Accessibility links

logo-print
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დახოცილია შინაური ფრინველი. სოფლებში მოიშალა ინფრასტრუქტურა. საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა და მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ზიანი მიადგა. კარდენახის, ვეჯინის, კოლაგისა და ბაკურციხის მოსახლეობა ამბობს, რომ განადგურდა მარწყვისა და ატმის ნარგავები, მსხმოიარე ვენახები და გარგარი, ასევე ბოსტნეული კულტურები.

14 მაისის სტიქიის დროს ბაკურციხეში ადიდებულმა ხევმა სასოფლო გზები თითქმის მთლიანად მოშალა. ამის გამო საავტომობილო გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა. სეტყვას ძლიერი წვიმაც ახლდა, რამაც სოფლის საუბნო გზებთან ერთად საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა.

ვეჯინსა და კოლაგში სტიქიით დაზარალებულებმა დღეს საავტომობილო გზა გადაკეტეს, ზარალის დამთვლელი კომისიის შექმნის მოთხოვნით.
დაზარალებულები აცხადებენ, რომ ისინი შემოსავლის გარეშე დარჩნენ და მათ დახმარება ესაჭიროებათ.

სტიქიის ზონაში უკვე მუშაობენ მძიმე ტექნიკით. პირველ რიგში, გზების მოწესრიგება ხდება. გარდა ამისა, მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროსადენებისა და ბუნებრივი აირის მაგისტრალის აღდგენა. გურჯაანის მუნიციაპალიტეტის გამგებლის ჯონი ოსიაშვილის განცხადებით, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზიანის ოდენობას შეისწავლის.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განაცხადეს, რომ ჯერ ცნობილი არ არის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ზუსტი რაოდენობა. გურჯაანის მაჟორიტარმა გიორგი ღვინიაშვილმა მთავრობას კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგებით დაინტერესებისა და დროული რეაგირების მოთხოვნით მიმართა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG