია. თუკი მოლოდინი გამართლდა, საქართველოს მოქალაქეებს ევროპის ქვეყნების უვიზოდ მონახულების საშუალება მიეცემათ. აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართული ქვეყნებისთვის, შტეფან ფიულეს თქმით, პროგრესი მოსალოდნელია ასოცირების შესახებ ხელშეკრულების მიმართულებითაც:

”გამოვთქვამთ იმედს, რომ შეიქმნება შესაბამისი კონდიცია ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოსაწერად უკრაინასთან და ამ შეთანხმების ნაწილია ეკონომიკური ინტეგრაციაც. ვიმედოვნებთ ასევე, რომ ვილნიუსის სამიტისთვის შესაძლებელი გახდება ასოცირების შეთანხმების გარშემო მოლაპარაკებების დასრულება მოლდავეთთან, სომხეთთან და ასევე საქართველოსთან”.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის ფორმატი 2012 წლის აპრილში დაარსდა - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კეტრინ ეშტონისა და ევროკომისრის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულეს ინიციატივის საფუძველზე. „აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის პირველი შეხვედრა 2012 წლის 5 ივნისს კიშინიოვში გაიმართა.

დაბოლოს, 12 თებერვალს თბილისში ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი საქართველოს 20 მილიონ ევროს გამოუყოფს, ყოვლისმომცველი ინსტიტუციური მშენებლობის პროგრამის ფარგლებში. 2011 წელს დაწყებული ეს პროგრამა მიზნად ისახავს სახელმწიფო უწყებების აღჭურვას, სპეციალისტების სწავლებასა და საკონსულტაციო ექსპერტულ დახმარებას, რათა შესაბამისი უწყებები მზად იყვნენ სრულფასოვანი თანამშრომლობისთვის ევროკავშირთან, ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG