Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვმა შეაჩერა აშშ-თან სტუდენტების გაცვლის პროგრამა


რუს ახალგაზრდებში, ვისაც მონაწილეობა მიუღია ან სმენია სტუდენტებისთვის განკუთვნილი პროექტის შესახებ, სახელწოდებით „მომავალ ლიდერთა გაცვლის პროგრამა“, უკმაყოფილებას იწვევს რუსეთის გადაწყვეტილება დროებით შეწყვიტოს მასში მონაწილეობა. „მომავალ ლიდერთა გაცვლის პროგრამა“ შეერთებული შტატების, კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ფინანსდება. ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის კი ურთიერთობა, როგორც ცნობილია, გაუარესებულია უკრაინაში რუსეთის მოქმედების გამო. თუმცა მოსკოვში ამ დაძაბულობას არ ასახელებენ სტუდენტთა გაცვლის პროგრამის შეჩერების მიზეზად. მაშ, რა არის მიზეზი?

რუსეთმა 30 სექტემბერს შეატყობინა მოსკოვში აშშ-ის საელჩოს, რომ 2015-2016 წლებში არ აპირებს მონაწილეობას „მომავალ ლიდერთა გაცვლის პროგრამაში“. ამის შესახებ საგანგებო განცხადებით იუწყება რუსეთში შეერთებული შტატების ელჩი, ჯონ ტეფტი.

„მომავალ ლიდერთა გაცვლის პროგრამა“ 21 წელია მოქმედებს და მისი მეშვეობით 8 000-ზე მეტ რუს სტუდენტს მიეცა შეერთებული შტატების უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მიღებისა და სწავლის პერიოდში ამერიკულ ოჯახებში ცხოვრების შესაძლებლობა. ეს ახალგაზრდა რუსები თავიანთი ქვეყნის კულტურის ელჩები არიან - მილიონობით ამერიკელს აჩვენებენ რუსეთის საუკეთესო მხარესო, წერს ტეფტი.

და ეს ახალგაზრდები, რომლებსაც ამერიკელი დიპლომატი რუსეთის კულტურის ელჩებს უწოდებს, გაოცებულნი და გაწბილებულნი არიან მოსკოვის გადაწყვეტილებით.

„ჩემი აზრით, ეს უზარმაზარი დანაკარგია, რომ პროგრამას შეაჩერებენ, გარკვეული ხნის განმავლობაში აღარ ჩაატარებენ, უბრალოდ, იმიტომ რომ ... პოლიტიკა პოლიტიკად, მაგრამ ჩემთვის ეს იყო კოლოსალური გამოცდილება. ძალიან საწყენია, რომ ბავშვებს ასეთი შესაძლებლობა წაართვეს“, - ამბობს 25 წლის ანა შალაშინა, რომელმაც ერთი წელი დაყო შეერთებულ შტატებში „მომავლის ლიდერთა გაცვლის პროგრამის“ ორგანიზებითა და დაფინანსებით.

თათრეთში მდებარე ნიჟნეკამსკის მკვიდრი გოგონა 2004 წელს გაემგზავრა სიეტლში სასწავლებლად. „ისეთ პატარა ქალაქებში, როგორშიც მე ვცხოვრობდი, გაცვლის პროგრამაში მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი იყო დიდი სტიმული ბავშვებისათვის, ესწავლათ ინგლისური ენა. ძალიან ბევრი ბავშვი მიზანმიმართულად ემზადებოდა ამ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რათა ჰქონოდათ გამარჯვების შანსი და ერთი წლით ამერიკაში წასულიყვნენ“, - იხსენებს ანა შალაშინა.

შესარჩევ კონკურსში გამარჯვება, მართლაც, არ არის იოლი საქმე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, საშუალოდ, 50 კონკურსანტიდან ერთი ხვდება „მომავლის ლიდერთა გაცვლის პროგრამაში“. პროგრამა 1992 წლიდან მოქმედებს ოფიციალურად დასახული მიზნით, ხელი შეუწყოს ხალხებს შორის ურთიერთგაგებას ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან (ანუ არამარტო რუსეთიდან) ახალგაზრდების შეერთებულ შტატებში სასწავლებლად გაგზავნით. ამ წლების განმავლობაში პროგრამაში მონაწილეთა საერთო რიცხვმა 20 000-ს გადააჭარბა. მათ შორის არიან ქართველი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი, სომეხი, ყაზახი, ყირგიზი, მოლდაველი, ტაჯიკი, თურქმენი ახალგაზრდებიც.

რატომ გადაწყვიტა მოსკოვმა შეაჩეროს „მომავლის ლიდერთა გაცვლის პროგრამაში“ რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობა?

ამ საკითხს 1 ოქტომბრის ნომერში უძღვნის პუბლიკაციას გაზეთი „კომერსანტი“. ის ბეჭდავს რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურისაგან მიღებულ ინფორმაციას, რომ გადაწყვეტილების მიზეზი იყო პროგრამის ერთ-ერთი რუსი მონაწილის დარჩენა შეერთებულ შტატებში პროგრამისთვის განკუთვნილი ვადის ამოწურვის შემდეგ, მაშინ როცა „მომავლის ლიდერთა გაცვლის პროგრამის“ ერთ-ერთი პირობაა სტუდენტების სამშობლოში დაბრუნება. ამ ინციდენტის გამო „რუსეთი იძულებული გახდა შეეჩერებინა პროგრამა ... ყველა გარემოების გარკვევამდე“ - ეს განმარტება მიუღია „კომერსანტს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაგან.

ძნელი სათქმელია, რამდენად დამაჯერებლად ჟღერს მოსკოვის არგუმენტი ახალგაზრდებისთვის, ვისაც გაცვლის პროგრამაში მონაწილეობის იმედი გაუცრუვდა. „ტვიტერში“ ერთ ასეთ მესიჯს წაიკითხავთ: „ჩემი ოცნება წამართვეს. დიდი მადლობა. როგორც კი შანსი მომეცემა, ამ ქვეყანას თავი უნდა დავაღწიო“.

XS
SM
MD
LG