Accessibility links

გაქურდულ ”მონიტორს” უცხოელი კოლეგები ეხმარებიან


სტუდია ”მონიტორის” გაძარცვული ოფისი

სტუდია ”მონიტორის” გაძარცვული ოფისი

გაქურდული „სტუდია მონიტორის” მხარდასაჭერად მსოფლიო საგამომძიებლო ჟურნალისტებმა საქველმოქმედო კამპანია დაიწყეს. კამპანიის სახელწოდებაა ”დააბრუნეთ საგამომძიებლო ჟურნალისტიკა საქართველოში”. კამპანიის ინიციატორი გამომძიებელ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ჰოლანდიელი ჟურნალისტი ჰენკ ვან ესია. მან, კამპანიის ფარგლებში, შესაწირი მინიმალური თანხაც დააწესა 5 აშშ დოლარის ოდენობით. ამ დროისთვის მითითებულ ვებსაიტზე უკვე ათას დოლარზე მეტი თანხაა გადარიცხული. თანხის შეგროვება 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ „სტუდია მონიტორის” ოფისი 22 ივლისის ღამით გაქურდეს. სტუდიის ჟურნალისტების განცხადებით, დაკარგულია 35 ათასამდე დოლარის ღირებულების ტექნიკური აღჭურვილობა და ჟურნალისტების სამუშაო მასალები. მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას შინაგან საქმეთ სამინისტრო აწარმოებს.

„სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტებს 22 ივლისს მათ ოფისში მომხდარი ქურდობის შემდეგ მუშაობის გაგრძელება ერთი ნათხოვარი ვიდეოკამერით და 3 ცალი პირადი ლეპტოპით უწევთ. როგორც სტუდიის დამფუძნებელი და ჟურნალისტი ნანა ბიგანიშვილი ამბობს, ელექტრონული ფოსტის შემოწმებასაც კი ერთმანეთს სთხოვენ. ამ ფონზე კი, როცა 2007 წლიდან დღემდე ნაგროვები ტექნიკა და სამუშაო მასალა დაკარგეს, მსოფლიო საგამომძიებლო ჟურნალისტიკის ქსლის მიერ დაწყებული მხარდაჭერის კამპანია უდიდეს მორალურ დახმარებად მიაჩნიათ.

”როცა რჩები ასე ცარიელ ოფისში და არც ტექნიკა გაქვს და არც არაფერი, ყველაფერი დავკარგეთ, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვაგროვებდით 2007 წლიდან, რაც დაარსდა ჩვენი სტუდია და რაც დავიწყეთ მუშაობა, და როცა ვიგებთ, რომ ასეთი კამპანიაა გაჩაღებული, ძალიან სასიამოვნოა და მადლობა მინდა გადავუხადო ყველას - როგორც ჩვენს უცხოელ, ასევე ქართველ კოლეგებს”, - ამბობს „სტუდია მონიტორის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ჟურნალისტი ნანა ბიგანიშვილი.

ხალხი შემოდის ფორუმზე და კითხულობენ, ვინ ვართ და პასუხს სცემენ პოლ რადუმ ბრენტ ჰიუსტონი, დევიდ კაპლანი, დრიუ სალივანი ...

„მონიტორის“ დამფუძნებლის ნინო ზურიაშვილის თქმით, გამოძიების ფარგლებში, სტუდიის ჟურნალისტები უკვე დაკითხეს. მათ იმედი აქვთ, რომ გამოძიება შედეგს მალე გამოიღებს. ნინო ამბობს, რომ საერთაშორისო კამპანია, რომელიც ქურდობასთან დაკავშირებით მათი წერილის გავრცელებას მოჰყვა, ძალიან მნიშვნელოვანია. სტუდიის ჟურნალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან იღებენ წერილებს კოლეგა ჟურნალისტებისგან. ისინი, თავის მხრივ, დაინტერესებულ ადამიანებს ინტერნეტფორუმის მეშვეობით აცნობენ ”მონიტორის” საქმიანობას.

”ხალხი შემოდის ფორუმზე და კითხულობენ, ვინ ვართ და პასუხს სცემენ პოლ რადუმ ბრენტ ჰიუსტონი, დევიდ კაპლანი, დრიუ სალივანი - ძალიან ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტები - და ისინი მხარს გვიჭერენ და მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ მხარი დაგვიჭირონ ფინანსურად და ეს ჩვენთივს ასევე არის ძალიან დიდი მორალური მხარდაჭერა.”

კამპანია ”დააბრუნეთ საგამომძიებლო ჟურნალისტიკა საქართველოში” ჰოლანდიელმა საგამომძიებლო ჟურნალისტმა ჰენკ ვან ესმა წამოიწყო. მან სპეციალური ვებგვერდის დახმარებით თანხის შეგროვებაც დაიწყო. როგორც კამპანიაში ჩართული რუმინელი საგამომძიებლო ჟურნალისტი, ,, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის დირექტორი პოლ რადუ ეუბნება რადიო თავისუფლებას, პროექტის ფარგლებში უკვე 5 წელზე მეტია თანამშრომლობს ქართველ კოლეგებთან, განსაკუთრებით კი „სტუდია მონიტორის” ჟურნალისტებთან. ამდენად, მისთვის მნიშვნელოვანია ქართველ კოლეგებს დაუდგეს გვერდში:

” ჩვენ ვიცით, რომ საგამოძიებო ჟურნალისტიკა საქართველოში კრიტიკის ქარცეცხლშია წლების განმავლობაში და ადრეც შეჰქმნია პრობლემები. გვინდა დავეხმაროთ ჩვენს ქართველ კოლეგებს. მას შემდეგ, რაც „სტუდია მონიტორი“ გაძარცვეს, ამის შესახებ ვატყობინებთ ჩვენს სხვა კოლეგებს და საერთაშორისო საზოგადოებას. ორი მიმართულებით ვმუშაობთ: ვცდილობთ, რომ „სტუდია მონიტორმა“ ახალი გრანტი მოიპოვოს და, მეორე, საგამომძიებლო ჟურნალისტიკის გლობალურ ქსელში გაერთიანებულთა შემოწირულებებით მოვიზიდოთ თანხა, რათა დავეხმაროთ ტექნიკის შეძენაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვინდა, რომ „სტუდია მონიტორი” დაუბრუნდეს მუშაობას.”

მათთვის უფრო მეტად ფასეული იყო არა ის ძვირად ღირებული ტექნიკა, რომლითაც მუშაობს სტუდია, არამედ ის მასალები, რომლებზეც მუშაობდნენ ამ სტუდიის თანამშრომლები ...

შეგახსენებთ, რომ „სტუდია მონიტორი” ჟურნალისტურ გამოძიებებზე 2007 წლიდან მუშაობს და მათი გამოძიებები არაერთხელ მოქცეულა საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. ეჭვს იმის შესახებ, რომ მძარცველებს ”სტუდია მონიტორის” საქმიანობის შეფერხება და პარალიზება ამოძრავებდათ, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ჟურნალისტი ზვიად ქორიძე გამოთქვამს.

”მათთვის უფრო მეტად ფასეული იყო არა ის ძვირად ღირებული ტექნიკა, რომლითაც მუშაობს სტუდია, არამედ ის მასალები, რომლებზეც მუშაობდნენ ამ სტუდიის თანამშრომლები”, - ამბობს ზვიად ქორიძე და იქვე შენიშნავს, ხელისუფლება მუდმივად იმაზე ლაპარაკობს, რომ ქვეყანაში ძარცვის ფაქტები მნიშვნელოვნად შემცირებულია და სწორედ ამიტომ მედიასაშუალების ძარცვის ამგვარი მასშტაბური საქმე დროულად უნდა გამოიძიონო.

საქმის დროულად გამოძიების მოთხოვნით განცხადება ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრმაც გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია სწრაფი და ეფექტური გამოძიება „სტუდია მონიტორის“ საქმეზე, რათა ჟურნალისტებს მიეცეთ შესაძლებლობა დაიბრუნონ მასალები და ტექნიკა და აღადგინონ მუშაობის ჩვეული რეჟიმი. თავად „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტები კი აცხადებენ, რომ ისინი საქმიანობას, მართალია, მცირე შეფერხებებით, მაგრამ მაინც აუცილებლად გააგრძელებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ დროისთვის კომენტარს ვერ გააკეთებენ.

კამპანიის ფარგლებში - ”დააბრუნეთ საგამომძიებლო ჟურნალისტიკა საქართველოში” - უცხოელი ჟურნალისტები თანხას სამი თვის განმავლობაში შეაგროვებენ. თანხის ჩარიცხვა საქართველოდანაცაა შესაძლებელი საბანკო ანგარიშიდან პლასტიკური ბარათის მეშვეობით მითითებულ ვებსაიტზე.
XS
SM
MD
LG