Accessibility links

logo-print

ბორჯომში მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაო


ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს წუხანდელი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაო. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ცნობით, გრიგალის, კოკისპირული წვიმისა და სეტყვის შედეგად კურორტ ბორჯომსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები. ღვარცოფულმა ნაკადმა დააზიანა გზები, გრიგალმა კი – ელექტროგადამცემი ხაზები. ქარის მოგლეჯილი ხე დაეცა ავტომანქანას, რომელშიც მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი. სტიქიის გამო საჭირო შეიქნა 40-მდე პირის ევაკუაცია. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, პარასკევს დილით აღდგენილ იქნა მოძრაობა ცენტრალურ საავტომობილო გზებზე, შეწყვეტილი ენერგომომარაგება კი ეტაპობრივად განახლდება. საბჭოს განცხადებით, სტიქიის ზონის ყველა რთულ ადგილას უწყვეტი რეჟიმით მუშაობენ სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

სტიქიის გამო დროებით დაიხურა ბორჯომის პარკი, რომელსაც დიდი ზარალი მიადგა. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, პარკის ტერიტორიაზე მოგლეჯილია ათობით ასწლოვანი ხე, ჩახერგილია გზები და დაზიანებულია ატრაქციონები. პარკს წმენდენ სატყეო დეპარტამენტის ბრიგადები.

სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა საკურორტო დაბა წაღვერიც. პარალიზებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის შიდა სასოფლო გზები. ადგილზე იმყოფებიან კომპანია „ენერგო პროს“ სპეციალური ბრიგადები, რომლებიც დაზიანებულ ელექტროგადამცემ ხაზებს არემონტებენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG