Accessibility links

logo-print

მეშვიდე დღე სტიქიიდან - ვაკე-საბურთალოს ჩქაროსნული მაგისტრალი სექტემბრამდე აღდგება


ვაკე-საბურთალოს შემაერთებელი ახალი გზის მონაკვეთი, - თამარაშვილიდან გმირთა მოედნამდე, - რომელიც სტიქიამ დაანგრია, სექტემბრამდე უნდა აღდგეს - ასე გადაწყდა 20 ივნისს თბილისის მერიაში გამართულ უწყებათშორისი კომისიის სამუშაო შეხვედრაზე, სადაც სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები და ექსპერტები პირველად შეიკრიბნენ და ვერეს ხეობის განვითარების მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივებზე იმსჯელეს. გადაწყვეტილია აგრეთვე, რომ ხეობაში წინასწარი შეტყობინების სისტემა დამონტაჟდეს, დაზარალებული და უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა კი უახლოეს მომავალში საცხოვრებელი ბინებით დააკმაყოფილონ. მათ აღარც საბანკო დავალიანების გადახდა მოუწევთ.

„თამარაშვილიდან გმირთა მოედნამდე გზა ძალიან სწრაფად უნდა აღდგეს“, – განაცხადა 20 ივნისს, შაბათს, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მას შემდეგ, რაც შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან, ასევე გეოგრაფებთან, გეოლოგებთან და არქიტექტორებთან რამდენიმესაათიანი სამუშაო შეხვედრა დასრულდა. დედაქალაქის მთავრობაში ფიქრობენ, რომ სექტემბერში, როცა თბილისი სრულად დაიტვირთება, ვაკე-საბურთალოს ჩქაროსნული მაგისტრალის გარეშე შესაძლოა ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსი მივიღოთ.

„როგორც კი უახლოეს დღეებში ნაშალი მასალის გატანა და ტერიტორიის დასუფთავება დამთავრდება, ჩვენ მზად გვექნება შესაბამისი აღდგენითი პროექტები უბნების მიხედვით და სექტემბრის შუა რიცხვებამდე იქ მოძრაობა უნდა აღდგეს. სხვა შემთხვევაში, როცა სექტემბერში ხალხი ქალაქში დაბრუნდება, ჩვენ მივიღებთ სატრანსპორტო კოლაფსს", - განაცხადა ნარმანიამ.

შეტყობინების შემთხვევაში სატრანსპორტო ნაკადს, მძღოლებს უნდა შეეძლოთ სწორედ ამ საევაკუაციო ჯიბეების მეშვეობით ძალიან მოკლე პერიოდში მანქანით ან უმანქანოთ გამოსვლა...

ოთხშაბათისთვის დაინიშნა უწყებათშორისი კომისიის მორიგი სხდომა, სადაც დარგის სპეციალისტებისგან კონკრეტულ წინადადებებს ელოდებიან. უკვე ცნობილია, რომ ვერეს ხეობის გაყოლებაზე ადრეული შეტყობინების სისტემა უნდა დამონტაჟდეს. როგორც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, ეს ძვირად ღირებული სისტემა ხეობის მთელ სიგრძეზე უნდა განთავსდეს. ე.წ. განგაშის სისტემა სწრაფი რეაგირებისა და მსხვერპლის თავიდან აცილების გარანტია იქნება:

„უკვე დაკვეთილია და ძალიან მალე - დღეს-ხვალ - უნდა დავამონტაჟოთ ეს სისტემა მთელ ამ 30-კილომეტრიან მონაკვეთზე - მდინარე ვერეს სათავიდან ბოლომდე. ასევე ვაპირებთ, რომ დავიწყოთ ბარიერების დამონტაჟება, რაც დაახლოებით 2 მილიონი დაგვიჯდება, მაგრამ ესეც გადაუდებელი საჭიროებაა და მთელ პერიმეტრზე გვინდა, რომ ნალექიანობის მზომი აპარატურაც განვათავსოთ“.

ვაკე-საბურთალოს შემაერთებელიე. წ. ახალი გზის აღდგენის იდეის მომხრეებს შორის არის მენაშენეთა ასოციაციის პრეზიდენტი, თბილისის ყოფილი მთავარი არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი, რომლის აზრით, საჭიროა ე. წ. საევაკუაციო ჯიბეების მოწყობა:

„შეტყობინების შემთხვევაში სატრანსპორტო ნაკადს, მძღოლებს უნდა შეეძლოთ სწორედ ამ საევაკუაციო ჯიბეების მეშვეობით ძალიან მოკლე პერიოდში მანქანით ან უმანქანოთ გამოსვლა“.

გეოგრაფი გიორგი გოცირიძე, რომელიც ასევე ესწრებოდა მერიაში გამართულ შეხვედრას, აჩქარების წინააღმდეგია და მიიჩნევს, რომ ამჯერად მაინც კარგად უნდა განისაზღვროს რა სისტემა უნდა დაყენდეს ხეობაში:

„საქმე ის არის, რომ სისტემასაც უნდა მიეცეს დავალება. პირდაპირ ასეთი სისტემა, რომელსაც აარჩევ და დააყენებ, არსად იყიდება. ამიტომ ჯობს რამდენიმე დღე დავხარჯოთ და ზუსტად განვსაზღვროთ რას ვაკეთებთ, რომ იგივე შედეგები არ მივიღოთ“.

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სტიქიისგან დაზარალებულ ყველა ოჯახს, ვინც უსახლკაროდ დარჩა, საცხოვრებელი ბინით მთავრობა დააკმაყოფილებს, ხოლო ფიზიკურ პირებს საბანკო დავალიანება 100%-ით ჩამოეწერებათ.

19 ივნისს სავარაუდო ზარალის თაობაზე განცხადება ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმაც გააკეთა, რომლის თქმით, ახლა დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ფინანსურმა ზარალმა 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამ ეტაპზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, კერძო სტრუქტურებიდან კი მობილიზებულია 7.5 მილიონი ლარი. ამას ემატება ევროკავშირის დახმარება, 3 მილიონი ევროს ოდენობით. ხადურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტული შეთავაზებები აქვს როგორც მსოფლიო ბანკის, ისე აზიის განვითარების ბანკისგან.

დიმიტრი ქუმსიშვილი

დიმიტრი ქუმსიშვილი

თბილისის ვიცე-მერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით,13-14 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულთა დახმარებისთვის სპეციალური ვებგვერდიც შეიქმნა. პორტალი ინტერაქტიული ხასიათისაა და იქ თავს მოიყრის ინფორმაცია დაზარალებული ოჯახების საჭიროებების შესახებ, ასევე იმ აუცილებელი ნივთების ჩამონათვალი, რაც მათ ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სჭირდებათ. როგორც ქუმსიშვილი აცხადებს, დახმარების მსურველი ყველა ადამიანი თუ კომპანია შეძლებს ამ ჩამონათვალის მიხედვით დაეხმაროს სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს.

რაც შეეხება თბილისში სტიქიიდან მერვე დღეს მიმდინარე სამუშაოებს, ამ დრომდე იწმინდება მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორია და სვანიძის ქუჩა, სადაც სამაშველო სამსახური, ჯარი და მოხალისეები მუშაობენ.

გავრცელებული ხმები ეპიდემიის საშიშროების შესახებ უარყო ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, რომელმაც განაცხადა, რომ არის მხოლოდ ინფექციის გადაცემის საფრთხე, სწორედ ამიტომ სტიქიის ზონაში მომუშავე მოხალისეებს უკვე ჩაუტარდათ ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრა. ჯანდაცვის მინისტრი კვლავაც აფრთხილებს ყველას, ვინც ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებშია ჩაბმული, ატარონ დახურული ტანსაცმელი, ხელთათმანი და გამოიყენონ პირბადე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG