Accessibility links

logo-print

”მოუსმინეთ სტუდენტებს” - ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორთან შეხვედრას ითხოვენ


სტუდენტთა აქცია

სტუდენტთა აქცია

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 26 ოქტომბერს სტუდენტთა მცირერიცხოვანი აქცია გაიმართა. პრივილეგირებულ და არაპრივილეგირებულ სტუდენტებად დაყოფა, განსხვავებული აზრის დევნა, გამჭვირვალე ბიუჯეტის არარსებობა, სტიპენდიების გაცემის არასამართლიანი წესი - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რის გამოც სტუდენტთა მცირერიცხოვანი ჯგუფი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს ღიად დაუპირისპირდა. მათ შიმშილობის დაწყებაც სცადეს.

თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის კიბეებზე პლაკატები, წარწერით ”მოუსმინეთ სტუდენტებს”, დღის 12 საათზე რამდენიმე სტუდენტმა გაშალა. მცირერიცხოვანი აქციის გამართვის მიზეზები ჟურნალისტებს აქციის ორგანიზატორმა, დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ალექსანდრე კობაიძემ ჩაუკითხა. მის უკან შვიდი სტუდენტი დგას. ისინი რექტორთან, არჩილ ფრანგიშვილთან შეხვედრას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობის დაწყებას აპირებენ.
უნივერსიტეტის ბიუჯეტი გაუმჭვირვალეა. სტუდენტმა არ იცის სად იხარჯება მის მიერ გადახდილი სწავლის გადასახადი...

”ხდება სტუდენტების დაყოფა პრივილეგირებულ და არაპრივილეგირებულ სტუდენტებად. უნივერსიტეტის ბიუჯეტი გაუმჭვირვალეა. სტუდენტმა არ იცის სად იხარჯება მის მიერ გადახდილი სწავლის გადასახადი. მკაცრად კონტროლდება სტიპენდიების გაცემის არასამართლიანი წესი. ადმინისტრაცია და რექტორი გაუცხოებულია სტუდენტებთან. ყველა ამ პრობლემის გადასაჭრელად არაერთხელ მივმართეთ რექტორს, მაგრამ სიტუაცია არ შეცვლილა”, - კითხულობს განცხადების ტექსტს ალექსანდრე კობაიძე.

აქციას შორიდან ადევნებს თვალს რამდენიმე სტუდენტი. ისინი კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებენ.
სტუდენტებს შეჰპირდნენ, რომ პრობლემას მოაგვარებდნენ, თუმცა დაპირება დღემდე არ შესრულებულა. მაშინ, ასე ვთქვათ, „დააბოლეს“ სტუდენტები...

ჟურნალისტებთან საუბრისას არჩილ ფრანგიშვილი სტუდენტთა ბრალდებებს უარყოფს. ის აქციის ორგანიზატორს ალექსანდრე კობაიძეს საკუთარ პრეტენზიას უყენებს და ამბობს, რომ მას უბრალოდ სტუდენტთა ლიდერობა სურს. რექტორის მტკიცებით, ის ალექსანდრე კობაიძესა და მის რამდენიმე თანამოაზრეს უკვე ორჯერ შეხვდა, თუმცა შეხვედრები იმით დასრულდა, რომ მათ თანამოაზრეები განუდგნენ. აქციის მონაწილეებმა რექტორის კაბინეტის კარი სწორედ მაშინ შემოაღეს, როდესაც არჩილ ფრანგიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას მათ უსაფუძვლო ბრალდებებში ადანაშაულებდა:

ივანე მეფარიშვილი, სტუდენტი: რექტორს შეცდომაში შეჰყავს ჟურნალისტები, ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ.

არჩილ ფრანგიშვილი, რექტორი: მე არ მინდა თქვენთან საუბარი.

ალექსანდრე კობაიძე, სტუდენტი: შევთანხმდეთ და ჟურნალისტებს ერთად შევხვდეთ.

არჩილ ფრანგიშვილი: აქ არიან ჟურნალისტები, ამოიყვანეთ სტუდენტები. აბა, სად არიან, თქვენ ხომ დღეს აქცია გქონდათ? აბა, სად არიან სტუდენტები? აქ მარტო ოთხი სტუდენტია.

ალექსანდრე კობაიძე: ბატონო არჩილ, პარასკევს შევიკრიბოთ დარბაზში და პირობას გაძლევთ, რომ დარბაზს გავავსებთ.

როგორც აქციის ორგანიზატორები ირწმუნებიან, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არიდებენ თავს განსხვავებული აზრის დაფიქსირებას, რომ მათ ადმინისტრაცია უნივერსიტეტიდან გარიცხვით ემუქრება. რაც შეეხება სტუდენტების ერთ-ერთ მთავარ ბრალდებას, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის ბიუჯეტი არ არის გამჭვირვალე, რექტორი პასუხობს, რომ ბიუჯეტის ხილვა ნებისმიერ მსურველს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე შეუძლია. მისივე თქმით, უნივერსიტეტის ბიუჯეტი 2011 წელს 26 მილიონ ლარს შეადგენს, პრიორიტეტი კი ენიჭება ინფრასტრუქტურის, სასწავლო ლაბორატორიების განვითარებასა და პროგრამულ უზრუნველყოფას:

არჩილ ფრანგიშვილი: გახსენით საიტი და ნახავთ ტექნიკური უნივერსიტეტის ბიუჯეტს.
ალექსანდრე კობაიძე: ეგ არ არის ბიუჯეტი, ეგ ბიუჯეტის ჩონჩხია.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ივანე მეფარიშვილი ირწმუნება, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სტუდენტებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ისე იღებს, რომ მათ ამის შესახებ არაფერს ატყობინებს. ის ერთ-ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე საუბობს, როდესაც, მისი თქმით, ადმინისტრაციამ ჰუმანიტარულ-სოციალურ ფაკულტეტს სახელი შეუცვალა და ამის შესახებ სტუდენტები არ გააფრთხილა:
ჩვენ ბოლომდე დავიცათ ჩვენს პოზიციას, სანამ ამ ადამიანებს არ გავაგებინებთ, რომ თავიანთი გადაწყვეტილებების შესახებ სტუდენტებსაც უნდა შეატყობინონ...

”ფაკულტეტი აერთიანებდა სამართალმცოდნეობას, ჟურნალისტიკასა და საერთაშორისო სამართალს. მათ ფაკულტეტს სახელი გადაარქვეს და დაარქვეს ბიზნეს-ინჟინერინგი. რა შუაში იყო, მაგალითად, საერთაშორისო სამართალთან ბიზნეს-ინჟინერინგი? სამი თვის შემდეგ ერთი განცხადებაც კი არ გამოუკრავთ, რომ სტუდენტებისთვის ეთქვათ, ვის შეეხო ეს პრობლემა - შეეხო თუ არა ეს იმ სტუდენტებს, რომლებიც უკვე ჩაირიცხნენ და მოიპოვეს აკადემიური ხარისხი როგორც ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა. საბოლოოდ მივაღწიეთ იმას, რომ რექტორი შეგვხვდა, თუმცა ბევრმა სტუდენტმა უკან დაიხია და თქვა, რომ მათ პრობლემები არ სჭირდებოდათ. სტუდენტებს შეჰპირდნენ, რომ პრობლემას მოაგვარებდნენ, თუმცა დაპირება დღემდე არ შესრულებულა. მაშინ, ასე ვთქვათ, „დააბოლეს“ სტუდენტები. დღეს ვეღარ „დაგვაბოლებენ“. ჩვენ ვართ პრინციპულები. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს პოზიციას, სანამ ამ ადამიანებს არ გავაგებინებთ, რომ თავიანთი გადაწყვეტილებების შესახებ სტუდენტებსაც უნდა შეატყობინონ. ვისხდებით აქ და ვიშიმშილებთ”, - თქვა ივანე მეფარიშვილმა.

თუმცა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის არჩილ ფრანგიშვილის მისაღებ ოთახში დაწყებული შიმშილობა სულ რაღაც ნახევარ საათს გაგრძელდა. როგორც მოგვიანებით რადიო თავისუფლებას სტუდენტებთან ურთიერთობის, სპორტისა და კულტურის განყოფილების უფროსმა ბორის გითოლენდიამ განუმარტა, აქციის მონაწილეები და არჩილ ფრანგიშვილი შეხვედრასა და სტუდენტების მიერ წამოჭრილი პრობლემების განხილვაზე შეთანხმდნენ, რის შემდეგაც აქციის ორგანიზატორებმა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მისაღები დატოვეს.
XS
SM
MD
LG