Accessibility links

სტუდენტები: „ნუ შეზღუდავთ უნივერსიტეტების ავტონომიას“


სტუდენტების საპროტესტო აქცია

სტუდენტების საპროტესტო აქცია

რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილების წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა და აქცია გამართეს. ილიას უნივერსიტეტთან დაწყებული აქცია მოგვიანებით განათლების სამინისტროსთან გაგრძელდა. სტუდენტები უნივერსიტეტების ავტონომიის მოსალოდნელ შეზღუდვასა და აკადემიური საბჭოების უფლების დაკნინებას აპროტესტებენ. ამასთან, საკანონმდებლო ორგანოში არ გამორიცხავენ, რომ კანონპროექტის განხილვა გადაიდოს.

„არ მიიღოთ კანონი ჩვენზე უჩვენოდ“, „ნუ შეზღუდავთ უნივერსიტეტების ავტონომიას“ - ამგვარი ტრანსპარანტებით ხელში, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ჯერ უნივერსიტეტის შენობის წინ შეიკრიბნენ, შემდეგ ხელიხელჩაკიდებულები ცოცხალ ჯაჭვში ჩადგნენ და ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, ჭავჭავაძის პროსპექტზე, გზის შუა სავალ ნაწილში, ღერძულა ხაზზე დადგნენ. ასე, შუა ქუჩაში, „აკადემიური სოლიდარობის“ სიმბოლურ ჯაჭვში მდგარი თსუ-ს სტუდენტი გირშელ ბართაია ხმის გამაძლიერებლით სხვა სტუდენტებს აქტიურობისკენ მოუწოდებდა:

„მეგობრებო! სტუდენტებო! ჩემო კურსელებო! მე, როგორც ერთ-ერთი სტუდენტი ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტისა, ვუერთდები სტუდენტების საპროტესტო აქციას და გთხოვთ, შემოგვიერთდეთ, რათა აღდგეს სამართლიანობა, რათა პოლიტიკა არ შევიდეს უნივერსიტეტში. გთხოვთ, შემოგვიერთდით!“

ცოცხალ ჯაჭვში მდგარი სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის დოქტორანტი ნინო დანელია ამბობდა, რომ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მოთხოვნაა, უნივერსიტეტებმა, აკადემიურმა საბჭოებმა თავად გადაწყვიტონ უნივერსიტეტების ბედი, თვითონ აირჩიონ პროფესორები და რექტორი და თავად მოიფიქრონ შეფასების კრიტერიუმი, რომლითაც კარგი ლექტორები გადაირჩევიან:

„პრობლემა არის ის, რომ სახელმწიფომ გადაწყვიტა დაინტერესებული მხარეების ჩარევის გარეშე მიეღო ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება და რაც არ უნდა კარგი იყოს ეს ცვლილება, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობისა და ჩართულობის გარეშე პრაქტიკულად აზრი ეკარგება, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს რაღაცნაირი ავტორიტარული გადაწყვეტილება სახეზე, რასაც, ბუნებრივია, გააპროტესტებენ და მე არ მინდა, რომ ხელისუფლებამ გაიმეოროს წინა ხელისუფლების შეცდომები“.
მირჩევნია უნივერსიტეტის საბჭომ აირჩიოს არასწორი, ჩვენი წარმოდგენით ან ვინმეს წარმოდგენით, რექტორი, ვიდრე ჩვენ დავნიშნოთ. სულ ერთია, ვინ, სულ ერთია, რომელი პრემიერი იქნება, პრეზიდენტი იქნება თუ მინისტრი იქნება, სულ ერთია, არ ვეთანხმები დანიშვნის იდეას...

ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის თათა ცოფურაშვილისთვის კი აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო ქირურგიული ჩარევა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში და რატომ უნდა დანიშნოს, თუნდაც დროებით, უნივერსიტეტების რექტორები პრემიერ-მინისტრმა:

„ბუნებრივია, ჩნდება აბსოლუტურად გონივრული ეჭვი იმისა, რომ ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ახალმა პოლიტიკურმა ძალამ თავისი პოლიტიკური კონიუნქტურის ქვეშ მოაქციოს უნივერსიტეტები, ანუ გააკეთოს ის, რასაც წლების განმავლობაში ის საყვედურობდა წინამორბედ პოლიტიკურ ძალას“.

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს, რომლის ინიციატორიც განათლების სამინისტროა და რომლის მიხედვითაც, გარდამავალ ეტაპზე რექტორები პრემიერ-მინისტრმა უნდა დანიშნოს განათლების მინისტრის წარდგინებით, ხოლო რექტორებისა და ფაკულტეტების დეკანებისთვის აუცილებელია აკადემიური ხარისხი, მხარს არ უჭერს თავად საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრი. დებულება, რომლის თანახმადაც, განსაკუთრებულ შემთხვევებში პრემიერი ნიშნავს რექტორს, მართებულად არ მიაჩნია ლევან ბერძენიშვილს და არ უჭერს მხარს იმას, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უნივერსიტეტების ავტონომია თუნდაც დროებით შეიზღუდოს:

„მირჩევნია უნივერსიტეტის საბჭომ აირჩიოს არასწორი, ჩვენი წარმოდგენით ან ვინმეს წარმოდგენით, რექტორი, ვიდრე ჩვენ დავნიშნოთ. სულ ერთია, ვინ, სულ ერთია, რომელი პრემიერი იქნება, პრეზიდენტი იქნება თუ მინისტრი იქნება, სულ ერთია, არ ვეთანხმები დანიშვნის იდეას“.

განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი კი ამბობს, რომ ხელისუფლება ცვლილებებზეა ორიენტირებული და არა პოლიტიკურ დევნაზე და საღი აზრის მოსასმენად უმრავლესობა მზად არის, მაგრამ საღი აზრი არ შეიძლება იყოს ემოცია:
გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი


„სასურველი იქნებოდა უფრო სირღმისეულად ჩაიხედოს ყველამ იმ ცვლილებებში, რომელიც ხორციელდება. თავისთავად კარგია აზრის გამოხატვა, ეს დემოკრატიის ნაწილია“.

საპარლამენტო უმცირესობა კანონპროექტის განხილვის გადადებას მოითხოვს და, ამასთან, ცვლილებებს კანონში საბჭოთა სისტემის დაბრუნებად მიიჩნევს. ასე ფიქრობს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სერგო რატიანიც:

„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროფესორებს არ წაართვან უფლება აირჩიონ თავიანთი რექტორი თუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ეს გააკეთოს მათ მაგივრად ერთმა ადამიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ეს არის უხეში ჩარევა უნივერსიტეტების ავტონომიაში, ეს არის დაბრუნება შევარდნაძის ეპოქაში“.

სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები საპროტესტო აქციების გაგრძელებას არ გამორიცხავენ. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი უმაღლესი განათლების კანონთან მიმართებით.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG