Accessibility links

logo-print

გორში სტიქიის გამო რამდენიმე პროექტის დაფინანსება შეჩერდა


სტიქიის შედეგები გორში

სტიქიის შედეგები გორში

გორში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა. გადაწყდა, სტიქიის შედეგად დაზიანებული კორპუსების სახურავების აღსადგენად და სხვა სამუშაოებისთვის 1 645 000 ლარი გამოიყოს. ეს თანხა ქალაქში დაგეგმილ პროექტებს ჩამოეჭრა. ამ დროისთვის გაუქმებულია სამუსიკო, სამხატვრო სკოლებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების აღდგენითი სამუშაოები, ასევე საჭიდაო დარბაზის მშენებლობა. როგორც საკრებულოს სხდომაზე განმარტეს, ცენტრალური ბიუჯეტიდან ადგილობრივ ბიუჯეტს ეს თანხა უკან დაუბრუნდება და აღნიშნული პროექტები განხორციელდება. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ადგილზე შექმნილი საგანგებო შტაბი აღდგენითი სამუშაოების როგორც ტემპს, ისე ხარისხს გააკონტროლებს.

ამავე სხდომაზე საუბარი იყო უხარისხოდ გაკეთებული სახურავების გამო პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზეც. გამგეობაში თათბირზე იმ კომპანიების წარმომადგენლებიც მოიწვიეს, რომლებმაც გადახურვითი სამუშაოები ჩაატარეს. ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის - "ოდას" - დირექტორი ნოდარ ჯიშკარიანი პასუხისმგებლობას არ იხსნის, თუმცა აცხადებს, რომ მისმა კომპანიამ გორში სამ მრავალსართულიან კორპუსზე ერთი წლის წინ შესრულებული სამუშაოები დაკვეთის მიხედვით შეასრულა. ჯიშკარიანი ამბობს, რომ ხის მასალა საკმაოდ უხარისხო იყო, თუმცა მისი კომპანია თავის მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებდა.

უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების შესახებ პრემიერ-მინისტრის პოზიცია შიდა ქართლის გუბერნატორმა ანდრო ბარნოვმაც გაიზიარა და პასუხისმგებლობა სამუშაოების შემსრულებელ კომპანიებს დააკისრა. მისი თქმით, მთავრობის წევრები გუშინ მთელი დღის განმავლობაში თითს „ნაციონალური მოძრაობისკენ“ იშვერდნენ. ბარნოვის აზრით, სტიქია პოლიტიკური სპეკულაციის მიზეზი არ უნდა ხდებოდეს.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, გორის სოფლებში 110 ნაგებობაა დაზიანებული, ქალაქში კი 35 კორპუსი დაზიანდა. ამ დროისთვის ქალაქის აღწერა უკვე დამთავრებულია, გამგეობაში კი დაზიანებების შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას სოფლებიდან ელოდებიან.
XS
SM
MD
LG