Accessibility links

logo-print

ვართ თუ არა კმაყოფილი საქართველოში არსებული გზების ხარისხით?


ესტაკადის მშენებლობა გმირთა მოედანზე

ესტაკადის მშენებლობა გმირთა მოედანზე

მსოფლიოს ერთ-ერთი ავტორიტეტული საზოგადოებრივი აზრის მკვლევარი კომპანიის, ”გელაპის” გამოკვლევაში, რომელიც მიმდინარე კვირას გამოქვეყნდა და სადაც მსოფლიოს 150 ქვეყანას შორის საქართველოც მონაწილეობდა, კითხვაზე, ხართ თუ არა კმაყოფილი თქვენს ქალაქში და მის შემოგარენში არსებული გზების მდგომარეობით, საქართველოში გამოკითხულთა 69 %-მა დადებითად უპასუხა. აღსანიშნავია, რომ კმაყოფილების პროცენტული მაჩვენებლით საქართველო ისეთ ევროპულ ქვეყნებს უსწრებს, როგორიცაა დანია, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი. სულ ცოტათი ჩამორჩება ესპანეთსა და ფინეთს. საქართველოს დარად, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოკითხულთა სწორედ 69 პროცენტი აფასებს დადებითად ქვეყანაში არსებული გზების მდგომარეობას. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის კი გზების მდგომარეობით გამოწვეული კმაყოფილების დონით, საქართველო ლიდერის პოზიციაშია. მას 5 %-ით ჩამორჩება უზბეკეთი, 30 პროცენტს სჯერდება რუსეთი. შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რას ფიქრობენ დარგის სპეციალისტები საქართველოში არსებული გზების მდგომარეობის შესახებ. თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ექსპერტთა უმეტესობა საქართველოში გზების მშენებლობის ხარისხის შესახებ საუბარს თავს არიდებს და მხოლოდ მათი კომენტარის პერიფრაზის საშუალებას გვაძლევს.

საქართველოს პირველი პირის თითქმის ყველა საჯარო გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა სწორედ ქვეყანაში უკვე არსებული და მომავალში გასაყვანი გზების მშენებლობა და რეაბილიტაციაა. გამონაკლისს არც უკანასკნელი დღეები, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები წარმოადგენს:

”ყველა სოფელში მივალთ მაგარი გზით. მე ვიცი, რომ არის სოფლები, ჯერ არ არის მისული, მაგრამ პირობას ვდებ, ყველა სოფელში მივალთ მაგარი გზებით.”

ისევ და ისევ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა თუ წარმომადგენლების შეხვედრებზე კი რადიკალურად განსხვავებული შეფასებები ისმის. კოალიცია ”ქართული ოცნების” ნაძალადევის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეა წულუკიანი აცხადებს:
უხარისხობაში ვგულისხმობ გზის საფარის სისქეს, რამდენ სანტიმეტრზეა დასხმული მინარევები. ამ ყველაფერს დრო და ბუნებრივი პირობები წარმოაჩენს, როცა ხშირად, მოყინვის შემდეგ, გზა ხელახლა დასაგები ხდება ...

”არ არის არანაირი ინფრასტრუქტურა. გზაც კი არ არის. აქ მხოლოდ ფეხით თუ მოხვალ, რაც იმას ნიშნავს, აქ სასწრაფოც კი ვერ ამოვა, რომელსაც ავადმყოფი ელოდება.”

როგორც რობერტ იანტბელიძე, პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციისა ”მძღოლი, გზა, სამართალი”, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, ძნელია არ შეამჩნიო ის პროგრესი, რაც გზების მშენებლობის კუთხით მიღწეულია, მაგრამ არც იმ ხარვეზებზე შეიძლება თვალი დახუჭო, რომელიც საქართველოში გზების მშენებლობას თან სდევს. პირველ რიგში, ის დაგებული გზების ხარისხზე საუბრობს:

”უხარისხობაში ვგულისხმობ გზის საფარის სისქეს, რამდენ სანტიმეტრზეა დასხმული მინარევები. ამ ყველაფერს დრო და ბუნებრივი პირობები წარმოაჩენს, როცა ხშირად, მოყინვის შემდეგ, გზა ხელახლა დასაგები ხდება.”

რობერტ იანტბელიძე გმირთა მოედანზე მიმდინარე მაგისტრალის მშენებლობას ეხმაურება, რომელიც, ავტოტრანსპორტის სიჩქარეების ზრდისა და ბოლო წლებში მსუბუქი ავტომობილების რაოდენობის მატების გამო, 2009 წელს დაიგეგმა ქალაქში წარმოქმნილი ხერგილების თავიდან აცილების მიზნით. პროექტირებაზე 2009 წლის 8 მაისს გამოცხადებულ ტენდერში, გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინებით, გაიმარჯვა შპს "საქგზამეცნიერებამ", მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში კი - შპს "კავკასუს როუდ პროჯექტმა". მშენებლობის პირველი ეტაპი, გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზა, რამდენიმე თვეში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გაიხსნა, თუმცა, ასევე რამდენიმე თვეში, თამარაშვილიდან გმირთა მოედნისკენ მიმავალი მაგისტრალი ხშირად წარმოქმნილი ხერგილის ფონზე ჩაიკეტა. პროექტი ბიუჯეტის 80 მილიონი ლარი დაჯდა. 2011 წელს გმირთა მოედანზე მაგისტრალის მეორე ეტაპის მშენებლობა დაიწყო, რომლის დასრულებაც შემოდგომისთვის იგეგმება. რობერტ იანტბელიძე ამბობს, რომ ე.წ. გმირთა მოედნის მაგისტრალის იდეა კრიტიკას ვერ უძლებს:

”გმირთა მოედანზე თუ მოვხვდებით, უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტი, რომელმაც ვერ გაამართლა. რომ ვერ გაამართლა, სწორედ ამიტომ დაიწყეს ახლა პანდუსების დამატება. თბილისში გზების მშენებლობის ორგანიზება და გზების გათვლა ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას.”

ესტაკადის მშენებლობა გმირთა მოედანზე

ესტაკადის მშენებლობა გმირთა მოედანზე

”გმირთა მოედნის პროექტი, ეს არის არაპროფესიონალური გადაწყვეტილების ნიმუში”, - ამბობენ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას დარგის სხვა სპეციალისტებიც. მათი მტკიცებით, გმირთა მოედნის პროექტირებისას არ ჩატარებულა იდეების კონკურსი და ის მხოლოდ რამდენიმე ჩინოვნიკის გადაწყვეტილების საფუძველზე დამტკიცდა. მათი თქმით, მაგისტრალის მშენებლობისას არ იქნა გათვალისწინებული ის ფაქტი, თუ რა გავლენას მოახდენდა ერთი კვანძის გახსნა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კვანძებზე. ასევე არ იქნა გათვალისწინებული თავად ესტაკადების სიგანე, რომელიც მხოლოდ ერთ მანქანას იტევს და მანქანის დაზიანების შემთხვევაში მოძრაობის პარალიზება ხდება.

დარგის სპეციალისტები თანხმდებიან, რომ უკანასკნელ წლებში ქვეყანაში არსებული გზების მოწესრიგების პრიორიტეტად დასახვა წინგადადგმული პოზიტიური ნაბიჯია და ამბობენ, რომ ამ მხრივ უზარმაზარი საქმე გაკეთდა, თუმცა იქვე დასძენენ, რომ ამ პროცესში დღემდე საკმაოდ ბევრი და მნიშვნელოვანი შეცდომა ფიქსირდება. ერთ-ერთ უმთავრეს ხარვეზად დარგის სპეციალისტები იმ უცხოური კომპანიების შემოსვლას ასახელებენ, რომლებიც გზების დაპროექტებასა და მშენებლობაში მთავარ როლს ასრულებენ, ადვილად აფორმებენ კონტრაქტებს ხელისუფლებასთან, თუმცა რეალურად ნაკლები პროფესიონალიზმით გამოირჩევიან. ასეთ ფირმებად ისინი გერმანულ-ქართულ კომპანია ”კოქსს”, ასევე ესპანურ ფირმა ”ინოქსას” ასახელებენ. თუკი დარგის სპეციალისტების სიტყვების ციტირებას მოვახდენთ, ”ამ კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოები გადასაყრელია”.

ნაჩქარევად, მდარე ხარისხითა და გაუაზრებლად ჩატარებული სამუშაოს ნიმუშად ასახელებენ დარგის სპეციალისტები გომბორის ტრასის ვაზიანი- გომბორი-თელავის საუღელტეხილო მონაკვეთს. მათი მტკიცებით, უღელტეხილზე, რომელიც მეწყერსაშიშ ზონას წარმოადგენს, შეუძლებელია თანამედროვე საავტომობილო გზის აშენება. ექსპერტების თქმით, იქ მხოლოდ ე.წ. თეთრი გზა უნდა შენარჩუნებულიყო, რათა ადგილობრივ მოსახლეობას სოფლებში გადაადგილების საშუალება ჰქონოდა. აღსანიშნავია, რომ ვაზიანი-გომბორი-თელავის გზა, რომლის რეაბილიტაციაზეც, ოფიციალური ინფორმაციით, 24 მლნ ლარი დაიხარჯა, მეწყერმა გზის გახსნიდან რამდენიმე თვეში მნიშვნელოვნად დააზიანა.
მაგალითად, მოდიხართ თბილისიდან და ადიხართ საგურამოში. ანუ მოდიხართ ავტომაგისტრალით, სადაც მოძრაობა 110 კმ/სთ სიჩქარით არის შესაძლებელი, და საგურამოსკენ უკვე გადადიხარ დაბალი ხარისხის გზაზე ...

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც დარგის სპეციალისტები რადიო თავისუფლებასთან საუბარში ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებენ, ეს არის ძველი ნორმატივებით აშენებულ, მკვეთრი მოსახვევებით დატვირთულ გზაზე დაგებული ასფალტ-ბეტონი. როგორც ექსპერტები მიუთითებენ, რთული რელიეფის გზაზე ასფალტ-ბეტონის დაგება მძღოლს საშუალებას აძლევს განავითაროს მაღალი სიჩქარე, რაც საავარიო სიტუაციას ქმნის. გზებზე საავარიო სიტუაციის წარმოქმნის კიდევ ერთ მახასიათებელზე მიუთითებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში რობერტ იანტბელიძე, რომელსაც ერთი კონკრეტული მაგალითი მოჰყავს:

”მაგალითად, მოდიხართ თბილისიდან და ადიხართ საგურამოში. ანუ მოდიხართ ავტომაგისტრალით, სადაც მოძრაობა 110 კმ/სთ სიჩქარით არის შესაძლებელი, და საგურამოსკენ უკვე გადადიხარ დაბალი ხარისხის გზაზე. იქ არსად დგას ნიშანი, რომელიც გაგაფრთხილებს, რომ გზის ხარისხს იცვლი და სიჩქარე უნდა შეცვალო. რომ ნახოთ და დაინტერესდეთ, იქ ავარიების ბუდეა.”

რადიო თავისუფლება ოთხი დღის განმავლობაში ცდილობდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან დაკავშირებას, მაგრამ უნდა ითქვას, რომ, პრესსამსახურის მიერ გამოთქმული დახმარების სურვილის მიუხედავად, ამ დროის განმავლობაში სტრუქტურაში ერთი თანამშრომელიც კი ვერ გამოიძებნა, რომელიც დარგის სპეციალისტების მოსაზრებებს გზების მშენებლობის ხარვეზებთან დაკავშირებით საკუთარ არგუმენტებს დაუპირისპირებდა. როგორც პრესსამსახურში განგვიმარტეს, ყველა ის თანამშრომელი, რომელსაც ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა შეეძლო, ობიექტებზე იყო გასული.

ხართ თუ არა კმაყოფილი თქვენს ქალაქსა და მის შემოგარენში არსებული გზების მდგომარეობით? - კომპანია ”გელაპის” მიერ დასმული კითხვით რადიო თავისუფლებამ რიგით მოქალაქეებს ქუჩაში მიმართა:

- რასაც აკეთებენ, არასწორად არის დაგეგმილი.

- ამწუთში უკმაყოფილო ვარ, რადგან გზები არ არის დამთავრებული, მაგრამ რაც კეთდება, კარგად კეთდება. როცა დამთავრდება, ყველაფერი კარგად იქნება.

- არ ვარ გზებით კმაყოფილი. ბევრი მანქანაა და იმიტომ. ვერ ვეტევით.

- ქალაქში ძალიან ჭირს გადაადგილება. ახლა, წინასაარჩევნოდ, სიტუაცია კიდევ უფრო გართულებულია. ამ პერიოდს რაღაცის დასამტკიცებლად და თვალსაჩინოდ იყენებენ, მაგრამ თვალსაჩინო იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გადათხარო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG