Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიით დაზარალებულები მოქალაქეებს მადლობას უხდიან


სტიქიის შედეგად დაზარალებულმა 260-ზე მეტმა ადამიანმა 15 ივნისის ღამე თბილისში მდებარე სხვადასხვა სასტუმროში გაათენა. თბილისის მერიის განცხადებით, პირველ ეტაპზე ყველა დაზარალებულ ოჯახს ვაკისა და საბურთალოს რაიონის გამგეობები ქირით უზრუნველყოფენ. პარალელურად, სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ პუნქტებში ინტენსიურად გროვდება საკვები, ტანსაცმელი და პირველადი მოხმარების ნივთები. პირველადი მონაცემებით, სტიქიით მიყენებული ზარალი რამდენიმე მილიონ ლარს აჭარბებს. უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ბოლო ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა.

25 წლის სოფიო ხარხელაური, მცირეწლოვან შვილებთან ერთად, დიდუბის რაიონში, სასტუმრო „444“-შია შესახლებული. მათთან ერთად ამ სასტუმროში 14 ივნისის ღამეს სტიქიით დაზარალებული და უსახლკაროდ დარჩენილი კიდევ 40-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის არიან ბავშვებიც. სოფიოს უფროს შვილს, 6 წლის მარიამს, ფეხი აქვს შეხვეული - წყალდიდობისას ტერფში ლურსმანი შეერჭო. სოფიოს სახლს, რომელიც წყნეთის ხევის #71-ში მდებარეობს, ადიდებულმა ვერემ საყრდენი კედელი გამოაცალა:

„წყლის მატებას ვაკვირდებოდი. მერე შუქი ჩაქრა და ვეღარაფერს ვხედავდი. ყვირილი გავიგე, მეზობელს ვერ პოულობდნენ. მარტო ვიყავი ბავშვებთან ერთად. გადავწყვიტე ბავშვები გამომეყვანა და მანქანაში ჩამესვა. ამასობაში პატრული მოვიდა. მითხრეს, რომ იმ ტერიტორიაზე ყოფნა სახიფათო იყო და ვაკე-საბურთალოს მაგისტრალზე აგვიყვანეს“.

ჯერ სახლის სარდაფი დაიტბორა. მერე პირველ სართულზედ ამოვიდა წყალი, მაგრამ დარწმუნებულები ვიყავით, რომ მეტს აღარ მოიმატებდა. ყველაფერი წამებში მოხდა. ავრბოდით ზედა სართულზე და წყალი ფეხდაფეხ მოგვდევდა...
კახაბერ კანთელაშვილი

სასტუმრო „444“-ში ექვსსულიან ოჯახთან ერთად ცხოვრობს მარინა გერგედავა. სასტუმროს ფოიეში მოქალაქეების მიერ მიტანილ ფეხსაცმელებს იზომავს. ადიდებულმა მდინარემ ის და მისი ოჯახის წევრები ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის გარეშე დატოვა. 14 ივნისის ღამემდე მარინა გერგედავას სახლიც წყნეთის ხევში იდგა. აფხაზეთიდან დევნილმა ოჯახმა იქ ორსართულიანი სახლი 90-იან წლებში ააშენა. დღეს ამ სახლის პირველი სართული მთლიანად მიწის ქვეშაა მოქცეული. მარინა და მისი ოჯახის წევრები, წლინახევრის ბავშვთან ერთად, მოვარდნილ ვერეს სახლის სახურავზე გაექცნენ:

„ჯერ სახლის სარდაფი დაიტბორა. მერე პირველ სართულზედ ამოვიდა წყალი, მაგრამ დარწმუნებულები ვიყავით, რომ მეტს აღარ მოიმატებდა. ყველაფერი წამებში მოხდა. ავრბოდით ზედა სართულზე და წყალი ფეხდაფეხ მოგვდევდა. წყალი რომ ყელამდე ამოვიდა, მაშველებთან დავრეკეთ. ყიფშიძიდან და ჭავჭავაძიდანაც ხედავდნენ ჩვენს უბედურებას. იქიდანაც დარეკეს მაშველებთან. დროულად მოგვისწრეს. მგონი, სპეცრაზმელები იყვნენ, თოკებით გამოგვიყვანეს“.

კახაბერ კანთელაშვილი
კახაბერ კანთელაშვილი

კახაბერ კანთელაშვილის სახლი ისე წაიღო მდინარე ვერემ, თითქოს არც ყოფილა. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, სტიქიით დაზარალებული უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები რამდენიმე დღეს სასტუმროებში გაატარებენ. მისი თქმით, ვაკის რაიონის გამგებელი ლაშა აბაშიძე მას დაჰპირდა, რომ დაზარალებულებს უახლოეს დღეებში ბინებს უქირავებენ:

„დღეს დამირეკა ბატონმა ლაშამ. აქვს ჩემი ნომერი და დაგველაპარაკება და გვეტყვის, რა და როგორ იქნება. ჩვენი მომავალი ახლა ჩვენს გამგეობასა და ჩვენს მთავრობაზეა დამოკიდებული, რადგან სახლ-კარი აღარ გაგვაჩნია. ყველაფერი დავკარგეთ“.

არნახული სოლიდარობის მომსწრე ვართ. იმდენად იმედიანად ვარ, რომ შიში ქრება. გვერდში გვიდგას გამგეობაც...
მოქალაქე

სტიქიით დაზარალებულები მადლიერებას გამოთქვამენ ათასობით მობილიზებული მოქალაქის მიმართ, რომლებსაც როგორც სასტუმროებში, ისე ქალაქში გახსნილ რამდენიმე პუნქტში მათთვის მუდმივად მიაქვთ პირველადი მოხმარების საგნები, საკვები და ტანსაცმელი. ირმა, რომელსაც წყნეთის ხევში მდებარე სახლიდან ერთი სანათიღა შერჩა, ამბობს, რომ იმდენად დიდია მოქალაქეების სოლიდარობა, რომ ამ ყურადღებით მათი დარდი ნელდება და დრო აღარ რჩებათ, იფიქრონ გასაჭირზე:

„არნახული სოლიდარობის მომსწრე ვართ. იმდენად იმედიანად ვარ, რომ შიში ქრება. გვერდში გვიდგას გამგეობაც. მე და ჩემს მეზობლებს იმის განცდა არ გვაქვს, რომ დავიღუპეთ და აღარაფერი გვეშველება“.

ვაპირებთ ოჯახის ექიმების გამოშვებას. პირველადი დახმარების საშუალებები, მშრალი საკვები, ტანსაცმელი არის, მაგრამ დგება სიტუაცია, როცა აუცილებელია პირადი ჰიგიენის და გადაუდებელი აუცილებლობის წვრილ-წვრილი ნივთების შემოშველება...
თეა დარახველიძე

სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მსურველებს შორისაა ქეთი ესიტაშვილიც. ის მეგობრებთან ერთად ეზიდება ტანსაცმლით და ბავშვის საფენებით სავსე პარკებს:

„ძალიან გვტკივა და გვაწუხებს ამ ადამიანების დარდი. რითიც შეგვიძლია, იმით ვეხმარებით - ტანსაცმელი იქნება ეს, საბავშვო ეტლი თუ საფენები“.

მხოლოდ დიდუბის რაიონში მდებარე სამ სასტუმროში სტიქიით დაზარალებული 100-ზე მეტი ადამიანია შესახლებული. მათ შორისაა 30-მდე ბავშვი. თეა დარახველიძე, დიდუბის გამგებლის მოადგილე, სიას ადგენს, სადაც სტიქიით დაზარალებულთა საჭიროებებს ინიშნავს:

„ვაპირებთ ოჯახის ექიმების გამოშვებას. პირველადი დახმარების საშუალებები, მშრალი საკვები, ტანსაცმელი არის, მაგრამ დგება სიტუაცია, როცა აუცილებელია პირადი ჰიგიენის და გადაუდებელი აუცილებლობის წვრილ-წვრილი ნივთების შემოშველება. გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ არიან ბავშვები, ისინი მშრალ საკვებზე ვერ იქნებიან და ამიტომ ვზრუნავთ გავარკვიოთ, ვის შეუძლია მათი ცხელი საკვებით უზრუნველყოფა“.

სტიქიის შედეგად დაზარალებულები 14 ივნისის შუადღიდან თბილისში მდებარე სხვადასხვა სასტუმროში განთავსდნენ. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასტუმროებში 260-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი. სასტუმროში არიან გადაყვანილები ასევე წყნეთის ქუჩის 13 ნომერში მცხოვრები 32 ოჯახიც, რომელთა ევაკუაციაც კორპუსის საძირკვლის დატბორვის გამო 14 ივნისის საღამოს განხორციელდა.

დაზარალებულები
დაზარალებულები

როგორც მერიის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, სტიქიით დაზარალებულ 260-ზე მეტ ადამიანს ვაკისა და საბურთალოს რაიონის გამგეობები პირველ ეტაპზე ქირით უზრუნველყოფენ. გარდა ამისა, თბილისის მერია მიმართავს იმ მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს, ვისაც სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების სურვილი აქვს, კერძოდ კი, სურთ მათ გადასცენ საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორიცაა ტექნიკა, ავეჯი და სხვა, დაუკავშირდნენ თბილისის მერიის ადმინისტრაციას.

გარდა ამისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15 ივნისის ბრძანების თანახმად, ყველა ის პირი, რომელმაც სტიქიის დროს დაკარგა სხვადასხვა სახის პირადი საბუთი, -მათ შორის, პირადობის მოწმობა, დაბადების მოწმობა, ქორწინების თუ განქორწინების მოწმობა და სხვა, სულ 15 სახის მოწმობა, - უფასოდ აღადგენს ან უფასოდ აიღებს ამ საბუთებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG