Accessibility links

„თურმე ამის სწავლა შემიძლია...“


სტუდენტური პროგრამა „50 +“-ის მონაწილეები

სტუდენტური პროგრამა „50 +“-ის მონაწილეები

შეუძლიათ თუ არა კომპიუტერზე იმუშაონ მათ, ვინც 50 წელს გადაშორდა და კომპიუტერს არასოდეს შეხებია? ამის სურვილი ბევრს აქვს, მაგრამ თვლის, რომ მისი დრო წავიდა ან ეს დაუძლეველი პრობლემაა. აღმოჩნდა, რომ არა. საგანგებოდ მათთვის ახლა კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსები არსებობს.

ჩვეულებრივი საკლასო ოთახი „ჯეოლაბში“... ამ ჯგუფში ოთხი მოსწავლეა.

74 წლის ზურაბ ბაბუციძე კომპიუტერის კლავიატურაზე ჯერ ნელა ბეჭდავს, მაგრამ ინტერნეტში ძიების საბაზისო ელემენტები უკვე იცის. ის და მისი ჯგუფის წევრები კვირაში სამჯერ მოსწავლეები ხდებიან, მერხებს უბრუნდებიან და ენციკლოპედიების ნაცვლად ახლა ინტერნეტში „იქექებიან“.

ჯერ ელექტრონული ფოსტა გახსნეს და თავიანთი ფეისბუკის გვერდი შექმნეს, მერე წერილების გაგზავნა და მეგობრების დამატება ისწავლეს. აქ როლები შეიცვალა - უფროსებს სტუდენტები ასწავლიან.

რასაც ვასწავლით, ის არის ძალიან ზოგადი, რაც გულისხმობს ელემენტარული ფუნქციონალის გამოყენებას, რაც რის ბროუზერის გამოყენება, მეილის გამოყენება, სოციალური ქსელის...

სტუდენტური პროგრამა „50 +“ არაკომერციული პროექტია, რომელსაც ჯეოსელი და ინოვაციების ლაბორატორია “ჯეოლაბი” ახორციელებს.

"ჯეოლაბის” დამფუძნებელი ვახო ვახტანგიშვილი ამბობს:

„ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ექსპერიმენტი, ისევე როგორც მათთვის, იმიტომ რომ ამის გამოცდილება არ გვქონია, პირველად ხდება. ზოგადად, ეს ასაკობრივი ჯგუფი არის ამოვარდნილი ტექნოლოგიებიდან, რადგან ისეთ პერიოდში მოუწიათ ცხოვრება, რომ მაშინ საერთოდ საბჭოთა ტექნოლოგიები იყო და ბუნებრივი ტრანსფორმაცია არ მოხდა. რასაც ვასწავლით, ის არის ძალიან ზოგადი, რაც გულისხმობს ელემენტარული ფუნქციონალის გამოყენებას, რაც რის ბროუზერის გამოყენება, მეილის გამოყენება, სოციალური ქსელის, “იუტუბის”, ვიდეოკონტენტის მოხმარების მხრივ და შემდეგ უკვე ამ ყველაფერს ვასწავლით მობილური აპლიკაციების ჭრილში”.

ნიკა შაკაია ამ კურსის ერთ-ერთი მასწავლებელია. მუშაობის პროცესში უფროს მოსწავლეებთან ერთად ადაპტირებული ტერმინოლოგია შეიმუშავა და საერთო კომპიუტერული ენა ასე გამონახეს. ნიკა მონაწილეთა მოტივაციაზე საუბრობს:

„პირველ ლექციაზე ველოდით უფრო მეტ უკუკავშირს, არ აღმოჩნდა ასე და რაღაცები შევცვალეთ. ნაკლები ტერმინი გამოვიყენეთ. მაგალითად, “სმარტფონს” ვეძახით ჭკვიან ტელეფონს, მეილებსაც უკვე წერენ, ესე იგი წინსვლა არის.

ვასწავლით, რომ ინტერნეტში ნებისმიერს შეუძლია ინფორმაციის გავრცელება და უნდა იყოს რეალური. უნდა ნახონ ავტორი, მისი რეიტინგი და ვინ არის, ანუ ინფორმაციას პირდაპირ არ უნდა დაუჯერონ. აშკარად მოტივირებულები არიან, რვეულებით დადიან. ინგლისური რადგან არ იციან, ინგლისურად წერენ და ქართულ მნიშვნელობებს გვეკითხებიან, მოტივაცია აქვთ“.

პროგრამა მონაწილეებს სხვადასხვა გზით ეხმარება. ზოგს ამერიკაში შვილთან სკაიპით უნდა დარეკვა, ზოგს უცხოელ კოლეგებთან საუბარი, ზოგს უცხო ენის სწავლა სურს, ზოგს კი იმ პროგრამების ათვისება, რომლებიც სხვამ ვერ ასწავლა ან ვერ მოიცალა მისთვის. თუმცა საერთო ყველას აქვს: თვლიან, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები და ინტერნეტი საინტერესო რამაა და ბევრი რამის აღმოჩენა შეუძლიათ:

სტუდენტური პროგრამა „50 +“-ის მონაწილეები

სტუდენტური პროგრამა „50 +“-ის მონაწილეები

“მე ვერ ვხვდები, რისი სწავლა მინდა. თურმე შეიძლება და მე არ ვიცი, რომ ამის სწავლა შემიძლია. ამ ჯგუფში რომ მოვხვდი, ახალგაზრდები არიან და გვასწავლიან. ეს ტექნოლოგიები ყოველთვის მიზიდავდა, მაგრამ ჩემ დროს არ იყო ეს ასე გავრცელებული და საინტერესოდ მოცემული”.

“ინფორმაციის გამოყენებაც შეიძლება, ამასაც მივხვდი, მაგრამ როგორ, ეგ არ ვიცოდი. მე მხოლოდ წაკითხვა ვიცოდი მათი ინფორმაციების, ახლა ჩემის გაზიარებაც შემიძლია. ახლა ჩემი დედამთილი მეჩხუბება, როდესაც სამსახურიდან მოვდივარ სახლში, მიჭირავს ტელეფონი, ტელეფონში მაქვს “ფეისბუკი” და - შენ მეტი საქმე არ გაქვს სახლში?!”

“მეც ძალიან მრცხვენია, რომ აქამდე ისე მოვედი, რომ მაქვს მხოლოდ ზერელე წარმოდგენა. გარკვეული საკითხები მაინტერესებს და ამის დაკმაყოფილებას თუ შევძლებ, გამიხარდება. ძალიან მაინტერესებს ნახაზების აგების პროგრამა „ავტოკადი“, რომელზეც ხელი არ მიმიწვდა და არც დრო მქონდა და არც ისეთი პიროვნება მყავდა, ვინც ამიხსნიდა და დამაკვალიანებდა. ვნახოთ, რა გამომივა”.

პროგრამა საპილოტე იყო. მასში მონაწილეობის მსურველი საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა და პროგრამის შემქმნელები ამბობენ, რომ იგი აუცილებლად გაგრძელდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG