Accessibility links

logo-print

სტიქიამ უკან დაიხია, მტაცებლის საფრთხემ - არა


ზოოპარკის ტერიტორია, 15 ივნისი 2015 წ.

ზოოპარკის ტერიტორია, 15 ივნისი 2015 წ.

თბილისში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა. 18 ივნისს, გამთენიისას, ზოოპარკის ტერიტორიაზე მაშველებმა ახალგაზრდა ქალის გვამი იპოვეს. უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მონაცემებით, სამი ადამიანი ითვლება დაკარგულად. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იქმნება უწყებათაშორისი კომისია, რომელიც შეისწავლის მდინარე ვერეს ხეობის მდგომარეობას და ორგანიზებას გაუწევს აღდგენით სამუშაოებს. რა ხდება თბილისში სტიქიური უბედურებიდან ხუთი დღის შემდეგ?

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, სპეციალური ტექნიკისა და ცოცხალი ძალის დახმარებით, ვერეს ხეობისა და ზოოპარკის ტერიტორიის გაწმენდას განაგრძობენ.უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილის გიორგი ღიბრაძის თქმით, მაშეველები ეძებენ სამ დაკარგულს, საავადმყოფოებში კი მკურნალობის კურსს ექვსი ადამიანი გადის. რაც შეეხება ზოოპარკიდან დაკარგულ ცხოველებს:

„დაკარგული ცხოველების შესახებ მერიიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქში ჯერჯერობით არ არის ნაპოვნი არც ერთი მტაცებელი ცხოველი. ზოოპარკის ტერიტორიაზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, რომელიც ადგილზე ახდენს ჩასატარებელი სამუშაოების შეფასებას“.

კომისიის მუშაობაში ჩაერთვებიან მოწვეული უცხოელი და ქართველი სპეციალისტები, არქიტექტორ-ურბანისტები, გეოკონსტრუქტორები და სხვა სპეციალისტები, რათა თითოეულ დეტალზე მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური დასკვნა მომზადდეს...

უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მონაცემებით, კვლავ გაურკვეველია ერთი ვეფხვისა და ერთი ზოლებიანი აფთრის ბედი. თბილისის ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის თქმით, მაშველები ეძებენ ცხოველთა ლეშებს როგორც ზოოპარკის ტერიტორიაზე, ასევე მის გარეთ, პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები კი რეაგირებენ მოსახლეობის სატელეფონო ზარებზე. 18 ივნისს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეძლო საძიებო და გაწმენდითი სამუშაოების წარმოება ვერის ხეობაში მდებარე გვირაბებშიც. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, შეიქმნება უწყებათაშორისი კომისია, რომელიც შეისწავლის მდინარე ვერეს ხეობაში შექმნილ მდგომარეობას და ორგანიზებას გაუწევს აღდგენით სამუშაოებს:

„კომისიის მუშაობაში ჩაერთვებიან მოწვეული უცხოელი და ქართველი სპეციალისტები, არქიტექტორ-ურბანისტები, გეოკონსტრუქტორები და სხვა სპეციალისტები, რათა თითოეულ დეტალზე მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური დასკვნა მომზადდეს და ამის შემდეგ დავიწყოთ ჩვენ სამუშაოები. რა თქმა უნდა, მანამდე შეიძლება დავსახოთ სამუშაოები, მოკლე და საშუალოვადიან პროექტებად დავყოთ და გავანაწილოთ, მაგრამ ძალიან მნიშნელოვანია ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ხეობის და ამ მდინარის პრობლემის მოგვარებაზე სახელმწიფო იწყებს ძირეული პროექტის განხორციელებას, რომ ასეთი კატასტროფა აღარ განმეორდეს არასოდეს“.

უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გადაწყვეტილებით, შედარებით შემცირდა მოხალისეთა რაოდენობა, თუმცა 18 ივნისს დაახლოებით 300 მოხალისე მუშაობდა „მზიურის“ ტერიტორიაზე, 100 - ეგნატაშვილის ტანვარჯიშის დარბაზში, 120 - ვაკე-საბურთალოს გზაზე და 60 - სვანიძის ქუჩაზე, სადაც, თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, წყლის ნაკადმა ყველაზე მეტად დააზიანა საცხოვრებელი სახლები:

საბოლოო შენატანები, რაც ხაზინის ანგარიშზე მოიყრის თავს, მთლიანად მოხმარდება სტიქიის შედეგების აღმოფხვრას. დახმარებების ზუსტი ოდენობის დაზუსტება ჭირს იმის გამო, რომ ინფორმაცია გამუდმებით იცვლება...

„დასრულდა ლაბორატორიის მიერ დასკვნების გაკეთება. ოთხი სახლია მკვეთრად ავარიული, რომლებიც სრულ დემონტაჟს უნდა დაექვემდებაროს. ამიტომ ჩვენ გვექნება საერთო მსჯელობა ამ ქუჩაზე მოსახლეობის მდგომარეობასა და მათ მხარდაჭერასთან დაკავშირებით“.

სულ, ფინანსთა სამინისტროს უხეში გაანგარიშებით, სტიქიური უბედურების შედეგად გამოწვეულმა ზარალმა 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ანგარიშებზეუკვე შესულია15 მილიონ 200 ათასი ლარი. ევროკავშირმა გამოთქვა მზადყოფნა საქართველოს დასახმარებლად გამოყოს 3 მილიონი ევრო. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის ხათუნა ივანიშვილის თქმით, ანგარიშები გახსნილია როგორც თბილისის მერიაში, ასევე სახელმწიფო ხაზინაში.

„საბოლოო შენატანები, რაც ხაზინის ანგარიშზე მოიყრის თავს, მთლიანად მოხმარდება სტიქიის შედეგების აღმოფხვრას. დახმარებების ზუსტი ოდენობის დაზუსტება ჭირს იმის გამო, რომ ინფორმაცია გამუდმებით იცვლება. ამასთან, დახმარებები გამოიყოფა კონკრეტული საჭიროებებისა და პროექტების მიხედვით. ამიტომ ჯერ ისევ მიმდინარეობს აღწერითი სამუშაოები და ამ ინფორმაციის დამუშავება“, უთხრა ხათუნა ივანიშვილმა რადიო თავისუფლებას.

18 ივნისს, დღის მეორე ნახევარში, 112-ის სამსახურში შევიდა ინფორმაცია, რომ რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში მოქალაქეებმა დაინახეს თბილისის ზოოპარკიდან გაქცეული ვეფხვი. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა რაზმმა პარკის ტერიტორიიდან სასწრაფოდ გაიყვანა მოქალაქეები. სპეცრაზმი 2 საათის განმავლობაში ჩხრეკდა პარკს, მეჩვიდმეტესაჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიას, სკოლის შენობასა და სარდაფს, მაგრამ, როგორც რუსთავის მერიაში განაცხადეს, ვეფხვის შესახებ შესული შეტყობინება არ დადასტურდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG