Accessibility links

logo-print

სტეფანავანი - რუსეთის ახალი სამხედრო ბაზის ადგილი?


რუსეთის სამხედრო ავიაბაზა კრასნოიარსკთან

რუსეთის სამხედრო ავიაბაზა კრასნოიარსკთან

ქმნის თუ არა რუსეთი კიდევ ერთ ახალ სამხედრო ბაზას საქართველოს მეზობელ სომხეთში, სადაც პუტინმა ორი წლის წინ რუსეთის პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერების პირობა დადო?

ჩვენი სომეხი კოლეგები ამ თემით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც 3 ნოემბერს, სომხეთის ეროვნულ კრებაზე სიტყვით გამოსვლის დროს, სომხეთის ტერიტორიული მართვისა და საგანგებო სიტუაციათა მინისტრმა არმენ ერიციანმა განაცხადა, რომ სოფელ სტეფანავანში ძველი აეროდრომის გარემონტება და მასზე რუსული შვეულმფრენების განლაგება იგეგმება:

არმენ ერიციანი

არმენ ერიციანი

„2016 წელს ჩვენ უკვე დავასრულებთ იქ სარემონტო სამუშაოებს. მე ასევე მოველაპარაკე ჩვენს რუს კოლეგებს, რომ აქ ჩვენ გვჭირდება მძიმე შვეულმფრენები - საუბარია მი-24 და კა-34 ტიპის ვერტმფრენებზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ აქ მორიგეობას განახორციელებენ ეს შვეულმფრენები და აქ იმოქმედებენ“.

როგორც ირკვევა, სომხეთის მთავრობამ 2013 წლის აგვისტოში გადასცა სომხეთის ტერიტორიული მართვისა და საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს სტეფანავანის აეროდრომი, რომლის ამოქმედება სომხეთს შესაძლებლობას მისცემს უფრო ეფექტიანად განახორციელოს სამაშველო სამუშაოები. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის შეკითხვაზე, რუსული წარმოების მი-24 ტიპის შვეულმფრენები დამრტყმელი ტიპის ვერტმფრენებს განეკუთვნებიან და ეს აეროდრომი მხოლოდ საგანგებო სიტუაციების დროს იქნება გამოყენებული თუ სამხედრო ამოცანების შესრულების დროსაცო, მინისტრმა ერიციანმა შემდეგი განაცხადა:

„არა, არა. არის ისეთი შვეულმფრენები, რომლებიც მძიმე ტვირთს ეწევიან, ჩვენ გვაქვს ასეთები... აეროპორტი ჯერჯერობით გამოიყენება საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხაზით, მაგრამ მომავალში, თუ აუცილებლობა იქნება მისი სხვა მიმართულებით გამოყენებისა, ჩვენ გამოვიყენებთ მას, მაგალითად, სოფლის მეურნეობაში..."

სამაშველო საქმიანობაში სამხედრო ავიაციის ჩართვაც შეიძლება, თუმცა ჩვენი სომეხი კოლეგები ერთმა ამბავმა დააინტერესა. ესაა 2014 წლის იანვარში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესცენტრის მიერ გავრცელებული ცნობა, რომლის თანახმად, ერევნის „ერებუნის“ აეროდრომზე სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო-საჰაერო და საჰაერო თავდაცვის ძალების ახალი საარმიო ავიაციის ესკადრილია შეიქმნა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, იქნება ეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება, მისი სუვერენიტეტი თუ სამხედრო სფერო, ჩვენ აშკარად ვხედავთ რუსეთის შემოჭრას...

გაირკვა, რომ თუ ადრე რუსეთის არმიის სამხრეთის სამხედრო ოლქის საავიაციო დაჯგუფება სომხეთში მხოლოდ „მიგ 29“ ტიპის გამანადგურებლებისაგან შექმნილი ესკადრილიისაგან შედგებოდა, ახალი ესკადრილიის ფორმირებისას სომხეთში განლაგებული რუსეთის ავიაჯგუფის შემადგენლობაში შევლენ მი-24 პ, მი-ბ მტ და მი 8 სმვ ტიპის შვეულმფრენებიც, რომელთა გამოყენებაც, „სომხეთის ტერიტორიაზე არსებული რუსეთის სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობის ტრანსპორტიორებისა და ჯარების მხარდაჭერის შემთხვევაში, ფართო წრის ამოცანების გადასაწყვეტად იქნება შესაძლებელი“.

ჩვენი სომეხი კოლეგები შეეცადნენ დაკავშირებოდნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის დაჯგუფების პრესცენტრს იმის გასარკევად, ნამდვილად განლაგდება თუ არა რუსეთის სამხედრო ბაზის კუთვნილი შვეულმფრენები სტეფანავანის აეროდრომზე, რომლის გარემონტებაც 2016 წლისათვის იგეგმება, მაგრამ ჩვენი კოლეგების წერილობით მიმართვას პასუხი არ მოჰყოლია. თუმცა ამ კონტექსტში საინტერესოა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ დაახლოებით ორი წლის წინ სომხეთში გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთი არათუ არ გეგმავს სამხრეთ კავკასიიდან წასვლას, არამედ აპირებს კიდევ უფრო განიმტკიცოს აქ თავისი პოზიციები.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში, იქნება ეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება, მისი სუვერენიტეტი თუ სამხედრო სფერო, ჩვენ აშკარად ვხედავთ რუსეთის შემოჭრას“, - უთხრა ჩვენს რადიოს სომხეთის საერთაშორისო საკითხებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა სტეპა საფარიანმა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG