Accessibility links

logo-print

სტიქიით მიყენებული ზარალის სხვადასხვა რიცხვი


აღდგენითი სამუშაოები ვერეს ხეობაში

აღდგენითი სამუშაოები ვერეს ხეობაში

თბილისში სტიქიით მიყენებულ მატერიალურ ზარალს კიდევ ითვლიან. თავდაპირველად ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაახლოებით 40 მილიონი ლარის ზარალზე ლაპარაკობდა. მოგვიანებით მან და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც გამოაცხადეს, რომ დანაკარგის ანაზღაურებას დაახლოებით 100 მილიონი ლარი დასჭირდება. რა ზარალი მიადგა თბილისს სტიქიის შედეგად და რა წყაროებიდან დაფინანსდება აღდგენითი სამუშაოები?

ამ დღეებში, თბილისში დატრიალებულ სტიქიურ უბედურებაზე საუბრისას, ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად მწუხარებით იმეორებენ, რომ, დაღუპული ადამიანების გარდა, ყველაფრის აღდგენაა შესაძლებელი, მაგრამ ვერეს ხეობაში 14 ივნისის გამთენიისას წყალდიდობით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება ფინანსებს უკავშირდება, რომელიც მთავრობის არცთუ ძლიერი მხარეა. ჯერჯერობით მთავრობის წარმომადგენლები ზარალის ზუსტი მოცულობის დასახელებასაც ვერ ახერხებენ. სტიქიის მეორე-მესამე დღეს 40 მილიონი ლარის შესახებ საუბრობდნენ, მომდევნო დღეებში ზარალის მოცულობა უცებ გაიზარდა და ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გამოაცხადა, ყველაფრის აღდგენსთვის შეიძლება საკმარისი 100 მილიონი ლარიც არ იყოსო. 100 მილიონი დაასახელა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრისას:

„ზარალის სურათი ყოველდღე იცვლება. ზარალი შეიძლება 100 მილიონ ლარზეც ავიდეს. ამ ეტაპზე ასეთი ვითარება გვაქვს. ჩვენ მანამდე კი ვთქვით, რომ ზარალი შეადგენდა 40-50 მილიონს, მაგრამ ყოველდღე შემოდის ახალი ინფორმაცია, ვითვლით ავტომატურ რეჟიმში და ეს ზარალი საკმაოდ სოლიდურია, სერიოზულია. ალბათ, 100 მილიონ ლარამდე იქნება. ამიტომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ დონორებთან და იმედი გვაქვს, ისინი დაგვეხმარებიან ამ პრობლემების გადალახვაში“.

ვერეს ხეობა წყალდიდობის შემდეგ

ვერეს ხეობა წყალდიდობის შემდეგ

როგორც პრემიერ-მინისტრის განცხადებიდან ჩანს, მთავრობა დონორი ორგანიზაციებისგან სესხის აღებას აპირებს, რადგან ამ ეტაპზე ბიუჯეტიდან და შემოწირულებებიდან მობილიზებული თანხა 30 მილიონს არ აღემატება. ანგარიში იმის თაობაზე, თუ რისი შეგროვება მოხერხდა, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა უწყებათშორისი კომისიის სხდომაზე წარადგინა. ფინანსთა მინისტრმა ილაპარაკა შემოწირულებებზე, რომელიც დაახლოებით 6 მილიონი ლარია. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, რომლის საერთო მოცულობა 50 მილიონ ლარს შეადგენს, ზარალის ლიკვიდაციისთვის მობილიზებულია 10 მილიონი ლარი.

ფინანსთა მინისტრმა ილაპარაკა ასევე სხვადასხვა ქვეყნისა და ორგანიზაციების ექსპერტულ თუ მცირე ფინანსურ დახმარებაზე. ნოდარ ხადურის განცხადებიდან ირკვევა, რომ იმედი ძირითადად „აზიის განვითარების ბანკის“ სესხს უკავშირდება:

„’აზიის განვითარების ბანკი’ მზად არის, რომ ამ ეტაპზე, მოკლევადიან პერიოდში, 11 მილიონი დოლარი გამოგვიყოს. ეს თანხა პირველ ეტაპზე მოაკლდება თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობას, რომელიც შემდეგ შეივსება და მშენებლობა არ შეფერხდება. გარდა ამისა, 3 თვის განმავლობაში, პროცედურების დაცვით, ისინი მზად არიან დაახლოებით 57 მილიონი დოლარის იაფ რესურსზე გვესაუბრონ“.

რასაც ვერ შეძლებენ, ყველა თანხაზე მე განვაცხადე და კიდევ ერთჯერ ვიმეორებ, ყველა თანხა, ჩათვალეთ, რომ აქვთ, პრინციპში. ასეთი დაზღვევა არსებობს ჩემი სახით...

მთავრობას ეს თანხა დანგრეული სახლების ასაშენებლად, ზოოპარკის თბილისის ზღვაზე გადასატანად, ვერეს ხეობის გასამაგრებლად და ე.წ. ახალი გზის აღსადგენად ესაჭიროება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ ახალი ზოოპარკის მოწყობას 22 მილიონი ევრო სჭირდება. ჯერჯერობით უცნობია ახალი გზის აღსადგენად საჭირო თანხის ოდენობა. ერთი კი ცნობილია, რომ გზა აუცილებლად გაიხსნება, რადგან მის გარეშე თბილისის სატრანსპორტო სისტემის პარალიზება გარდაუვალი იქნება. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავრობას აიმედებს, რომ თუ სესხი და სხვა რესურსები არ იქნება საკმარისი, მათ საკუთარი ფინანსებიდან შეავსებს:

„ყველამ თავისი საქმე უნდა გააკეთოს. ეს ხელისუფლების საქმეა, მთავრობის. და ისინი აქტიურად ცდილობენ მოიძიონ რესურსები იმისთვის, რომ მაქსიმალურად დააკმაყოფილონ და დაფარონ ეს ხარჯები, რაც სტიქიამ მოგვიტანა და ამ უბედურებამ. რასაც ვერ შეძლებენ, ყველა თანხაზე მე განვაცხადე და კიდევ ერთჯერ ვიმეორებ, ყველა თანხა, ჩათვალეთ, რომ აქვთ, პრინციპში. ასეთი დაზღვევა არსებობს ჩემი სახით“.

რესურსების მოძიებაში ძირითადად საგარეო ვალების აღება იგულისხმება, რადგან მთავრობა ბოლო დრომდე თავს იკავებდა ბიუჯეტის სეკვესტრირებისა და ხარჯების შემცირებისგან. საგარეო ვალის გაზრდის პერსპექტივას ეკონომისტების ნაწილი ეწინააღმდეგება.

„რომ არა 300 მილიონი ლარით გაზრდილი სახელფასო და საპრემიო ფონდი, იქნებ ფული არც კი ყოფილიყო ამ გზით მოსაძიებელი?“ - ასეთ კითხვას სვამს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე. იგი ასევე აკრიტიკებს გადაწყვეტილებას, რომელიც მთავრობამ გამოაცხადა და რომლის მიხედვითაც სტიქიით დაზარალებულებს ბანკები სესხებს ჩამოაწერენ. გაუგებარი რჩება, ეს სესხები დონორებიდან მიღებული კრედიტით დაიფარება თუ ბანკებმა თავად იტვირთეს ეს ზარალი.

თუ ბანკების გადაწყვეტილება მთავრობის დავალების შედეგია, მაშინ ის სამომავლო უსიამოვნებებზე უნდა დაფიქრდესო, - აცხადებს ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე.

გამოითქმის ასევე ეჭვები, გაზრდილი სამთავრობო ხარჯების ფონზე, ლარის მორიგი დევალვაციის საფრთხესთან დაკავშირებით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG