Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო ტალღა ტექნიკურ უნივერსიტეტშიც იზრდება


აქცია ტექნიკურ უნივერსიტეტთან
აქცია ტექნიკურ უნივერსიტეტთან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოშიმშილე ლექტორებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე შეხვდნენ. უნივერსიტეტის ხუთი ლექტორი, რექტორის გადადგომის მოთხოვნით, მე-6 დღეა შიმშილობს. მათი თქმით, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, არჩილ ფრანგიშვილი, კანონდარღვევით იკავებს თანამდებობას და, ამასთან, აფერხებს უნივერსიტეტის განვითარებას. სტუდენტთა ნაწილი მოშიმშილე ლექტორების პოზიციას იზიარებს, თვითმმართველობის წარმომადგენლები კი რექტორის გადადგომას არ ემხრობიან.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ფოიეში სახელდახელოდ გაშლილ ლეიბებზე მოშიმშილე ლექტორები წვანან. მათ შორის, უნივერსიტეტის პროფესორმა ზაალ მიქაძემ მშრალი შიმშილობა დაიწყო. მისი თქმით, სასწრაფოდ განსახორციელებელია განათლების სისტემის რეფორმა და უნდა გადადგეს რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, ვინაიდან მას უნივერსიტეტის კრიზისიდან გამოყვანა არ ძალუძს:

„თავზე გვახვევენ კანონს და იქცევიან კომუნისტური მენტალიტეტით. თვითმმართველობის სახით შექმნილი ჰყავთ კომკავშირი, ადიან და ჩადიან ეს სტუდენტები, მეთვალყურეობას გვიწევენ. ნაცვლად იმისა, რომ ლექციებს ესწრებოდნენ, ჩვენ გვაკონტროლებენ. ჩვენი მოთხოვნებია: გადადგეს აკადემიური საბჭო, გადადგეს არალეგიტიმური რექტორი და არალეგიტიმური კანცლერი და სასწრაფოდ ჩატარდეს განათლების რეფორმა“.

მე ვფიქრობ, პრობლემა არის ის, რომ გარკვეული რეფორმებია საჭირო. ის, რაც სტუდენტურ პროტესტთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში ხდება, მიუთითებს იმაზე, რომ სფეროში რაღაც პრობლემებია დაგროვილი და მთავრობისგან - და განსაკუთრებით განათლების სამინისტროსგან - უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო ასეთი სახის პროტესტების მიმართ...
უჩა ნანუაშვილი

ტექნიკური უნივერსიტეტის მოშიმშილე ლექტორები ამბობენ, რომ უნივერსიტეტის რექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობის დაწყებამდე განათლების სამინისტროს, მთავრობის წარმომადგენლებს და სახალხო დამცველსაც მიმართეს, სარჩელიც აქვთ შეტანილი სასამართლოში რექტორის მესამე ვადით უკანონოდ არჩევის გამო, თუმცა სასამართლოს საკითხი ჯერ არ განუხილავს. ლექტორების თქმით, უნივერსიტეტი ღრმა კრიზისშია, როგორც საგანმანათლებლო, ასევე მატერიალური რესურსების გადანაწილების თვალსაზრისით.

„განათლების სამინისტროს ვეუბნები, მოდით და ნახეთ, რა საშინელება ხდება აუდიტორიებში; ნახეთ ნაშრომები, სამაგისტრო ნაშრომები, სადოქტორო ნაშრომები; მოდით და ნახეთ, არ გაინტერესებთ?“ - ამბობს პროფესორი ნოდარ უღრელიძე.

მოშიმშილე პროფესორებთან მათი მოთხოვნების მოსასმენად მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე იყო მისული. მისი თქმით, უნივერსიტეტის რექტორის გადადგომა და საკითხი, რომელსაც სასამართლო განიხილავს, ბუნებრივია, პრემიერის კომპეტენცია არ არის, თუმცა მან ლექტორებს განათლების რეფორმირების პროცესში მონაწილეობა შესთავაზა:

„საზოგადოებისთვის ცნობილია პრემიერ-მინისტრის განწყობა და მისწრაფება, რომ მოხდეს უმაღლესი განათლების ერთიანი რეფორმირება, ჩვენ შევთავაზეთ, რომ ეს ადამიანები ჩაერთონ ამ პროცესში, თავისი გამოცდილება და კვალიფიკაცია მოახმარონ იმას, რომ ამ რეფორმირებაში დაეხმარონ მთავრობას. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე უარს აცხადებენ ამ მიმართულებით. პრემიერ-მინისტრს მათ ყველა მოთხოვნას გავაცნობ და საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი გადაწყვეტილების შესახებ“.

როგორც სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, ლექტორებმა შიმშილობის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე მიმართეს მას თხოვნით, შეესწავლა რექტორის მესამე ვადით არჩევის კანონიერების საკითხი. უჩა ნანუაშვილის თქმით, ამ საკითხს ის ჯერ კიდევ სწავლობს:

„უახლოეს დღეებში მექნება დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც დასკვნას გავაკეთებთ. საუბარი იმაზეა, რომ რექტორის არჩევა მხოლოდ ორი ვადით შეიძლებოდა და ის მესამე ვადით აირჩიეს ცოტა ხნის წინ. მაგრამ, მთლიანობაში, მე ვფიქრობ, პრობლემა არის ის, რომ გარკვეული რეფორმებია საჭირო. ის, რაც სტუდენტურ პროტესტთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში ხდება, მიუთითებს იმაზე, რომ სფეროში რაღაც პრობლემებია დაგროვილი და მთავრობისგან - და განსაკუთრებით განათლების სამინისტროსგან - უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო ასეთი სახის პროტესტების მიმართ“.

განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის განცხადებით კი, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ გააკეთა მედიასთან საუბარში, რექტორს კანონდარღვევით არ უკავია თანამდებობა:

თამარ სანიკიძე
თამარ სანიკიძე

„ის კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს რექტორის არჩევნებს, აცხადებს, რომ ორჯერ ზედიზედ შეუძლია იყოს რექტორი და მესამედ აღარ შეიძლება, თუმცა ის ეტაპები, რაც გამოიარეს, და ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც ხორციელდებოდა, აძლევდა საშუალებას უნივერსიტეტს ჩაეტარებინა ეს არჩევნები და ჩაეტარებინა ისე, როგორც ეს ჩაატარეს“.

ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებულ არასახარბიელო მდგომარეობაზე ლაპარაკობდნენ ის სტუდენტებიც, რომლებიც მოშიმშილე ლექტორების მხარდამჭერ აქციაზე შეიკრიბნენ:

„ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა იყოს სამეცნიერო კერა და ძალიან ცუდ დღეშია ახლა. ფართები, სადაც სამეცნიერო კვლევები უნდა ტარდებოდეს, დიდი ხანია პრივატიზებულია და ეს ყველაფერი არის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის, ბრალი“.

პარალელურად უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ იმართებოდა სტუდენტური თვითმმართველობის აქცია. აქციის მონაწილეები მოშიმშილე ლექტორების პოზიციას არ იზიარებენ:

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ მსგავსი აქცია არის სასამართლოზე, საზოგადოებაზე, სტუდენტებზე და პროფესორ-მასწავლებლებზე ზეწოლის მცდელობა და მოვითხოვთ აღნიშნული პროტესტის ეს ფორმა შეწყდეს და ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოებში გადავიდეს“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორთა სარჩელი 15 მაისს უნდა განიხილოს. მანამდე ლექტორები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ, ვინაიდან, მათი თქმით, საქმე უკვე რექტორის თანამდებობაზე კანონიერად ყოფნა-არყოფნის საკითხს სცდება და ის, უბრალოდ, უნდა გადადგეს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG