Accessibility links

logo-print

დასავლეთ საქართველოში სტიქიისგან დაზარალებული რეგიონები პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის სხვა წევრებმა მოინახულეს. უხვი ნალექის გამო განსაკუთრებით დიდი ზიანი მიადგა აჭარას, იმერეთსა და გურიას. წაღებულია ხიდები, დახოცილია საქონელი. რამდენიმე ოჯახს, მეწყრის ხიფათის გამო, საცხოვრებლის დატოვება მოუხდა.პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ინფასტრუქტურის თვალსაზრისით ზარალის ოდენობა საკმაოდ მაღალია. მარტვილის მუნიციპალიტეტში 200-მდე ოჯახი გარესამყაროს მოსწყდა, მათ ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდებათ.

მარტვილის რაიონის სოფელ აბედათში წვიმის გამო ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო და მოსახლეობის ნაწილი ცენტრთან დამაკავშირებელი გზის გარეშე დარჩა. ოზურგეთის სოფლებში, სილაურსა და ჯუმათში, ხიდს წყალმა საძირკველი გამოაცალა და დაიტბორა საყანე ფართობები, დაიხოცა საქონელი. ძლიერი წვიმის გამო დაზარალდნენ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონების მცხოვრებლები. მეწყრის საშიშროებაა აჭარის მთიანეთში -ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში. ხულოში ადიდებულმა მდინარემ ხიდიც წაიღო. უჩამბის ხეობის მოსახლეობის ნაწილს, 300-ზე მეტ ოჯახს, დანგრეული ხიდის აღდგენამდე ალტერნატიული გზით სარგებლობა მოუწევს. ადგილობრივ მცხოვრებ მურმან ზოიძის თქმით, მოვარდნილმა წყალმა ათი დღის წინანდელი სტიქიის შემდეგ შექმნილი დროებითი ინფრასტრუქტურაც გაანადგურა და მოსახლეობამ მდინარეზე მორებისგან შეკრულიხიდი გადო:

„ადრე გაკეთებული ხიდი მდინარემ წაიღო, მერე ხელისუფლებამ გააკეთა შემოვლითი გზით ხიდი და ისიც წაიღო, მიზაა შამოსული სოფლის შესასვლელთან, მუშაობს ტრაქტორი და, ალბათ, გახსნის გზას და დანარჩენი მოსახლეობა ასე მოწყვეტილი ვართ“.

აჭარის მაღალმთიანეთი შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მოინახულა და შექმნილ მდგომარეობას გაეცნო:

„ყველგან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შექმნილია შტაბები, რათა ყველა პრობლემაზე ოპერატიულად მოხდეს რეაგირება. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, გუშინდლიდან 450 შეტყობინება შემოვიდა. 500-მდე მაშველი ახლაც მუშაობს და ქვეყნის მასშტაბით 100 ერთეული ტექნიკა მუშაობს“.

სტიქიისგან დაზარალდა იმერეთიც, ვანის სოფლების უმეტესობა.ვანის გამგებლის განცხადებით, სტიქიისგან მიყენებული ზარალის დასათვლელად სპეციალური კომისია შეიქმნა. ვანის რაიონში უამინდობის გამო აღდგენითი სამუშაოები ვერ იწყება. სოფელი სულორი ხიდის ჩანგრევის გამო მოსწყდა რაიონის დაარჩენ ნაწილს. მედიასთან საუბარში ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფლის მოწყვეტილ ნაწილთან დაკავშირება ვერ ხერხდება, საჭიროების შემთხვევაში იქ სასწრაფოც კი ვერ მივა.

სოფელი მოინახულა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მასთან ერთად იმყოფებოდა ვიცე-პრემიერი კახა კალაძეც.

„როგორც კი გაშრება და ტექნიკის მოსვლა იქნება შესაძლებელი, მაქსიმალურად მალე დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს, ცენტრალურ გზატკეცილზე მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს და საერთოდ დავასტაბილურებთ მდგომარეობას, ვფიქრობთ, რომ ძალიან მოკლე დროში შევძლებთ, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემები აღმოვფხვრათ. რაც შეეხება მიყენებულ ზარალს, მასაც მოკლე დროში დავითვლით და ვნახოთ, რა მასშტაბით და რა დოზით ავანაზღაურებთ ზარალს“, განაცხადა პრემიერმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია აბაშაში იმყოფებოდა. მისი სიტყვებით, დაიტბორა მიწის დიდი მასივები და უამინდობის გამო სალიკვიდაციო სამუშაოები ვერ იწყება:

„საკმაოდ დიდია რეგიონისთვის მიყენებული ზარალი, ჩვენ ახლა აბაშაში ვიმყოფებით, სადაც 1000 ჰექტარამდეა დატბორილი. ანალოგიური მდგომარეობაა სენაკის სოფლებში და მარტვილში“.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში აცხადებენ, დასავლეთ საქართველოში უხვი ნალექით გამოწვეულ სტიქიურ პროცესებზე ოპერატიული და კოორდინირებული რეაგირებაა.

„8-9 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა განსაკუთრებით დააზარალა აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და იმერეთის სოფლები. კერძოდ, წვიმის შედეგად დაიტბორა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ინფრასტრუქტურა, მათ შორის მწყობრიდან გამოვიდა საკომუნიკაციო სისტემები, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები. ადგილობრივი თვითმმართველობის, სამაშველო სამსახურების და პოლიციის კოორდინირებული ქმედებების შედეგად, განხორციელდა რამდენიმე ათეული ოჯახის ევაკუაცია. ოპერატიულად გატარებული ღონისძიებების შედეგად, აღნიშნული მომენტისთვის სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს“, - ნათქვამიასახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG