Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენდერი და სტერეოტიპები მედიაში


ბათუმში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ტრენინგი ჟურნალისტებისა და მედიამენეჯერებისთვის. ტრენინგის თემა იყო „გენდერი და მედიის როლი ქალის პოლიტიკურად გაძლიერების პროცესში“. გაიმართა დისკუსია ქალების მონაწილეობაზე პოლიტიკურ პროცესებში. ექსპერტმა გენდერის საკითხებში მაია კუპრავამ ისაუბრა გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარებისთვის. გენდერის თემაზე ჟურნალისტებისთვის არაერთი ტრენინგი ჩატარდა. სიახლე ის არის, რომ ამ პროცესში უკვე რედაქტორები და მედიამენეჯერებიც ჩაერთვნენ. მაია კუპრავას აზრით, გენდერული თანასწორობის მიმართულებით მედიაში ჯერ ისევ არაერთი უხეში შეცდომა გვხვდება, მაგრამ ჟურნალისტები და რედაქტორები ასეთი შეხვედრების შემდეგ იწყებენ ფიქრს იმაზე, თუ როგორ გამოსწორდეს ვითარება.

ექსპერტმა კომუნიკაციების საკითხებში რუსუდან რუხაძემ ისაუბრა იმ სტერეოტიპებზე, რომლებიც ქალთა მიმართ საზოგადოებაში მყარადაა დამკვიდრებული. მისი აზრით, მედიის ინტერესი გენდერული საკითხებისადმი უნდა გაიზარდოს და ამით ხელი შეეწყოს სტერეოტიპების რღვევას და გენდერული ბალანსის აღდგენას მედიაპროდუქციაში. მისი თქმით, ისიც დისკრიმინაციულია, როცა ბეჭდურ გამოცემებში ქალთა შესახებ სპეციალური გვერდები იქმნება. მისი რეკომენდაცია ჟურნალისტების მიმართ ის იყო, რომ ქალთა შესახებ მაქსიმალურად ნეიტრალური ტერმინები გამოიყენონ და მათ, მოდის, კულტურისა და ეგრეთ წოდებული მსუბუქი თემების გარდა, სერიოზულ საკითხებზეც მისცენ აზრის გამოთქმის საშუალება.

შეხვედრის დასასრულს თავიანთი მოსაზრებები ჟურნალისტებმა და მედიამენეჯერებმაც გამოთქვეს. მედია-პალიტრის ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი მიიჩნევს, რომ ასეთი სახის შეხვედრები საშუალებას იძლევა, ჟურნალისტმა მოვლენებს სხვანაირად, უფრო დაკვირვებულად შეხედოს.

რადიო „ძველი ქალაქის“ პროგრამების დირექტორის ქეთი ბერძენიშვილის აზრით, ასეთი აქტუალური საკითხების ცოდნა არა მარტო ჟურნალისტებისთვის, არამედ პროდიუსერებისა და რედაქტორებისთვისაც აუცილებელია, რადგან სწორედ ისინი გეგმავენ გადაცემებს.

მედიამენეჯერებსა და ჟურნალისტებთან გენდერის თემაზე შეხვედრა-ტრენინგები მომავალშიც გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG