Accessibility links

logo-print

ბორჯომში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან


ბორჯომი სტიქიის შემდეგ

ბორჯომი სტიქიის შემდეგ

4 აგვისტოს სტიქიის შედეგად დაიტბორა ქალაქის ქუჩები, ჩაიხერგა გზები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სარდაფები და ეზოები.

ძლიერი წვიმა და სეტყვა ბორჯომში 4 აგვისტოს საღამოს 8 საათზე დაიწყო და, დაახლოებით, ნახევარ საათს გაგრძელდა. უხვ ნალექს თან ძლიერი ქარიც ახლდა, რამაც ასწლოვანი ხეები გადაამტვრია და ბორჯომ-სადგერის მიმართულებით ცენტრალური გზა ჩახერგა. სტიქიამ დააზიანა ბორჯომის ცენტრალური პარკი, ხოლო პლატოსა და ახალშენის ტერიტორიაზე ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსებს სახურავები გადახადა.

სტიქიას სამაშველო, სახანძრო და გარემოსდაცვითი სამსახურები წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ. უხვი ნალექისგან დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც 6 000–მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამ დრომდე სასმელი წყალი და ელექტროენერგია არ მიეწოდება ქალაქის ნაწილსა და დაბა წაღვერს. იმ უბნებს, სადაც სასმელი წყლით უზრუნველყოფა დღის ბოლომდე ვერ მოხერხდება, წყალს ცისტერნებით აწვდიან. შექმნილი ვითარების გამო წუხელვე ადგილზე ჩავიდა რეგიონალური განვითარების მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი.

ბორჯომი სტიქიის შემდეგ

ბორჯომი სტიქიის შემდეგ

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ცნობით, ბორჯომში ვითარება კონტროლს ექვემდებარება. საგანგებო შტაბის სხდომაზე, რომელსაც მხარის გუბერნატორი ხელმძღვანელობს, სალიკვიდაციო სამუშაოების მოკლე ვადებში განხორციელების გეგმაზე იმსჯელეს, ზარალის ოდენობის შესახებ კი ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. აკაკი მაჭუტაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრისგან მიღებულია დავალება და ადგილზე კოორდინირებულად მუშაობს ყველა შესაბამისი უწყება.

ბორჯომში მომხდარი სტიქიის შემდეგ ქალაქის დასუფთავება დილიდან დაიწყო. კეთილმოწყობის სამსახური ცდილობს ქუჩები სილისა და ნარჩენებისგან გაწმინდოს. ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, მობილიზებულია რეგიონის ყველა საჭირო ტექნიკა და რესურსი. რადიო თავისუფლებასთან გასაუბრებისას ბორჯომელები სტიქიის დღეს იხსენებენ და მიყენებულ ზარალზე ჩივიან.

სტიქიის შედეგად დაზარალებული ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ბორჯომის გარდა დაზარალდა მიმდებარე დასახლებებიც. სადგერსა და წაღვერში განადგურებულია ნათესები და ბაღები. ბორჯომში სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა შიდა გზები, თუმცა ცენტრალურ გზაზე გადაადგილება ამ დროისთვის უკვე შეუფერხებლად არის შესაძლებელი. სტიქიის შედეგად დაზარალებულია ასევე წაღვერი, სადაც ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობა ცოტახნის წინ აღდგა. ამ დრომდე პრობლემები რჩება შიდა გზებზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG