Accessibility links

logo-print

ავტორი: ანა ლომთაძე

თბილისში სასწავლებლად ყოველწლიურად ათასობით სტუდენტი ჩამოდის საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ვისაც საშუალება აქვს, ბინას ქირაობს ან ნათესავებთან რჩება, ზოგი კი სტუდქალაქს აკითხავს. თბილისში 8 სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს სტუდენტების საერთო საცხოვრებელი.

ნინო, ელენე და თეო საერთო საცხოვრებლის 20 კვადრატულმეტრიან ოთახში ერთად ცხოვრობენ. ელენე სურამიდან ჩამოვიდა თბილისში და ბიოლოგიურზე სწავლობს. ნინო და თეო კი ქარელის რაიონიდან არიან და ისტორიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტებზე სწავლობენ. ოთახი სამ ძველ საწოლს, ორ კარადას, ორ სკამსა და ერთ საწერ მაგიდას იტევს. იატაკზე სპირალიანი ელექტროქურა დგას - ოთახში თბილა. ქურაზე წიწიბურა იხარშება. კედლებჩამოხეულ ოთახში ოდნავი სიმყუდროვე მაინც რომ შეექმნათ, გოგოებმა კედლებზე ფერადი შპალერი გააკრეს, ერთ მხარეს კი ეიფელის კოშკის პლაკატი მიამაგრეს. ყველაფრის მიუხედავად, ელენე და ნინო ამ პატარა ოთახში ცხოვრებით კმაყოფილები არიან და მოღიმარი სახეებით ამბობენ, თუ რატომ: ფასიც მისაწვდომია და ადგიმლდებარეობაც მოსახერხებელი. სტუდენტები მხოლოდ 30 ლარს იხდიან თვეში და კომუნალური გადასახადებისგან თავისუფლები არიან. ამასთან, თსუ-ს რამდენიმე შენობა, მათ შორის ბიოლოგიის კათედრა, რომელზეც ელენე სწავლობს, სტუდქალაქიდან სულ 5 წუთის სავალზეა დაშორებული.

გიორგი ჯავახაძე19 წლისაა და ქუთაისიდან შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის შესასწავლად ჩამოვიდა. ის სტუდქალაქში თავის დასთან ერთად ცხოვრობს. გიორგის თქმით, საერთო საცხოვრებელში ცხოვრება სახალისოა, რადგან სტუდენტებს ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა აქვთ:

„ეჩვევი დამოუკიდებელ ცხოვრებას... როდესაც ამდენი სტუდენტი ერთად ცხოვრობს, ბევრ რამეს ერთმანეთისგან სწავლობენ. ხშირად გვაქვს საუბრები ლიტერატურაზე ან საბუნებისმეტყველო საგნებზე და ეს ძალიან საინტერესოა. სტუდენტური თანაცხოვრების შედეგად, აკადემიურ გარემოში მიღებული ცოდნაც უფრო შეკრული გამოდის“.

უნდა დაწერო განცხადება თსუ-ს კანცლერის სახელზე და მერე, როდესაც გამოჩნდება ადგილი, თვითონ დაგიკავშირდებიან ან თავად უნდა მიხვიდე და იკითხო. ცოტაა ადგილები და ყველა მსურველს ვერ აკმაყოფილებს...

სტუდენტები თანხმდებიან, რომ მათი თანაცხოვრება სასიამოვნო გამოცდილებაა, რომელიც პიროვნებად ჩამოყალიბებასა და დამოუკიდებლობის მოპოვებაში ეხმარება. ამასთანავე, ბევრი მათგანი თბილისში სწავლას სხვაგვარად ვერ შეძლებდა.

ის, რასაც „სტუდქალაქს“ ვუწოდებთ, სინამდვილეში მხოლოდ ორი ოთხსართულიანი შენობისგან შედგება. დანარჩენი შენობები - ორი 14-სართულიანი და ერთი ოთხსართულიანი - სახელმწიფომ რამდენიმე წლის წინ დევნილებს გადასცა. ადმინისტრაცია და სტუდენტები ყველაზე დიდ პრობლემად დღეს საერთო საცხოვრებელში ადგილების სიმცირეს ასახელებენ. ილო ბაბუხადია, თსუ-ს მაგისტრი და სტუდქალაქის მცხოვრები, ამბობს, რომ ოთახს 3 თვე ელოდა, თუმცა იცნობს მათაც, ვისაც ბევრად მეტი დრო დასჭირდა საერთო საცხოვრებელში მოსახვედრად.

„უნდა დაწერო განცხადება თსუ-ს კანცლერის სახელზე და მერე, როდესაც გამოჩნდება ადგილი, თვითონ დაგიკავშირდებიან ან თავად უნდა მიხვიდე და იკითხო. ცოტაა ადგილები და ყველა მსურველს ვერ აკმაყოფილებს“, - ამბობს ილო ბაბუხადია.

გიორგი ჯავახაძე კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობელმაზე ლაპარაკობს:

ჯერ კორპუსები ბოლომდე უნდა გადმოგვეცეს. სარგებლობის უფლება კი გვაქვს, მაგრამ ქონება არ არის ჩვენი. ახლა უკვე ვართ [საკუთრებაში] გადმოცემის პროცესში. როდესაც ეს ორი კორპუსი ბოლომდე უნივერსიტეტის იქნება ...

„ეს პრობლემა როგორც უნივერსიტეტს, ისე სტუდქალაქს ეხება: როდესაც რაიმე ტქნიკური პრობლემა შეიქმნება, მაგალთად, ნათურა გადაიწვება ან ქსეროქსის აპარატი გაფუჭდება, სანამ ტენდერი არ გამოცხადდება და რომელიმე კომპანია ამ ტენდერს არ მოიგებს, ადმინისტრაციას შეკეთების უფლება არ აქვს. ეს ძალიან მოუქნელი სისტემაა“.

თსუ-ს სტუდქალაქი 1975 წელს აშენდა. მას შემდეგ ამ შენობებში არაფერი შეცვლილა. მხოლოდ 2012 წელს მოახერხა ადმინისტრაციამ, უნივერსიტეტის დახმარებით, სველი წერტილების შეკეთება და ელექტროსადენების გამოცვლა. სტუდქალაქის მმართველი ზაზა წაქაძე ფიქრობს, რომ უნივერსიტეტი მხოლოდ მაშინ დაიწყებს სტუდქალაქის განვითარებას, როდესაც სახელმწიფო მას ამ შენობებს საკუთრებაში გადასცემს.

„ჯერ კორპუსები ბოლომდე უნდა გადმოგვეცეს. სარგებლობის უფლება კი გვაქვს, მაგრამ ქონება არ არის ჩვენი. ახლა უკვე ვართ [საკუთრებაში] გადმოცემის პროცესში. როდესაც ეს ორი კორპუსი ბოლომდე უნივერსიტეტის იქნება, ჩვენი რექტორატი კეთილ ნებას გამოიჩენს და, ალბათ, კეთილმოწყობას უზრუნველყოფს“, - ამბობს სტუდქალაქის მმართველი.

საერთო საცხოვრებლის შენობები დღემდე ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში რჩება. შესაბამისად, ქონების განკარგვის უფლებაც სახელმწიფოს აქვს. თსუ-ს საერთო საცხოვრებლების მსგავსად, 2008 წელს სახელმწიფომ სამედიცინო და ტექნიკური უნივერსიტეტებისთვის განკუთვნილი საერთო საცხოვრებლებიც დევნილებს გადასცა.

დერეფნებში სიბნელეა... ნინო და თეო ლექციებიდან ბრუნდებიან, მალე ელენეც მოვა. სივიწროვის მიუხედავად, სტუდენტები მაინც ბედნიერები არიან, რადგან თუნდაც ასეთი პირობები და სპირალიანი ელექტროქურით გამთბარი ოთახი ყველა მსურველს არ აქვს. ისინი თვეობით ელოდებიან თავიანთ რიგს...

საკმარისი თანხების მოზიდვის შემთხვევაში, სტუდქალაქის მმართველი ზაზა წაქაძე საერთო საცხოვრებელში არსებული ოთახების გარემონტებასა და ახალი ოთახების დამატებას აპირებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG