Accessibility links

მიმდინარე წლის 7 აგვისტოს ამერიკელ ტენორ-საქსოფონისტს, ფლეიტისტსა და მულტიინსტრუმენტალისტს რაჰსაან როლანდ კერკს 80 წელი შეუსრულდებოდა. მისი ხსოვნის პატივსაცემად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მრავალი კონცერტი გახლავთ დაგეგმილი. ერთ-ერთი მათგანია ფესტივალი "რაჰსაანათონი", რომელიც უკვე მესამე წელია, რაც კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ხოსეში იმართება. წლევანდელი ფორუმი 4 აგვისტოს ნიუ-იორკელმა ჯონ კრათმა გახსნა. საკუთარ ბენდთან ერთად, მან კერკის დისკოგრაფიიდან შერჩეული საუკეთესო თხზულებები შეასრულა. თუმცა ფესტივალის ცენტრალური ფიგურა ამერიკელი ტრომბონისტი სტივ ტურე ბრძანდება, რომლის შესახებაც უფრო ვრცლად მოგახსენებთ.

სტივ ტურე 1948 წელს დაიბადა. მამა სიცილიელი, ხოლო დედა მექსიკელი ჰყავდა. მუსიკალური ოჯახი იყო, ლათინური ფოლკლორის, ჯაზისა და ბლუზის სმენა უყვარდათ. განსაკუთრებით, ლუი არმსტრონგისა და დიუკ ელინგტონის შემოქმედებას ეტრფოდნენ. პატარაც ხსენებული ბატონების ჩანაწერებზე იზრდებოდა და, პარალელურად, ტრომბონზე დაკვრის ხელოვნებას ეუფლებოდა, საშემსრულებლო ხელწერას კი საკრამენტოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორკესტრში ხვეწდა.

არტისტის პროფესიული კარიერა 1972 წლიდან დაიწყო, როცა საგასტროლო ბენდში თვით რეი ჩარლზმა აიყვანა. მასთან თანამშრომლობის პერიოდში მუსიკოსმა ერთ-ერთი საუკეთესო ტრომბონისტის რეპუტაცია მოიპოვა, რის გამოც ჯერ არტ ბლეიკის ლეგენდარულ ანსაბლ Jazz Messengers-ში მოხვდა, ხოლო მოგვიანებით ტედ ჯონსის ჯაზური ბიგ-ბენდის წევრი გახდა. თუმცა სტივ ტურე ერთ ადგილზე დიდხანს არ ჩერდებოდა. 70-იანებში ისეთ ცნობილ არტისტებს გაუწია პარტნიორობა, როგორებიც არიან: დიზი გილესპი, მაკკოი ტაინერი, ჰერბი ჰენკოკი, ლათინოამერიკული ჯაზის ვარსკვლავები ტიტო პუენტე და მონგო სანტამარია, როკმუსიკოსი ვან მორისონი და მრავალი სხვა.

სტივ ტურე ერთხელაც მეხიკოს ეწვია, სადაც მამის ნათესავებისგან თავიანთი გვარის უჩვეულო მუსიკალური გატაცების შესახებ შეიტყო. გაირკვა, რომ არტისტის წინაპრები ზღვის ნიჟარებზე უბადლო დამკვრელები ბრძანდებოდნენ და ამ უცნაურ ოჯახურ ტრადიციას თაობიდან თაობას გადასცემდნენ. სტივმაც საკუთარ არსენალში ასამდე ახალ სასულე საკრავს მოუყარა თავი, რომლებიც მეტწილად კარიბის ზღვის აუზისა და წყნარი ოკეანის სანაპიროებიდან ჩამოჰქონდა. მისი განმარტებით, ამ რეგიონის ნიჟარებს ინდივიდუალური აკუსტიკური სიმდიდრე-მოქნილობა აქვთ: ზოგი ფლიუგელჰორნისა და ვალტორნის, ზოგიც ტრომბონის ტემბრითა თუ დიაპაზონით გამოირჩევა. ჰოდა, 1993 წელს სტივ ტურემ გამოსცა ალბომი "Sanctified Shells", სადაც წინაპართა ყაიდაზე ნიჟარებს ჩაჰბერა და საკუთარი თხზულებები ნოვაციური აკუსტიკური ჟღერადობით წარმოადგინა.

1987 წლიდან დღემდე სტივ ტურემ 19 სოლოალბომი გამოსცა. მათგან რამდენიმეს გამოვარჩევდი. მაგალითად, 1999 წლის პროექტს Lotus Flower, რომელიც ალტის, ვიოლონჩელის, ფორტეპიანოს, კონტრაბასის, დრამის, ტრომბონისა და ნიჟარების გასაუბრებას წარმოადგენს. საინტერესოა დისკი, სახელწოდებით In The Spur of the Moment, სადაც ტურემ სამ სხვადასხვა ჯაზურ აკუსტიკურ კვარტეტთან ერთად დაუკრა, სამი განსხვავებული ხელწერის პიანისტის - რეი ჩარლზის, ჩუჩო ვალდესისა და სტივენ სკოტის -მონაწილეობით. აქვე ბოლო პროექტსაც ვახსენებ. ჟურნალმა "როლინგ სთოუნმა" 2015 წლის ალბომს, Spiritman-ს, ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი უწოდა არტისტის დისკოგრაფიაში, ხოლო თავად მუსიკოსი თანამედროვეობის საუკეთესო ტრომბონისტად მოიხსენია.

დაბოლოს, რაჰსაან როლანდ კერკისადმი მიძღვნილ სან-ხოსეს ფესტივალს დავუბრუნდები. სტივ ტურე კერკის თხზულებებს საკუთარი ინტერპრეტაციით წარმოადგენს, რაშიც მას პარტნიორობას არანაკლებ დიდებული მუსიკოსი - ამერიკელი საქსოფონისტი, კლარნეტისტი და ფლეიტისტი - ჯეიმს კარტერი გაუწევს.

ამავე თემაზე

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG