Accessibility links

logo-print
რამდენიმე დღის წინ თბილისის კლასიკურმა გიმნაზიამ უმასპინძლა „ამერიკის მეგობართა კლუბის“ ინიციატივით გამართულ საღამოს, რომლის ორგანიზატორებმა და მიწვეულმა სტუმრებმა გაიხსენეს კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნიუ-ტაუნის ერთ-ერთ კოლეჯში მომხდარი ტრაგედია, რასაც 26 ადამიანის - მცირეწლოვანი ბავშვებისა და მათი პედაგოგების - სიცოცხლე შეეწირა. მხატვარი გია ბუღაძე ამერიკაში მომხდარ ტრაგედიას ფერწერული ნამუშევრების ციკლით გამოეხმაურა, ხოლო კომპოზიტორმა ზურაბ ხუციშვილმა დაღუპულთა ხსოვნას საფორტეპიანო პრელუდია მიუძღვნა.

ნიუ-ტაუნის სენდი ჰუკის სკოლაში ტრაგედია 2012 წლის 14 დეკემბერს დატრიალდა. 24 წლის რაიან ლანზამ 20 ბავშვი და სკოლის 6 თანამშრომელი მოკლა. „ამერიკის მეგობართა კლუბმა“, მისი ხელმძღვანელის ილია ზუკაკიშვილის თქმით, ამერიკელ ხალხს იმ მძიმე დღეებში საელჩოს შენობასთან მისვლითა და სოლიდარობის აქციით მიუსამძიმრა:

„გავიზიარეთ ის ტკივილი, რომელიც იგრძნო იმ დროს ამერიკელმა ხალხმა, იმ სკოლამ და განსაკუთრებით იმ მშობლებმა, რომლებმაც შვილები დაკარგეს. სწორედ მაშინ დაებადა ბატონ გია ბუღაძეს აზრი, რომ სპეციალურად ამ ტრაგედიისადმი მიძღვნილი საღამო გაგვეკეთებინა. სიმბოლურია ისიც, რომ ამ ღონისძიებაში ჩართული არიან მოსწავლეები, - კონკრეტულად, კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეები, - რომელთა სასწავლებელშიც გამოვფინეთ ბატონი გიას ნამუშევრები. ფანტასტიკურია კომპოზიტორ ზურაბ ხუციშვილის მუსიკალური პრელუდია, რომელიც საგანგებოდ ამ დღისთვის დაიწერა“.
მინდოდა მეჩვენებინა, რომ თუკი ბოროტება არსებობს, მეორე მხარეს სამყარო ბადებს ამავე რანგისა და ამავე ძალის სასიკეთო იმპულსს - ამ შემთხვევაში, ვიქტორია სოტოს სახით. მოგეხსენებათ, სახელი ვიქტორია ისედაც გამარჯვებას ნიშნავს და თითქოს ამის გამოხატულება იყოს...


პრელუდიის ავტორმა ზურაბ ხუციშვილმა მუსიკალურ ნაწარმოებში იმ ტკივილის გადმოცემა სცადა, რაც სენდი ჰუკის მოსწავლეებმა და მშობლებმა განიცადეს. თუმცა ოკეანისგაღმა დატრიალებულ ტრაგედიას, მსხვერპლისა და მოძალადის გარდა, გმირიც ჰყავდა. ზურაბ ხუციშვილის თქმით, მას საოცარი გრძნობა დაეუფლა, როცა შეიტყო, რომ 21 წლის პედაგოგმა ვიქტორია სოტომ საკუთარი სიცოცხლის ფასად 12 ბავშვი გადაარჩინა:

„ეს ამბავი რომ გავიგე, შოკში ჩავვარდი, თუმცა, მეორე მხრივ, მქონდა ბედნიერების განცდა იმის გამო, რომ დღემდე შემორჩნენ ისეთი გმირი ადამიანები, რომლებსაც სხვებისთვის თავის გაწირვა შეუძლიათ. ისტორიიდან თავგანწირვის ბევრი მაგალითი ვიცით, მაგრამ არ მეგონა, თუ დღესაც არსებობდნენ ასეთი ადამიანები. ყოველივე ამან მომცა ის მუხტი, რომ შემექმნა ნაწარმოები“.

ვიქტორია სოტომ ბავშვები კარადებში გადამალა და თავად შეეგება შეიარაღებულ მკვლელს. ნიუ-ტაუნის სკოლაში მომხდარმა ტრაგედიამ მხატვარი გია ბუღაძეც შეძრა, თუმცა, მისი თქმით, ახალგაზრდა პედაგოგმა კეთილშობილებითა და მსხვერპლშეწირვის მაღალზნეობრივი აქტით, საბოლოო ჯამში, გაიმარჯვა ბოროტებაზე.

„არ დაიმალა ეს გოგო, პირიქით, ბავშვები დამალა და მოატყუა მკვლელი, ბავშვები ოთახში არ არიანო. მინდოდა მეჩვენებინა, რომ თუკი ბოროტება არსებობს, მეორე მხარეს სამყარო ბადებს ამავე რანგისა და ამავე ძალის სასიკეთო იმპულსს - ამ შემთხვევაში, ვიქტორია სოტოს სახით. მოგეხსენებათ, სახელი ვიქტორია ისედაც გამარჯვებას ნიშნავს და თითქოს ამის გამოხატულება იყოს“, - უთხრა გია ბუღაძემ რადიო თავისუფლებას.

გია ბუღაძის ნახატების ამ ციკლის ცენტრალურ ტილოზე გამოსახულია კარადის ბოქსებში შეყუჟული უმწეო ბავშვები, რომლებიც მკვლელს ემალებიან:

„საერთოდ, როცა ნახატს აკეთებ, ყოველთვის ფიქრობ სემანტიკურ და სიმბოლურ მნიშვნელობებზე, რომლებიც შეიძლება მასში ჩადო, რადგანაც ერთია ფაქტი, რომელიც გელაპარაკება, და მეორე ის, თუ ამ ფაქტიდან რა შინაარსს ამოიღებ. ამიტომ მე რამდენიმე სიმბოლური ნიშანი დავსვი იმ ნამუშევარში, სადაც ბავშვები ბოქსებში ისე არიან ჩაკეტილები, თითქოს საკუთარ შიშში იყვნენ დამწყვდეული. მარცხნიდან მეორე ბოქსში არის პატარა ბაჭია, ხოლო მარჯვნიდან მესამე ბოქსში - პატარა იხვი“.

მხატვრის თქმით, ბაჭია ადამიანის სამშვინველის სიმბოლოა, ის ასევე განასახიერებს უმწეობასა და შიშს, ხოლო იხვი – უდანაშაულო მსხვერპლს. მხატვრის ნამუშევართა შორის ასევე გამორჩეულია ფერწერული ტილო, რომელზეც გამოსახული მასწავლებელი მონსტრად ქცეული მკვლელის საზარელ ჩრდილშია მოქცეული. ფსიქოლოგ თამარ დარსაველიძის თქმით, ვიქტორია სოტო ერთგვარი კრებითი სახეა ყველა იმ პედაგოგისა, რომელიც თავის წიაღში ღვთაებრივ საწყისს ატარებს და აღსაზრდელისთვის თავის გაწირვა შეუძლია:

„მიუხედავად იმისა, რომ შავბნელი ლანდი აქვს გადაფარებული ვიქტორია სოტოს ბატონ გიას ნამუშევარზე, მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ ლანდში სხეულის ცალკეული დეტალები და უკან კარადა გამოასხივებენ სულისა და ღვთაებრივ სინათლეს და ასეთი რამ ხდება არა მხოლოდ ვიქტორია სოტოში, არამედ თითოეულ ჩვენგანში. თუნდაც ის, რომ დღეს ამ თემის ირგვლივ შევიკრიბეთ, ნიშნავს იმას, რომ პატარა სინათლე სულისა და ღვთაებრიობისა ჩვენში ჭიატებს“.
ადამიანებს ნაკლები დრო რჩებათ, რათა ერთმანეთს თვალებში ჩახედონ და ჰკითხონ, ხომ არაფერი გიჭირს, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ თუ დღეს ჩვენ ამაზე არ ვილაპარაკეთ, ხვალ იგივე შეიძლება ჩვენც დაგვემართოს. ასე რომ, ჩვენ მარტო სოლიდარობა არ გამოგვიხატავს...


მაინც რატომ შეირჩა საღამოს გასამართად კლასიკური გიმნაზია? ამ კითხვის პასუხად გიმნაზიის დირექტორმა ამირან ჯამაგაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მხოლოდ ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ სენდი ჰუკის სკოლა თბილისიდან უსასრულოდ შორს არის. სინამდვილეში, ყველა სკოლას ერთი პრობლემა და გასაჭირი აქვს.

„ყველგან სახეზეა მოძალებული უსულგულობა, მოძალებული გამეტება, აგრესია, რომლითაც, სამწუხაროდ, მოზარდები თავს იმკვიდრებენ. ეს არც ჩვენთვის არის უცხო ხილი. შეიძლება ჩვენთან ასე ძალიან არ იგრძნობა, რადგანაც ჩვენი საზოგადოება ჯერჯერობთი უფრო თბილია და ჩვენი სოციალური აქტივობებიც შესაძლებელია უფრო ხელშესახები და მნიშვნელოვანია, ვიდრე დიდ ქვეყნებში, სადაც ცხოვრების ტემპი ძალიან ასწრაფებულია და ადამიანებს ნაკლები დრო რჩებათ, რათა ერთმანეთს თვალებში ჩახედონ და ჰკითხონ, ხომ არაფერი გიჭირს, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ თუ დღეს ჩვენ ამაზე არ ვილაპარაკეთ, ხვალ იგივე შეიძლება ჩვენც დაგვემართოს. ასე რომ, ჩვენ მარტო სოლიდარობა არ გამოგვიხატავს“, - უთხრა ამირან ჯამაგაძემ რადიო თავისუფლებას.

სწორედ იმისთვის, რომ ხვალ იგივე ტრაგედია არ განმეორდეს და ბავშვებსშეწირული პედაგოგების ხსოვნა იქნეს უკვდავყოფილი, გია ბუღაძე, კლასიკურ გიმნაზიაში წარმოდგენილი ტილოების საფუძველზე, მოქანდაკე დავით მაისურაძესთან ერთად, აპირებს ქანდაკების გაკეთებას და ტრაგედიის წლისთავზე სენდი ჰუკის სკოლისთვის გადაცემას, თუმცა იდეის ხორცშესასხმელად, როგორც მხატვარი ამბობს, სპონსორის მოძებნა და სხვა ტექნიკური დეტალების შეთანხმება იქნება საჭირო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG