Accessibility links

იენს სტოლტენბერგი საქართველოს ესტუმრება


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი (მარჯვნივ) და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი (მარჯვნივ) და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მისი ცნობით, ნატოს გენერალური მდივნის რანგში იენს სტოლტენბერგის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 26-27 აგვისტოს შედგება. იენს სტოლტენბერგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს თამარ ბერუჩაშვილს და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური შეხვედრებისას განიხილება ნატოში საქართველოს გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული საკითხების სრული სპექტრი, უელსის სამიტზე მიღებული „არსებითი პაკეტის“ შესრულების მიმდინარეობა და ვარშავის, 2016 წლის სამიტისთვის მზადების პროცესი. ვიზიტისას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 27 აგვისტოს კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინაუგურაცია. ალიანსის გენერალური მდივანი შეხვდება საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეულს, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის მომზადდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG