Accessibility links

სწავლება საკრებულოს წევრებისთვის


ტრენინგი საკრებულოს წევრებისთვის გორში

ტრენინგი საკრებულოს წევრებისთვის გორში

მთელი საქართველოს მასშტაბით საკრებულოს წევრებისა და თანამდებობის პირებისთვის თვითმმართველობის ექსპერტები, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები ტრენინგებს ატარებენ. პროექტს ახორციელებს კოალიცია „თვითმმართველობისა და დემოკრატიისთვის“. თვითმმართველობის რეფორმის შემდეგ ბევრი სიახლეა, კანონში არაერთი ცვლილება შევიდა. საკრებულოს წევრებმა ბოლომდე არ იციან რა მოვალეობები და უფლებამოსილება აქვთ, ამიტომ მათთვის ყველა საინტერესო საკითხსა და პრობლემებზე ტრენინგების სერია მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე მერებისა და გამგებლების, მეორე ეტაპზე საკრებულოების თავმჯდომარეების, მესამე ეტაპზე კი საკრებულოების თანამდებობის პირთა დატრენინგება მოხდა.

ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა, საკრებულოს კომისიების ფუნქციები, საზოგადოების ჩართულობა თვითმმართველობებში - ეს საკითხები გორის საკრებულოს წევრს, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თამარ თედლიაშვილს აინტერესებდა. მისი აზრით, ასეთი სახის შეხვედრები და ტრენინგები დროულია.

საქართველოში თვითმმართველობის რეფორმის წარმატებულად განხორციელებით დაინტერესებულნი არიან საერთაშორისო ორგანიზაციებიც. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის“ ხელმძღვანელი დავით ლოსაბერიძე მიიჩნევს, რომ რეფორმის წარმატება საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობაზეა დამოკიდებული.

თვითმმართველობა დღეს გარდამავალ ეტაპზეა, შეცვლილია სტრუქტურა და გადანაწილებულია უფლებამოსილებები. ბევრი ახალი კადრია. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლის მამუკა აბულაძის განცხადებით, სახელმწიფო თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის უწყვეტი სწავლების სისტემის დანერგვას გეგმავს.

რეალური დეცენტრალიზაცია, მეტი დამოუკიდებლობა თვითმმართველობებს და საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში -ეს არის დაწყებული რეფორმის მთავარი მიზანი, თუმცა დღეს ექსპერტებმაც და საკრებულოს წევრებმაც კარგად იციან, რომ სიახლეები, რაც ამ რეფორმას ახლავს, გარკვეული სიძნელეებით ინერგება. რეფორმის გზაზე კი ყველაზე მნიშვნელოვანი კვალიფიციური კადრების მომზადებაა.

XS
SM
MD
LG