Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის ეკუთვნის ჩინეთის ბაზარზე „iPad-ის“ სასაქონლო ნიშნის უფლება


სტივ ჯობსი
სტივ ჯობსი
ის, რომ „iPad-ი“ „ეპლმა“, მისმა დამაარსებელმა სტივ ჯობსმა გამოიგონა, არ აინტერესებს ჩინეთის სასამართლოს, რომელმაც სულ მალე - თებერვლის ბოლოს - უნდა გაარკვიოს, ვის ეკუთვნის ამ პროდუქტზე სასაქონლო ნიშნის უფლება ჩინეთში - თვითონ „ეპლს“ თუ ჩინეთის ფირმას, სახელწოდებით „პროვიუ“. სასამართლომ ამ ეტაპზე აკრძალა პროდუქტის გაყიდვა, რაც ჩინეთში წარმოებული „iPad-ის“ უცხოეთში გატანის შეჩერებასაც ნიშნავს. ეს დაპირისპირება დავითისა და გოლიათის ბრძოლას ჰგავს. ერთ მხარესაა მსოფლიო სახელის მქონე, წარმატებული, ბაზარზე წამყვანი „ეპლი“, მეორე მხარეს კი - ჩინეთში საკომპიუტერო ეკრანების მწარმოებელი „პროვიუ“. ამ ეტაპზე ჩინეთში მაღაზიების თაროებზე ვეღარ იხილავთ პლანშეტურ კომპიუტერებს, „iPad-ს“. ვინც მაინც გაბედა და გაყიდა, თუკი შემჩნეული იქნა, ხელისუფლებამ საქონელი ჩამოართვა. კონფისკაციის, სულ მცირე, 45 შემთხვევა გახდა ცნობილი. პლანშეტური კომპიუტერები - ეს „iPad-ები“ - „ეპლმა“ შექმნა. ის პირველად 2010 წელს სან-ფრანცისკოში წარმოადგინა „ეპლის“ დამაარსებელმა და მფლობელმა, ლეგენდარულმა მენეჯერმა სტივ ჯობსმა. პირველი „iPad-ი“ 2010 წლის სამ აპრილს გაიყიდა ნიუ-იოკრში. შარშან, მარტში, უკვე მეორე თაობის მოდელი გამოვიდა ბაზარზე. თვითონ ჯობსი ამბობდა, პლანშეტურ კომპიუტერებს ეკუთვნით მომავალიო, თუმცა თვითონვე აღიარა ერთხელ, ჯერ პლანშეტები აღმოვაჩინეთ, შემდეგ ტელეფონები,” iPhone-ბი”, მაგრამ მაინც ვამჯობინეთ, ამ პლანშეტების საფუძველზე ჯერ მობილურები შეგვექმნა და ბაზარზე გამოგვეტანაო. მოკლედ, ბოლოს და ბოლოს, ამ თერთმეტი წლის წინ, ბაზარზე გამოვიდა „ iPad-ი“, რომლის სასაქონლო ნიშნის, სახელის გამო „ეპლს“ ახლა ჩინური ადგილობრივი ფირმა ედავება. სამხრეთ ჩინეთში დაფუძნებულმა ფირმამ, „პროვიუ შენჟენმა“, 2001 წელს შეიძინა საავტორო უფლება მოიხმაროს დასახელება „iPad-ი“ ჩინეთში. ამ ფირმამ უჩივლა ახლა „ეპლს“, რომ მას არა აქვს უფლება გამოიყენოს „iPad-ი“ , როგორც დასახელება, რადგან მისი მოხმარება ჩინეთში „პროვიუს“ განსაკუთრებული უფლებაა. საჩივარი „პროვიუსგან“ შევიდა ისეთი ფირმების მიმართაც, როგორიცაა „გომე“ და „სუნდანი“, ამავე საქონლით მოვაჭრე კომპანიები. „პროვიუს“ ჩივილის საფუძველი მისი უფლებაა, რომელიც მას ჩინეთში აქვს შეძენილი. მაგრამ მას აქვს ფილიალი ტაივანში, „პროვიუ ტაივანი“, რომელიც უკვე 2000 წელს განაგებდა სამარკო ნიშანს, მაგრამ მანვე 2009 წელს საავტორო უფლება მიჰყიდა „ეპლს“. ერთი შეხედვით, თითქოს საქმე „ეპლის“ სასარგებლოდ უნდა წყდებოდეს, მაგრამ ჩინეთში დაფუძნებული „პროვიუ“ აცხადებს, რომ ტაივანის განყოფილებას არ შეეძლო ჩინეთის ტერიტორიაზე უფლებების რეგულირება. ფირმის ადვოკატი სიე სიანგუი ამბობს, რომ მისი კლიენტი დათმობას არ აპირებს:

„ასე, შეუძენლად, სასაქონლო ნიშნის გამოყენება დაუშვებელია. ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული ხელისუფლების მიერ გატარებული ყველა სამართლებრივი ზომა და სასჯელი კანონიერია. საქმე ისაა, რომ „ეპლი“ ჩინეთის ფირმის კუთვნილ სასაქონლო ნიშანს, სახელწოდებას, მის შეუძენლად მოიხმარდა.“

პროცესი დანიშნულია თებერვლის 29 რიცხვისთვის გუანჯოუს უზენაეს სასამართლოში. თუ სასამართლო პროცესი მოიგო, საბაჟო სამსახურისადმი „პროვიუს“ მოთხოვნით, შეჩერდება ჩინეთიდან იქ წარმოებული „iPad-ის“ გატანა. ეს მეტად მტკივნეული ნაბიჯი იქნება. „ეპლი“ არაა გამოუცდელი და საერთაშორისო თუ საშინაო ვაჭრობის წესების არმცოდნე ფირმა. ის არაერთხელ შეეცადა შეესყიდა „ iPad-ის“ საავტორო უფლება ტაივანელი გამსაღებლის მეშვეობით და ბრიტანეთის შუამავლობით, მაგრამ „პროვიუს“ არ სურდა ამ უფლების გაყიდვა, აცხადებდა რა, რომ მისი მფლობელი ისაა ჩინეთში და ტაივანის ფირმა ამ საკითხს ვერ მოაგვარებდა. ჩინეთის ხელისუფლება დღემდე ამ პოზიციას იზიარებს და ეთანხმება. ბოლოს 2010 წელს სცადა „ეპლმა“ , სანამ პირველი „ა-iPad-ი“ გამოვიდოდა, მიემართა ჩინეთის საავტორო უფლებების გამცემი უწყებისთვის, „პროვიუ შენჟენისგან“ „ iPad-ის“ სასაქონლო ნიშანი მას გადასცემოდა. „ეპლის“ სურვილი ჩინეთმა არ დააკმაყოფილა. ჩინეთს მსოფლიოში საავტორო უფლებების დამრღვევის იმიჯი აქვს. ამ ქვეყნის მიმართ გამოთქვამენ ხოლმე საყვედურს - პირველ რიგში, აშშ - იმის გამო, რომ იქ უამრავი მეკობრული საქონელი იწარმოება, ანუ ყოველგვარი უფლებების გარეშე, დასავლური ფირმების საზარალოდ, ბაზარს იკავებს ჩინური პროდუქტი. საკუთრივ ჩინეთში ქვეყნის კანონები მთავრობას საშუალებას აძლევს, თუკი ჩინური კომპანიების უფლებები ილახება,დააწესოს საყოველთაო აკრძალვა ჩინური წარმოების პროდუქტებზე. ანუ ეს ნიშნავს, რომ თეორიულად ახლა აკრძალვა შეიძლება შეეხოს ჩინეთში წარმოებულ ათეულ მილიონობით „iPad-ს“, რადგან ისინი უცხოეთში გააქვთ ფირმებს, რომლებსაც არა აქვთ უფლება ამ სახელწოდებით გაასაღონ ეს საქონელი. ადვოკატი სიე განგვიმარტავს:

„ჩინეთის სამრეწველო და სავაჭრო უწყებამ და სასამართლომ უნდა გააძლიერონ ჩინეთის კომპანიების ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ხარისხი. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ თვალსაჩინო შემთხვევებს, როგორიცაა ჩვენი, როცა ეჭვგარეშეა, რომ ინტელექტუალური საკუთრება ჩინეთის ფირმას ეკუთვნის. თუ სასაქონლო ნიშანს ვინმე შესაბამისი უფლების გარეშე მოიხმარს, ის უნდა დაისაჯოს“, თვლის ფირმა „პროვიუს“ ადვოკატი.

თუმცა ამ პრინციპულობის შენარჩუნების იმედი ბევრ ექსპერტს არა აქვს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მაშინ ჩინეთს მოუწევს უარი თქვას მილიონობით დოლარზე, რომელსაც ჩინეთის ფირმები მოელიან თავიანთი ექსპორტისგან. ამის დაკარგვა კი პეკინისთვის პოლიტიკურად და ეკონომიკურად სერიოზული ზარალი იქნებოდა. რისი მოლოდინიც უფრო აქვთ, ისაა, რომ „პროვიუ“, რომელმაც მორიგებისთვის მზადყფნა უკვე გამოხატა, დაუცდის შეთავაზებას „ეპლისა“ და სხვათაგან. დრო კი არ იცდის იმავე „ეპლისთვის“, რადგან მას 7 მარტს მესამე თაობის „iPad-ის“ გამოტანა სურს ბაზარზე.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG