Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”დანაწევრებული” სტუდენტობა - წამების წინააღმდეგ


”დანაწევრებული” სტუდენტობა - წამების წინააღმდეგ
please wait

No media source currently available

0:00 0:04:12 0:00
გადმოწერა
პატიმართა წამების წინააღმდეგ მიმართული სტუდენტური მანიფესტაციები ორშაბათამდე შეჩერებულია. სტუდენტთა ერთი ნაწილი ამის მიზეზად პატრიარქის, ილია მეორის მოწოდებას ასახელებს, მეორე ნაწილი ფართომასშტაბიანი აქციების გასამართად საკოორდინაციო საბჭოს შესაქმნელად ემზადება, მესამე ნაწილი კი მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობს. სტუდენტთა მანიფესტაცია 24 სექტემბერს, 3 საათზე განახლდება. მათი მთავარი მოთხოვნა ახლად გადამდგარი შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიასა და ასევე ახლად გადამდგარი სასჯელაღსრულების მინისტრის ხათუნა კალმახელიძის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაა. აპირებდნენ სტუდენტები უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის პიკეტირებას, ავტომობილების დაწვასა და ქუჩებში დესტაბილიზაციის მოწყობას?

”ვერ გავიგე!” - ეს რეპლიკა სტუდენტური აქციების მისამართით სოციალურ ქსელებში ჯერ კიდევ 20 სექტემბერს ღამით გაჩნდა, 21 სექტემბერს კი უკვე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში გადაინაცვლა. დაბნეულობის მიზეზი სოციალურ ქსელებში დაანონსებული სამი სხვადასხვა საპროტესტო აქცია იყო, რომელსაც ასევე სხვადასხვა სტუდენტური გაერთიანებები ავრცელებდნენ. მაგალითად, სტუდენტურმა მოძრაობამ ”ლაბორატორია 1918”-მა აქცია უნივერსიტეტის პირველ კორპუსში პირველ საათზე დანიშნა. მათ არ ჩამორჩნენ სხვადასხვა უნივერსიტეტების თვითმმართველობები, რომლებმაც შეკრება ასევე პირველი კორპუსის ეზოში, ოღონდ დღის 3 საათისათვის დაგეგმეს. კიდევ ერთი სტუდენტური აქციის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია. ისინი გლდანის მერვე საპყრობილესთან მოუწოდებდნენ სტუდენტებს. მაგრამ საქმე ამით არ დამთავრებულა. ერთგვარი გაურკვევლობა სტუდენტების მიერ დაგეგმილ სხვადასხვა აქციებში პატრიარქის მოწოდებამ შეიტანა:

”რაც ჩვენ ვიხილეთ, ერისა და საქართველოს სირცხვილია, არეულობა ჩვენს ქვეყანაში არ გვაკლია. მე მამაშვილური სიყვარულით მოგმართავთ, არავითარ შემთხვევაში არეულობა არ შეიტანოთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ეს ისედაც არ გვაკლია, პირიქით, სტუდენტებმა ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდობა და სათნოება დამკვიდრდეს“, - უთხრა ილია მეორემ 20 სექტემბერს მასთან შეხვედრაზე მისულ სტუდენტებს.
რაღაც გაურკვევლობა წარმოიშვა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ძალიან მარტივად არის. პატრიარქმა მოგვიწოდა, რომ სოლიდარობა პატიმრების მიმართ გამოვხატოთ ლოცვით და სიმშვიდით ...

ამ შეხვედრის შემდეგ ინტერნეტსივრცეში გაჩნდა ინფორმაცია, რომ, პატრიარქის თხოვნით, სტუდენტური აქციები შეჩერებულია. სიტუაციის გარკვევაში პირველი კორპუსის ეზოში შეკრებილ 150-მდე სტუდენტს თავისუფალი სტუდენტების ერთ-ერთი წევრი დაეხმარა:

”რაღაც გაურკვევლობა წარმოიშვა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ძალიან მარტივად არის. პატრიარქმა მოგვიწოდა, რომ სოლიდარობა პატიმრების მიმართ გამოვხატოთ ლოცვით და სიმშვიდით”...

უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს, სტუდენტური გაერთიანება ”ლაბორატორია 1918”-ის წევრებს, სტუდენტებისთვის ლოცვისკენ არ მოუწოდებიათ, თუმცა გაერთიანების ერთ-ერთი წევრი, სანდრო ცაგარელი, ფართომასშტაბიანი მანიფესტაციების დროებით, უფრო ზუსტად კი, ორშაბათამდე შეწყვეტას ადასტურებს და ორგანიზებული მანიფესტაციების გასამართად საკოორდინაციო საბჭოს შექმნაზე ლაპარაკობს:

”შეიქმნება საბჭო, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, რათა გარკვეული კოორდინირება გავუწიოთ ჩვენს მანიფესტაციებს და მსვლელობებს, რომ დაცული იყოს უსაფრთხოების ზომები, რადგან მოსალოდნელია პროვოკაციები. ჩვენ დღეს იმიტომ არ ვმართავთ ფართომასშტაბიან მანიფესტაციას, რომ მოსალოდნელია სერიოზული პროვოკაცია თვითმმართველობის მხრიდან.”

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული აქცია 21 სექტემბერს, 3 საათზე, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში იყო დაგეგმილი. ეს აქციაც გადაიდო. რაც შეეხება სტუდენტური თვითმმართველობის წევრების მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციებს, რის გამოც სტუდენტური მანიფესტაცია ორშაბათამდე შეწყდა, ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან საუბარში სტუდენტური გაერთიანება ”ნარინჯისფერი კლუბის” წევრი ლევან ლორთქიფანიძე განმარტავს:

”უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან იგეგმებოდა სტუდენტური თვითმმართველობების საპროტესტო აქცია. აქ მათ დახვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც ძალიან დიდი ხანია მათთან დაპირისპირებულნი არიან, შესაბამისად, არსებობდა ძალიან დიდი საშიშროება იმისა, რომ ადგილი ჰქონოდა ექსცესებს, პროვოკაციებს”, - ამბობს ლევან ლორთქიფანიძე.
ჩვენ ვაპირებდით მშვიდობიან პროტესტს და არანაირად არ შედიოდა ჩვენს ინტერესში გზების გადაკეტვა და მანქანების გადაწვა. მსგავსი ქმედებები ვისი მეთოდიც არის და ვინც არის რადიკალური სტუდენტური ორგანიზაცია, ყველამ ძალიან კარგად ვიცით ...
დაჩი გუბაძე

თუმცა 21 სექტემბერს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში მცირე ექსცესს მაინც ჰქონდა ადგილი. მაშინ, როდესაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე სტუდენტებს სიტყვით მიმართავდა, კიბეებზე გოგონამ აირბინა, გამომსვლელს ხმის გამაძლიერებელი გამოსტაცა და დაიყვირა: ”ძირს პატრიარქი!”. მის ამ საქციელს რამდენიმე სტუდენტის პროტესტი და, შესაბამისად, მცირე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა:

ამ ექსცესის შემდეგ, მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მცირერიცხოვანი საინფორმაციო აქცია დაიშალა. თუმცა უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზო კიდევ ერთი, ამჯერად უკვე სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტური თვითმმართველობების აქციის მოლოდინში იყო, როცა რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ აქცია გადაიდო. სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტმა დაჩი გუბაძემ ინტერვიუ მას შემდეგ მოგვცა, რაც ის და უნივერსიტეტების თვითმმართველობის კიდევ ხუთი წევრი ილია მეორეს შეხვდა. დაჩი გუბაძე აქციის გადადების მიზეზად პატრიარქის მოწოდებასა და მოსალოდნელ პროვოკაციებს - ოღონდ ახლა უკვე ”ლაბორატორია 1918”- ის მხრიდან - ასახელებს:

”ჩვენ ვაპირებდით მშვიდობიან პროტესტს და არანაირად არ შედიოდა ჩვენს ინტერესში გზების გადაკეტვა და მანქანების გადაწვა. მსგავსი ქმედებები ვისი მეთოდიც არის და ვინც არის რადიკალური სტუდენტური ორგანიზაცია, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. და ვიცით ისიც, თუ ვის სურვილს წარმოადგენდა უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის პიკეტირება და ვის სურვილსაც წარმოადგენდა პირველი კორპუსის ოკუპაცია. ესენი არიან „ლაბორატორია 1918“-ის წარმომადგენლები. ჩვენ ეს ინფორმაცია მათმა ერთ-ერთმა წევრმა მოგვაწოდა.”

არც უნივერსიტეტის პიკეტირება და არც დესტაბილიზაციის შექმნა 21 სექტემბერს არ იგეგმებოდა, ეს ტყუილია, ეუბნება რადიო თავისუფლებას ”ლაბორატორია 1918”-ის წევრი მათე გაბიცინაშვილი. ჩვენ გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა, დაისაჯონ დამნაშავეები:

”ახალაიები და ყველა ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ პატიმრების წამებაში, ორგანიზებულ ბოროტებაში, აბსოლუტურად ყველა მათგანი უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში”, - ამბობს მათე გაბიცინაშვილი.

როგორც ”ლაბორატორია 1918”-ის წევრები ამბობენ, გაერთიანების არც ერთ წევრს არ სურს სიტუაციის გამწვავება. მათი განცხადებით, საზოგადოება არჩევნებამდე მშვიდად უნდა მივიდეს.
XS
SM
MD
LG