Accessibility links

logo-print

გორში ისევ წვიმს. გუშინ კი ეს ქალაქი ვენეციას არაერთმა მოქალაქემ შეადარა. ნახევარსაათიანი ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები, სახლების სარდაფები და მაღაზიები. კრიტიკული ვითარება შეიქმნა მიწისქვეშა გადასასვლელებში, სადაც წყალი სწრაფად შევარდა და ადამიანები ამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

ქალაქის სამაშველო და კეთილმოწყობის სამსახურები რამდენიმე უბანში ერთდროულად მუშაობდნენ. ისინი სახლებიდან და სარდაფებიდან წყალს ტუმბავდნენ. ზოგიერთი ეზო ამ დრომდე დატბორილია. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ სანიაღვრე სისტემამ ვერ იმუშავა, რამაც მთელი ქალაქის დატბორვა გამოიწვია.

გაუმართავ საკანალიზაციო სისტემაზე ლაპარაკობენ ვერხვების დევნილთა დასახლებაშიც, სადაც წყალმა სარდაფები დატბორა.

სტიქიის შედეგები გორში

სტიქიის შედეგები გორში

არანაკლებ დაზიანდა ქალაქის მთავარი ადმინისტრაციული შენობა. სამი წლის წინ გაკეთებული სახურავიდან წყალი ჩავიდა. საკრებულოს ფლიგელში მესამიდან პირველ სართულამდე ოთახები წყალმა ჩარეცხა. ამის შემდეგ ფრაქცია „ქართული პარტიის“ ოთახში ჭერიც ჩამოინგრა. საკრებულოს თანამშრომლებმა ელექტროტექნიკის გადარჩენა შეძლეს. საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველი ამბობს, რომ სახურავზე შესრულებული სამუშაოებით დაინტერესდება.

გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი აცხადებს, რომ წყალდიდობის დროს 40-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა. სამაშველო და კეთილმოწყობის სამსახურები ახლაც საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მისი თქმით, მოკლე დროში ზარალიც დაითვლება.

ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება, სინოპტიკოსები კი ოპტიმისტურ პროგნოზს ვერ აკეთებენ. შიდა ქართლში წვიმიანი ამინდი კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

ამავე თემაზე

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG