Accessibility links

logo-print
2 ივლისს რუსმა უფლებადამცველებმა და ისტორიკოსებმა აღნიშნეს მათი ქვეყნისთვის, ისევე როგორც სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისათვის მნიშვნელოვანი, თუმცა პირობითი თარიღი - საბჭოთა კავშირში პოლიტიკური რეპრესიების ყველაზე სასტიკი კამპანიის - "დიდი ტერორის" დაწყების 75-ე წლისათვი.

რეპრესიები, რასაკვირველია, უცებ, ერთ დღეში არ დაწყებულა. მაგრამ საქმე ის არის, რომ 1937 წლის სწორედ 2 ივლისს საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურომ გასცა სანქცია, პარტიის ადგილობრივი კომიტეტებისათვის გაეგზავნათ შემდეგი დავალების შემცველი ტელეგრამა: პარტიულ ორგანიზაციებსა და ხელმძღვანელ პირებს სთხოვდნენ, აღერიცხათ გადასახლებიდან მშობლიურ ადგილებში დაბრუნებული კულაკები და ბოროტმოქმედები, რათა დაუყოვნებლივ დაეპატიმრებინათ და დაეხვრიტათ მათ შორის განსაკუთრებით მტრულად განწყობილები. მათი საქმეები უნდა განეხილა ე.წ. ტროიკებს - სასამართლო სისტემის მიღმა მოქმედ ორგანოებს. მაგალითად, საოლქო ტროიკა, ჩვეულებრივ, შედგებოდა, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის, ანუ შინსახკომის ადგილობრივი სამმართველოს ხელმძღვანელის, კომპარტიის საოლქო კომიტეტის მდივნისა და ოლქის პროკურორისაგან.



სწორედ 1937 წლის 2 ივლისის ტელეგრამის გაგზავნა შეიძლება ჩაითვალოს დიდი ტერორის დაწყებად. თვით ტერმინი „დიდი ტერორი“ თარიღდება 1968 წლით, როცა ამავე სახელწოდებით წიგნი გამოაქვეყნა ინგლისელმა მკვლევარმა, რობერტ კონკვესტმა.

ისტორიკოსები, ჟურნალისტები, უფლებადამცველები უკვე ათწლეულებია მუშაობენ სტალინის მმართველობისას განხორციელებულ რეპრესიებთან დაკავშირებული გარემოებების, ისევე როგორც რეპრესიების მომწყობთა და მსხვერპლთა შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად.

როგორც ავტორიტეტიან უფლებადამცველ ორგანიზაცია „მემორიალის“ ხელმძღვანელი, ალექსანდრ ჩერკავოსი ამბობს, გაწეულია მართლაც დიდი სამუშაო: „საკმაოდ ბევრია ცნობილი ამ ტერორის მექანიკასა და იდეოლოგიაზე. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ ქცეულა საერთო მონაპოვრად. ჯერ კიდევ რაღაც ფანტასტიკურად, გაუგებრად ჩანს,“ - აღნიშნა ჩერკასოვმა ჩვენი რადიოს რუსულ სამსახურთან საუბარში, რომლის დროსაც შეეხნენ სტატისტიკის თემასაც.

„მემორიალის“ ინფორმაციით, რომელსაც ამ ორგანიზაციის ვებსაიტზე გაეცნობით, ორი წლის განმავლობაში (1937-38 წლებში) დაპატიმრებულ იქნა 1,7 მილიონზე მეტი ადამიანი. მათგან დახვრიტეს არანაკლებ 725 ათასისა.

როგორც ორგანიზაცია „მემორიალის“ ხელმძღვანელი, ალექსანდრ ჩერკასოვი ამბობს, „არის სტატისტიკა, მაგრამ ის არ არის სათანადოდ გამოქვეყნებული. არ გამოქვეყნებულა შინსახკომის ცენტრალური აპარატის მიმოწერა რეგიონებთან, როცა თავს იწონებენ წარმატებებით, მოითხოვენ დამატებით ლიმიტებს პირველ კატეგორიაზე - ანუ, დახვრეტაზე, ესმით რა, რომ თუ ლიმიტს ვერ შეასრულებენ, ან ვინმეს ჩამორჩებიან ამ შეჯიბრში, თვითონაც აღმოჩნდებიან „ხალხის მტრების“ რიცხვში. ეს მასალები არსებობს, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამხდარა ინფორმაცია, რომელიც ყველასთვის არის ცნობილი“.

"დიდმა ტერორმა", რომლის დაწყების 75-ე წლისთავიც 2 ივლისს აღნიშნეს, ორი წელი გასტანა. საშუალოდ, სახელმწიფო ხოცავდა დღეში 1000 საკუთარ მოქალაქეს.

ბევრისთვის, ალბათ, მოულოდნელი იქნება იმის მოსმენა, რომ სტალინური რეპრესიებისადმი ინტერესისა და მასზე ინფორმაციის გარკვეული ხელმოსაწვდომობის მიუხედავად (ასეა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან, საბჭოთა კავშირში ე.წ. გლასნოსტის, თუ საჯაროობის პერიოდიდან მოყოლებული) საქართველოში არ მომხდარა 1921 წელს გასაბჭოების შემდეგ დაწყებული პროცესის კომპლექსური, სამეცნიერო შესწავლა.

1937-38 წლებში საბჭოთა კავშირში პიკს მიაღწია სტალინურმა რეპრესიებმა. ორგანიზაცია „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ თანამშრომელი, ირაკლი ხვადაგიანი და საბჭოთა პერიოდის სხვა მკვლევრები აღნიშნავენ, რომ საქმე ეხება საბჭოთა რეჟიმის მხოლოდ ერთ-ერთ ტერორისტულ კამპანიას. ორგანიზაცია «მემორიალი» შეგვახსენებს, რომ საბჭოთა სახელმწიფოს მთელი არსებობის, შვიდი ათწლეულის მანძილზე სჩადიოდნენ სხვადასხვა მასშტაბისა და სისასტიკის დანაშაულებს.

37-38 წლების „დიდი ტერორი“ ყველაზე მასშტაბური და სასტიკი იყო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG