Accessibility links

logo-print

ლეგენდარული ჯაზ ბას-გიტარისტი სტენლი კლარკი ახალ კრებულში, სახელწოდებით „Up” მსმენელს ენერგიულ, რითმულ და გასართობ ჯაზს სთავაზობს. კრებულში აშკარად ჩანს მუსიკოსის ვირტუოზული ტექნიკა და სიხალასე. წინა კრებულებისგან განსხვავებით, სადაც აკუსტიკური ბასი დომინირებდა, ახალ ნაშრომში აკუსტიკურისა და ელექტრო ბასის ერთობლიობა ჟღერს.

როგორც კლარკი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, მისი მთავარი მიზანი მეგობრებთან ერთად კრებულის ჩაწერა იყო, ყოველმა სტუდიურმა სესიამ კი მას დიდი სიამოვნება მიანიჭა.

ისევე როგორც ბოლო გრემის მფლობელი კრებულის შემთხვევაში, სტენლი კლარკის ბენდის შემადგენლობაში ახალ ჩანაწერზე პიანისტმა რუსლან სიროტამ და დრამერმა რონალდ ბრუნერ ჯუნიორმა იმუშავეს. მიმდინარე ტურში კი მისი ბენდის წევრები- ქართველი პიანისტი ბექა გოჩიაშვილი და დრამერი მაიკ მიჩელი არიან. ორივე მუსიკოსი საკმაოდ ახალგაზრდაა, თუმცა ასაკის მიუხედავად უზომოდ ნიჭიერი.

კრებულზე ასევე მუშაობდნენ ჩიკ კორეა, ჯო ვოლში, ჯიმი ჰერინგი, გარი ბრაუნი, დაგ ვები, გრეგ ფილინგეინი, ფილ დევისი და სხვა.

მუსიკოსების განცხადებით, ალბომში თავმოყრილია განსაკუთრებული კომპოზიციები, რომლებიც კლარკმა ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში შექნა. მის აქტივში კი 20-მდე ასეთი კომპოზიციაა და ისინი სპეციალურად ბასის სოლოსთვის შეიქმნა. ერთ-ერთია “Mingus”, რომელიც კლარკმა ცნობილ ბასისტს ჩარლზ მინგუს მიუძღვნა. კომპოზიცია “Tradition” კი შეიქმნა იმ მუსიკოსების შთაგონებით, რომლებთანაც მას წლების მანძილზე მუშაობა უწევდა. კერძოდ, კომპოზიციები ჰორას სილვერის, არტ ბლეიკის, ჯო ჰენდერსონის და სტან გეცის საპატივცემულოდ. აქვეა შესული სიმღერა „Brazilian Love Affair”, რომელიც სტენლი კლარკმა მეგობარს და არაჩვეულებრივ მუსიკოსს ჯორჯ დიუკს მიუძღვნა.

“Up” გაყიდვაში სექტემბრის ბოლოს გამოვიდა.

XS
SM
MD
LG