Accessibility links

logo-print

სტრასბურგის სასამართლო ხელახლა განიხილავს ვანო მერაბიშვილის საქმეს


ვანო მერაბიშვილი

ვანო მერაბიშვილი

იუსტიციის სამინისტრო კმაყოფილია, რომ ევროპული სასამართლოს კოლეგიამ განხილვისთვის დასაშვებად სცნო საქართველოს მთავრობის საჩივარი, რომელიც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის – ვანო მერაბიშვილის საქმეს უკავშირდება. საუბარია სტრასბურგის სასამართლოს ერთ-ერთი პალატის (2016 წლის 14 ივნისის) გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე და, კონკრეტულად, აქცენტი კეთდება ვანო მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდზე. რას მოითხოვს საქართველოს მთავრობა, რა შეიძლება შეცვალოს დიდი პალატის გადაწყვეტილებამ და იკვეთება თუ არა ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების პერსპექტივა?

„მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მერაბიშვილის განაცხადი განსახილველად გადაეცა სასამართლოს დიდ პალატას 17 მოსამართლის შემადგენლობით, რომლის წინაშეც საქმის განხილვა დაიწყება თავიდან. მართალია, 14 ივნისის გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლოს პალატამ, 7 მოსამართლის შემადგენლობით, ერთხმად დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი, თუმცა გაჩნდა კითხვის ნიშანი 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით, რასაც არ დაეთანხმა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და კონვენციით დადგენილ ვადაში, 2016 წლის 13 სექტემბერს, ეს გადაწყვეტილება დიდ პალატაში გაასაჩივრა“ – ვკითხულობთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე ორშაბათს (17 ოქტომბერს) გამოქვეყნებულ განცხადებაში და ამით ყველასთვის ცხადი ხდება, რომ ამჟამინდელ და ყოფილ ხელისუფალთა დაპირისპირება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში გაგრძელდება. პარალელურად, საქართველოს მთავრობის მოთხოვნებსა და გეგმებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი განმარტავს:

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

„მოთხოვნა იყო, რომ საქმე გადასცემოდა 7 მოსამართლიდან 17 მოსამართლეს, ანუ დიდ პალატას, სადაც ჩვენ განვიხილავდით მე-18 მუხლის საკითხს თავიდან... ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ეს გადაწყვეტილება არ შესულიყო ძალაში, რადგან მივიჩნევდით მას უპრეცედენტოდ, რადგანაც ეწინააღმდეგებოდა ამავე სასამართლოს მრავალი წლის მანძილზე დამდგარ პრეცედენტულ სამართალს. ამიტომაც გავასაჩივრეთ დიდ პალატაში და ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა, ანუ საქმე მთლიანად გადაეცა თავიდან განხილვაში დიდ პალატას“.

თეა წულუკიანმაც აღნიშნა და იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშიც ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობის მთავარი პრეტენზია უკავშირდება სტრასბურგის სასამართლოს 14 ივნისის გადაწყვეტილებაში ნახსენებ მე-18 მუხლს, რომელიც, თავის მხრივ – კავშირშია ვანო მერაბიშვილის ციხიდან სავარაუდო გაყვანის ინციდენტთან. გავიხსენოთ, რომ მე-18 მუხლთან შესაბამისობაში, ივნისში, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის დაკავება „გამოყენებულ იქნა დამატებით საშუალებად საგამოძიებო ორგანოების მიერ, რათა მიეღოთ დამატებითი ბერკეტები სხვა საქმეების გამოძიებაში – კერძოდ, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან, ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ფინანსური საქმიანობის გამოძიებასთან დაკავშირებით. დაკავება არ უნდა ემსახურებოდეს მიზანს, გამოყენებულ იქნეს იგი, როგორც მორალური ზეწოლის საშუალება ბრალდებულზე. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას, მეხუთე მუხლის პირველ პარაგრაფთან ერთობლიობაში“.

ვანო მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის საქმეზე გამოძიება საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოს პალატის ივნისის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაიწყო, თუმცა ამის შესახებ არაფერი წერია იუსტიციის სამინისტოს მიერ ორშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში. ტექსტში მხოლოდ იმას ვკითხულობთ, რომ პალატის გადაწყვეტილება გამყარებული იყო მხოლოდ მერაბიშვილის „სათუო და ზედაპირული განცხადებებით“.

ის, რომ სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ, საქართველოს მთავრობის საჩივარზე დაყრდნობით, საქმე წარმოებაში მიიღო, არ გაჰკვირვებია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტ თამარ აბაზაძეს. როგორც მან განუმარტა რადიო თავისუფლებას, სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის საქმიანობა მკაცრად არის განსაზღვრული და ის პრეცედენტულ სამართალს ეფუძნება:

„მოკლედ რომ გითხრათ, დიდი პალატა, მაგალითად, იმ შემთხვევაში განიხილავს საქმეს, თუ პალატის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ სხვა გადაწყვეტილებებს - ანუ პრეცედენტულ სამართალს თუ ეწინააღმდეგება... ანუ მსგავს საქმეებში თუ არის დადგენილი უკვე კონკრეტული პრაქტიკა და გამოდის ხოლმე მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები და, ამჯერად, პალატამ სხვანაირი გადაწყვეტილება გამოიტანა, ეს არის უკვე საკმარისი საფუძველი დიდი პალატისთვის, რომ მან მიიღოს საქმე წარმოებაში“.

დიდ პალატას ჩვენ წარვუდგენთ იმ მტკიცებულებებსა და მონაცემებს, რომელიც მანამდე წარვუდგინეთ კოლეგიას და დავამარცხებთ იუსტიციის სამინისტროს დიდ პალატაშიც...

იმის გამო, რომ იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში ვხვდებით ფრაზას - „კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს მთავრობის საჩივარი“, ვანო მერაბიშვილის ადვოკატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე მაინც საჭიროდ მიიჩნევს ჟურნალისტებთან საუბრისას დააკონკრეტოს, რომ კოლეგიის მიერ 17 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილება, არავითარ შემთხვევაში, არ ნიშნავს საჩივრის დაკმაყოფილებას“, ეს მხოლოდ „საჩივრის განსახილველად მიღების“ დასტურია და იუსტიციის მინისტრმა წულუკიანმა „საზოგადოება არ უნდა შეიყვანოს შეცდომაში“. ოთარ კახიძე ბრძოლის გაგრძელების გეგმებზეც ლაპარაკობს:

„დიდ პალატას ჩვენ წარვუდგენთ იმ მტკიცებულებებსა და მონაცემებს, რომელიც მანამდე წარვუდგინეთ კოლეგიას და დავამარცხებთ იუსტიციის სამინისტროს დიდ პალატაშიც... დადგინდა მაშინ (ივნისში) დარღვევა მე-18 მუხლისა 5.1 მუხლთან ერთად და 5.3 მუხლისა... მთლიანობაში, ეს საქმეა გასაჩივრებული მთავრობის მიერ“.

იმის გამო, რომ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება, თუკი ის დააკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის საჩივარს, მაშინ ამით ძალას დაკარგავს სასამართლოს პალატის 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება, რომელიც ვანო მერაბიშვილისთვის ფულადი კომპენსაციის (12 000 ევროს) გადახდას ითვალისწინებს. მაგრამ თუკი ეს ასე არ მოხდება, მაშინ იურიდიულ ძალაში შევა ივნისის გადაწყვეტილება და ის კიდევ უფრო გამყარდება.

იურისტები მოელიან, რომ სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატას – საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად – სულ მცირე, ერთი წელი მაინც დასჭირდება. ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე დარწმუნებით აცხადებს, რომ – ბრძოლის მიზანს ყველა პოლიტპატიმრისა და მათ შორის – ვანო მერაბიშვილის – გათავისუფლება წარმოადგენს. თუმცა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი თამარ აბაზაძე „რადიო თავისუფლებასთან“ კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს პალატის ივნისის გადაწყვეტილებაში არაფერია ნათქვამი მერაბიშვილის გათავისუფლების პერსპექტივებზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG