Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს ესწრაფვის


ქართველი ჯარისკაცები ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე
ქართველი ჯარისკაცები ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე
გასულ კვირაში ერთ-ერთ მთავარ ახალ ამბად იქცა ცნობა, რომ 2015 წელს საქართველო ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების წევრი გახდება. თუკი ირაკლი ალასანიას მიერ მტკიცებით ფორმაში ნათქვამი ეს სიტყვები გამართლდა, მაშინ საქართველოს მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში ეყოლება ერთი ქვედანაყოფი, რომელიც ყველა იმ ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც 2015 წლის შემდეგ ნატოს სარდლობა დაგეგმავს. თუმცა, როგორც საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის მრჩეველი ნოდარ ხარშილაძე ვარაუდობს, საქართველოს ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალების წევრობა ისეთივე ჰიპოთეტურია, როგორიცაა თავად ასეთი ძალების შექმნა, ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან სამხედრო ხარჯებისა და სამხედრო ვალდებულებების მუდმივი შემცირების ფონზე.


„ავღანეთშიც და მალიშიც - შენთან ერთად, შენთან ერთად“

საქართველოს თავდაცვის მინისტრის სტრატეგიული ხედვით, ქართული ქვედანაყოფი წარმოდგენილი იქნება ყველა იმ სამხედრო ოპერაციაში, რომლებსაც სამომავლოდ ნატოს სარდლობა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნები ერთობლივად ჩაატარებენ - ავღანეთში ISAF-ის დასრულების შემდეგ იქნება ეს, მალიში თუ მსოფლიოს სხვა რომელიმე წერტილში. განსხვავება ისაა, რომ თუკი, მაგალითად, ავღანეთში საქართველოს ხელისუფლება, სხვადასხვა პოლიტიკური მიზეზების გამო, თავად იყო ინიციატორი ქვედანაყოფის გადასროლის, ახლა ეს, წინასწარ შემუშავებული გეგმით, ავტომატურად მოხდება, ანუ, ნატოს სარდლობის მოთხოვნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იქნება მრავალეროვნულ სწრაფი რეაგირების ძალებში სწრაფადვე მიავლინოს სპეციალურად ამ მიზნისათვის მომზადებული ქვედანაყოფი, რომლის ზომასა და დანიშნულებას 2015 წლამდე ასევე ალიანსის სამხედრო ექსპერტები დაადგენენ და არა საქართველოს ხელისუფლება, რომელიც დღემდე თავს იწონებს იმით, რომ ავღანეთში ნატოს ბევრ დიდ სახელმწიფოზე უფრო მრავალრიცხოვანი კონტინგენტი ჰყავს გაგზავნილი.

„პრობლემა არა მგონია იყოს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ ეტაპზე სოლიდური ქვედანაყოფის თაობაზე განაცხადოს. მაგრამ არა მგონია, რომ ნატოს ჰქონდეს სურვილი, რომ ჩვენ გვყავდეს ბრიგადის დონის ქვედანაყოფი. ეს იდეა დიდი ხანია არსებობს და მუშაობენ ამაზე საქართველოს შეიარაღებული ძალები. საუბარი იყო ასეულიდან ბატალიონამდე ქვედანაყოფის ზომაზე. ანუ ნატო უფრო ემხრობოდა იმას, რომ ეს ყოფილიყო ასეულის ზომის ბატალიონი“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის მრჩეველი ნოდარ ხარშილაძე, რომელიც 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა და პირადად ესწრებოდა როგორც ბრიუსელში, ისე თბილისში გამართულ შეხვედრებს, რომლებზეც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებისა და მათში საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფის შესაძლო მონაწილეობის საკითხები განიხილებოდა.


რისთვის სჭირდება ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სახელმწიფოთა მეთაურებმა სწრაფი რეაგირების ძალების [Response forces] შექმნის გადაწყვეტილება ნატოს პრაღის სამიტზე მიიღეს, 2002 წლის 22 ნოემბერს. ერთი წლის შემდეგ ეს გადაწყვეტილება უკვე თავდაცვის მინისტრებმა დაამტკიცეს, რასაც მოჰყვა როტაციის წესით სწრაფი რეაგირების ძალების შტაბის შექმნა, რომელსაც მალე დაექვემდებარა 15 სახელმწიფოს მიერ დაკომპლექტებული 9500 კაციანი ქვედანაყოფი, საიდანაც მხოლოდ 1000 იყო ქვეითი, დანარჩენი კი - სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო მოსამსახურე. სწორედ სახმელეთო სეგმენტის ნაკლებობა იყო იმის მიზეზი, რომ უკვე 2006 წელს ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა დაიწყეს მოლაპარაკებები ალიანსის სწრაფი რეაგირების სახმელეთო ძალების ITRF(L) შექმნის თაობაზე. ნატოს დოქტრინის თანახმად, ამ ძალების მთავარი ამოცანაა, წარმოსახულ კონფლიქტურ ქვეყანაში კონკრეტული პლაცდარმი დაიკავონ ხუთი დღის განმავლობაში და ხელი შეუწყონ ძირითადი ძალების მხრიდან სრულმასშტაბიანი ოპერაციის დაწყებას, რასაც 30 დღე დასჭირდება.

„კონცეფცია შემდგომში მდგომარეობს: თუ ჩვენ გვინდა, რომ ნატო იყოს მსოფლიოში გლობალური მშვიდობის უზრუნველმყოფელი, ჩვენ არ შეგვიძლია მაშ, რომ ყველა ოპერაციის დროს „ქუდზე კაცს დავუძახოთ“. ნატოს სურს, რომ ჰქონდეს სტრუქტურირებული ქვედანაყოფების სია, რომლის მიხედვითაც ალიანსის სარდლობას ეცოდინებოდა, თუ რომელი ქვეყანა რა ქვედანაყოფებს გაგზავნის, წინასწარ უკვე შეთავსებული იყოს ამ ქვედანაყოფის მზადყოფნა და წინასწარ - ქაღალდზე, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც საკმაოდ ინტენსიურად - ეს ყველაფერი გათამაშებული იყოს სცენარების მიხედვით: ვინ ვისი მხარდამჭერი იქნება, ვინ ვის დაიცავს, ვინ ვის მისცემს პირველად როლს, ვინ იქნება ხელმძღვანელი და ასე შემდეგ. ანუ ეს ბევრად უფრო ამარტივებს და თეორიულად უფრო სწრაფად ხდის შესაძლებელს ნატოს მიერ რომელიმე ცხელ წერტილში ძალების გადასროლას“, - ამბობს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის მრჩეველი ნოდარ ხარშილაძე.

მისი არსებობის ისტორიაში, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების (NATO Response Force) გამოყენება მხოლოდ ექვსჯერ მოხდა - მათ შორის, 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების, ერაყის არჩევნების უსაფრთხოებისა და 2011 წლის ლიბიის სამოქალაქო ომის დროს.


მხოლოდ საპატიო მოვალეობა და არა - ბილეთი

ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები ძირითადად ალიანსის წევრი სახელმწიფოების ქვედანაყოფებითაა დაკომპლექტებული, თუმცა, ნატოს წინაშე მდგარი გამოწვევებიდან გამომდინარე, ხდება ამ ძალების გაზავება სხვა - ნატოს არაწევრი სახელმწიფოების - სამხედრო დანაყოფებითაც. ანუ მოდელად აღებულია ავღანეთის უსაფრთხოების საერთაშორისო მხარდამჭერი ძალები (ISAF), სადაც, ნატოს წევრი სახელმწიფოების გარდა, საკმაოდ მძლავრად არიან წარმოდგენილი ალიანსის პარტნიორი ქვეყნები - მათ შორის, საქართველოც, რომელიც, სექტემბრიდან მოყოლებული, მეექვსე ადგილზეა ავღანეთში ქვედანაყოფის სიდიდით. როგორც ISAF-ის ოპერაციის დროს ხდება, თუკი გადაწყვეტილება დამტკიცდება, ნოდარ ხარშილაძის თქმით, ქართული ქვედანაყოფის მთელი ხარჯების გაღებაც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ასევე საქართველოს ხელისუფლების გადასახდელი იქნება:

„ჯარისკაცების ხელფასები აუცილებლად ჩვენი გადასახდელი იქნება, სამედიცინო უზრუნველყოფის ნაწილი აუცილებლად ჩვენი გადასახდელი იქნება, მაგრამ ნურაფერს განსხვავებულს ნუ ელით. ვთქვათ, ეს ასეც რომ მოხდეს, ეს იქნება იმავე ტიპის ოპერაცია, როგორიც იყო ერაყში და როგორიც ახლაა ავღანეთში, როდესაც ქართული ქვედანაყოფი თავიდან ასეულის დონეზე იყო ფრანგების კონტინგენტში და შემდეგ, რა თქმა უნდა, მოხდა ამერიკულ კონტინგენტში დამატებითი ძალების გაგზავნა. ანუ რაკი ამას განსხვავებული სახელი [სწრაფი რეაგირების ძალები] ჰქვია, აქ მე განსხვავებულ სცენარს ამ შემთხვევაში ვერ ვხედავ“.

მიუხედავად საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მტკიცე განცხადებისა, რომ საქართველო 2015 წელს აუცილებლად გახდება ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების წევრი, ნოდარ ხარშილაძის თქმით, ამ ეტაპზე ეს გათვლა ჰიპოთეტურია, რადგან ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან სამხედრო ხარჯებისა და სამხედრო ვალდებულებების მუდმივი შემცირების ფონზე, თავად ასეთი ძალების შექმნა და შემდგომი მოქმედება აწყდება ბევრ სიძნელეს. თანხების სიმცირის გამო, ნაკლებსავარაუდოა ასევე, რომ სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობის სანაცვლოდ საქართველოს ქვედანაყოფს ნატოს რომელიმე წევრმა ქვეყანამ სამხედრო აღჭურვილობა უსასყიდლოდ გადასცეს ანდა ისე უხვად დაეხმაროს წვრთნის პროგრამებით, როგორც ერაყის თუ ავღანეთის ოპერაციების დროს იყო. რაც შეეხება პოლიტიკურ სარგებელს, ანუ ალიანსში გაწევრიანებას, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში შესაძლო მონაწილეობა, საპატიო მოვალეობის გარდა, ბევრს არაფერს ჰმატებს საქართველოს მისი მთავარი საგარეო პოლიტიკური მიზნის მიღწევის საქმეში. ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ამასწინანდელი ერთმნიშვნელოვანი განცხადების შემდეგ, რომ „ISAF-ის მისიაში მონაწილეობა ნატოს წევრობის ბილეთი არ არის“, ასეთი არარეალისტური გათვლები, სიმართლე ითქვას, აღარც საქართველოს ხელისუფლებას აქვს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG