Accessibility links

logo-print

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ხელისუფლებისა და სამართალდამცავი სტრუქტურებისგან იმ ზეწოლის ფაქტებზე რეაგირებას მოითხოვენ, რომელსაც მოძრაობა აუდიტორია #115-ის წევრები განიცდიან. საუბარია მათი ოჯახის წევრების სამსახურიდან დათხოვნაზე, თუ მათი შვილები ბრძოლას არ შეწყვეტენ. რამდენიმე სტუდენტმა მუქარასა და ზეწოლაზე ღიად უკვე ილაპარაკა, 18 აპრილს კი სტუდენტურმა მოძრაობამ ხელისუფლების სახელზე განცხადებაც გაავრცელა.

სტუდენტური მოძრაობა ”აუდიტორია # 115”-ის წევრები აცხადებენ, რომ სტუდენტ აქტივისტებსა და მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უკვე ყოველდღიურად აშინებენ და აშანტაჟებენ. ემუქრებიან სამსახურიდან გათავისუფლებით იმ შემთხვევაში, თუ მათი შვილები არ დაანებებენ „აქტიურ ბრძოლას „ოდეერების“ წინააღმდეგ“. ერთ-ერთი სტუდენტი, ვინც ამ საკითხზე ღიად უკვე ილაპარაკა, ნათია ქარჩილაძეა. ის ამბობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებით მის მამას დაემუქრნენ, რომელიც ერთ-ერთ მუნიციპალურ სამსახურში მუშაობს:

„მამაჩემი დაიბარა მისმა დირექტორმა და გადასცა უშიშროების სამსახურის ნათქვამი, რომ თუ თქვენი შვილი არ შეწყვეტს ბრძოლას „ოდეერების“ წინააღმდეგ, სამსახურიდან დაგითხოვთო. თუმცა ჩვენ ამის არ გვეშინია, არც უკან დახევას ვაპირებთ და ვფიქრობთ, რომ ეს სისტემა უნდა დაინგრეს“.

ნათია ქარჩილაძის გარდა, მსგავს ზეწოლაზე ღიად ლაპარაკობს კიდევ ორი სტუდენტი, დეა მიქაძე და ირაკლი კუპრაძე. იგივე პრობლემა შეექმნა დაახლოებით თხუთმეტამდე სტუდენტს, თუმცა ისინი ჯერჯერობით დუმილს ამჯობინებენ.

„აუდიტორია # 115“-ის ერთ ერთი წევრი კი, გიორგი არობელიძე, აცხადებს, რომ სტუდენტების ბრძოლა არ შეწყდება. განცხადების ადრესატების მიმართ მთავარი მოთხოვნა ქვეყანაში პოლიციური მართვის რეჟიმის დასრულებაა. „ჩვენ ვიბრძვით თავისუფალი საზოგადოებისთვის! ჩვენ არ გვეშინია!” - წერია განცხადებაში, ხოლო გიორგი არობელიძე აცხადებს:

„მივმართეთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტს, დიპლომატიურ კორპუსს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს -ჩვენ გვჭირდება დაცვა. ჩვენ არ გვეშინია და მზად ვართ ვიბრძოლოთ ბოლომდე, სანამ ამ ქვეყანაში არ დასრულდება პოლიციური რეჟიმი“.

ჩვენ ხელისუფლებისგან ჯერჯერობით ვერ მივიღეთ ვერანაირი პასუხი, თუ რატომ მივიდნენ კუპრაძის სახლში პოლიციელები და ითხოვდნენ ინფორმაციას. თუ ამ პასუხს ვერ მივიღებთ, სასამართლოს მივმართავთ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრში აცხადებენ, რომ ზეწოლის შესახებ დამადასტურებელი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში სტუდენტებმა საგამოძიებო ორგანოებს უნდა მიმართონ. როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, ამ ეტაპზე მოკვლევა არ დაწყებულა. ნათია ქარჩილაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ჯერ განცხადებით სახალხო დამცველის აპარატს მიმართავს, მათთან კონსულტაციის შემდგომ კი - შესაბამის სამართალდამცავ სტრუქტურებს.

„აუდიტორია # 115“-ის წევრი ირაკლი კუპრაძე მის მიმართ ზეწოლაზე ჯერ კიდევ სტუდენტების აქციების დაწყების პირველ დღეებში ლაპარაკობდა. ის ირწმუნებოდა, რომ ბათუმში, მის მშობლიურ სახლში, სადაც მისი მშობლები ცხოვრობენ, სავარაუდოდ, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები მივიდნენ და მისი და მისი ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია მოითხოვეს. ამ ფაქტზე მოკვლევა სახალხო დამცველის ოფისმაც დაიწყო, თუმცა უჩა ნანუაშვილის გაცხადებით, პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ:

„ჩვენ ხელისუფლებისგან ჯერჯერობით ვერ მივიღეთ ვერანაირი პასუხი, თუ რატომ მივიდნენ კუპრაძის სახლში პოლიციელები და ითხოვდნენ ინფორმაციას. თუ ამ პასუხს ვერ მივიღებთ, სასამართლოს მივმართავთ და მოვითხოვთ კონკრეტული პირების დაჯარიმებას“.

რაც შეეხება ზეწოლის ბოლო გახმაურებულ ფაქტებს, ომბუდსმენის მოადგილე პაატა ბელთაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველი ამ ამბით დაინტერესდება, თუმცა განცხადებას მხოლოდ საქმის შესწავლის შემდეგ გააკეთებს.

როდესაც უნივერსიტეტი გამოხატავდა თავის პოზიციას და გარკვეული პიროვნებები კანცლერის პოსტზე იყო მიუღებელი, ხოლო ამის შესახებ მე ინფორმაციას ვაწვდიდი ჩემს ზემდგომ ორგანოებს, ისინი, სამწუხაროდ, ამას სერიოზულად არ აღიქვამდნენ...

პროცესში ჩაბმას და საკითხის შესწავლას არასამთავრობო სექტორიც აპირებს. როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, აუცილებელია გამოძიების დაწყება, მუქარის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კი - კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის დაყენება.

ზეწოლის საკითხზე ნაწილობრივ ილაპარაკა თსუ-ს ამჟამინდელმა რექტორმა ლადო პაპავამაც, რომელიც პირველი მაისიდან ტოვებს თანამდებობას და რომელმაც 19 აპრილს რექტორის პოსტზე თავისი მოღვაწეობა შეაჯამა. მან თქვა, რომ უფრო მეტს ამ თემაზე რექტორობიდან წასვლის შემდეგ ილაპარაკებს. თსუ-ს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები კი 20 აპრილს არის დანიშნული.

„როდესაც უნივერსიტეტი გამოხატავდა თავის პოზიციას და გარკვეული პიროვნებები კანცლერის პოსტზე იყო მიუღებელი, ხოლო ამის შესახებ მე ინფორმაციას ვაწვდიდი ჩემს ზემდგომ ორგანოებს, ისინი, სამწუხაროდ, ამას სერიოზულად არ აღიქვამდნენ. ამასობაში კი მოხდა ის, რაც მოხდა. გავა დრო და ყველაფერზე დაწვრილებით ვილაპარაკებ, ჯერ ამის დრო არ არის“.

„აუდიტორია # 115“-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას და უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს 19 აპრილს პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ. რესპუბლიკური პარტიის წევრმათამარ კორძაიამ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს ლევან იზორიას მიმართა:

„მოვუწოდებ ლევან იზორიას, გამოაქვეყნონ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენმა ადამიანმა დატოვა სამსახური სისტემის რეფორმის შემდეგ, როცა ე.წ. „ოდეერების“ სამსახური გაუქმდა“.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის, ნუკრი ქანთარიას, განცხადებით, სტუდენტების და მათი ოჯახების რაიმე ფორმით შევიწროება ხელისუფლების სტრატეგია არ არის. უმცირესობის წევრები კი, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სერგო რატიანი განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის პარლამენტში მისვლას და დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემას მოითხოვს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG