Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისევ სტიქია გორის მუნიციპალიტეტში


გორის მუნიციპალიტეტის ატენის ხეობის სოფლებში სახანძრო და სამაშველო სამსახურები მუშაობას აგრძელებენ, ადგილობრივი ხელისუფლება კი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის გეგმაზე მუშაობს. გუშინ, საღამოს, ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ გორის მუნიციპალიტეტის სამხრეთით მდებარე სოფლები და კასპის რაიონი დააზარალა. ადიდებული მთის მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა, დატბორა სახლები და მიწის სავარგულები, მოვარდნილმა ღვარცოფმა ზოგიერთ ადგილას გზებიც ჩახერგა. დაზიანდა ხიდები, რამდენიმე უბანი ძირითად სოფლებს მოწყდა. ატენი, წედისი, ბნავისი, ბობნევი, ოლოზი, ღვარები, დოესი – ეს იმ სოფლების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც წუხანდელმა სტიქიამ დიდი ზარალი მიაყენა. 40-წუთიანმა ძლიერმა სეტყვამ მოსახლეობას დაუზიანა სახლები, დაეხოცა შინაური ფრინველი, გაუნადგურდა მოსავალი. სტიქიის ზონიდან შეშინებულმა მოსახლეობამ ბავშვებიც კი გახიზნა. დაზარალებულები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.

სეტყვამ ატენში ვენახები და ხეხილის ბაღები დააზიანა. ადიდებულმა მდინარემ დატბორა ბოსტნეული კულტურები, ასევე ძირიანად მოგლიჯა მრავალწლიანი ნარგავები და დატბორა საცხოვრებელი სახლები. გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი სტიქიის ზონაში წუხელვე ჩავიდა. მისი თქმით, მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გზების გაწმენდა, დატბორილი სახლებიდან კი წყლის ამოქაჩვა ხდება.

უკანასკნელი ერთი თვეა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს სტიქია უტევს. ორიოდე კვირის წინ ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე სოფლები დაისეტყვა, ეს სოფლები ოკუპირებულ ტეროტორიებს ესაზღვრება. წუხელ კი სტიქიამ უკვე სამხრეთით მდებარე სოფლები დააზარალა. სპეციალისტების ვარაუდით, წელს საზაფხულო ხილის დეფიციტი იქნება, რადგან გორის რაიონში მოსავლის დიდი ნაწილი უკვე განადგურებულია.

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG