Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ძალისხმევა თავისუფალი მედიის მრავალფეროვნებისთვის


მემორანდუმის გაფორმება
მემორანდუმის გაფორმება
21 მარტს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შორის. მხარეები თანხმდებიან, რომ ”სამართლიანი და კონკურენტული მარეგულირებელი გარემოს შესაქმნელად საჭიროა ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, კომისიის კომუნიკაცია არასამთავრობო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან. არასამთავრობო სექტორი კვლავაც საუბრობს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის ფარგლებში გამოვლენილ პრობლემებზე, თუმცა კომისიის თავმჯდომარე მათ შეფასებებს არ იზიარებს.

შეერთებული შტატები კვლავაც განაგრძობს აქტიურობას საქართველოში თავისუფალი მედიასივრცის გაძლიერებისა და, შესაბამისად, დემოკრატიის ხელშეწყობის მიმართულებით და სწორედ ამ ჭრილში განიხილავს 21 მარტს ხელმოწერილ მემორანდუმს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ის - საქართველოს მისიის დირექტორი სტივენ ჰაიკინი:
მოწოდებული ვართ, რომ თქვენთან ერთად მუშაობით გავაძლიეროთ გარემო, რომელიც უზრუნველყოფს პლურალიზმსა და მრავალფეროვნებას მედიაში...
სტივენ ჰაიკინი

”გვჯერა, რომ ძლიერი და თავისუფალი მედია არსებითად აუცილებელია დემოკრატიისთვის. მოწოდებული ვართ, რომ თქვენთან ერთად მუშაობით გავაძლიეროთ გარემო, რომელიც უზრუნველყოფს პლურალიზმსა და მრავალფეროვნებას მედიაში. და მემორანდუმი, რომელსაც ახლა მოვაწერეთ ხელი, წინ წასწევს ჩვენს მიზანს.”

სტივენ ჰაიკინი იმედს გამოთქვამს, რომ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი ხელს კიდევ უფრო შეუწყობს შეერთებული შტატების ბიუჯეტის მიერ, ანუ გადასახადის გადამხდელთა ფულით დაფინანსებულ პროგრამას - G-MEDIA-ს, რომელსაც 2010 წლის ოქტომბრიდან ახორციელებს USAID-ის პარტნიორი ორგანიზაცია - IREX-ი (საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო). აქვე ვთქვათ, რომ ამ პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა მედიის საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესება და ჟურნალისტთა უფლებების დაცვა. სწორედ ამ ამოცანის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან და საგანგებოდ მუშავდება უწყების სამოქმედო სტრატეგია. თავის მხრივ, ამ სტრატეგიის მიზანია ”მეტი გამჭვირვალობის და ინკლუზიურობის” მიღწევა ”გადაწყვეტილების მიღების პროცესში”.

ამ პროგრამის ფარგლებში შექმნილ სპეციალურ ჯგუფშია ჩართული „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ „მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე. ის ამბობს, რომ კომისიას აშკარად ეტყობა თანამშრომლობისთვის მზადყოფნა, თუმცა კაპანაძე კვლავაც ლაპარაკობს პრობლემებზე, რომლებიც საიასა და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა უკავშირდება ინტერესთა კონფლიქტის თემას. საქმე ისაა, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი შპს „მაგი სტილი მედიას“ საერთო წილის 35%-ის მფლობელია, ხსენებული კომპანიის ძირითადი საქმიანობა კი სატელევიზიო ეთერში რეკლამის განთავსებაა:

”მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, კომისიას ევალება სატელევიზიო მაუწყებლების კონტროლი, მაშინ როცა ირაკლი ჩიქოვანის კერძო კომპანია სატელევიზიო მაუწყებლებში განათავსებს თავის მიერ დამუშავებულ რეკლამებს. არსებობს არაპირდაპირი კავშირი მის კერძო ინტერესსა და საჯარო ფუნქციას შორის.”
6-თვიანი მონიტორინგის შედეგად სხვა ვერაფერი ნახეს გარდა იმისა, რომ მე ვარ ”მაგი სტილის” დამფუძნებელი... ასეც არის, ვარ და რა მერე?!.. კომისია არ ადგენს ფასებს რეკლამაზე...
ირაკლი ჩიქოვანი

თუმცა, როგორც 21 მარტს მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ უთხრა რადიო თავისუფლებას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ჩიქოვანმა, ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს და ის არც არასამთავრობო ორგანიზაციების მონიტორინგის შედეგებს იზიარებს:

”მე ვთვლი, რომ მათ ძალიან სასაცილო პრეტენზიები ჰქონდათ... 6-თვიანი მონიტორინგის შედეგად სხვა ვერაფერი ნახეს გარდა იმისა, რომ მე ვარ ”მაგი სტილის” დამფუძნებელი... ასეც არის, ვარ და რა მერე?!.. კომისია არ ადგენს ფასებს რეკლამაზე, კომისიას არ შეუძლია ვინმეს მიუთითოს რომელ ტელევიზიაში განათავსოს რეკლამა, სარეკლამო ჭრების მოცულობას კი ადგენს პარლამენტი...”

არავინ დავობს, რომ კომისიას ამგვარი უფლებამოსილება მართლაც არ გააჩნია, მაგრამ, სამაგიეროდ, ის ვალდებულია აკონტროლოს ტელეკომპანიების მიერ რეკლამების განთავსების კანონმდებლობით დადგენილი სარეკლამო დროის ლიმიტები და ოპონენტებიც ინტერესთა კონფლიქტს სწორედ ამ ჭრილში ხედავენ. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად ლაპარაკობენ მედიაპლურალიზმისთვის შექმნილ პრობლემაზე იმის გამო, რომ 2008 წლის მაისიდან საქართველოში 3 წელზე მეტი ვადით შეჩერებული იყო სამაუწყებლო ლიცენზიების გაცემის პროცესი, ამან დიდწილად შეუშალა ხელი ახალი სამაუწყებლო კომპანიების შექმნასა და განვითარებას. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრისას, ასევე ხშირად სახელდება კომისიის წევრთა შერჩევის წესი. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ პარლამენტის მიერ პოლიტიკური ნიშნით შერჩეული და დამტკიცებული კანდიდატები ბოლომდე თავისუფლები ვერ იქნებიან.

მართალია, თავად ირაკლი ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არანაირი პრობლემა არა აქვს გამჭვირვალობასა თუ სხვა კანონიერ მოთხოვნებთან დაკავშირებით, მაგრამ, მედიასამართლის ექსპერტის ალექსანდრე ბარამიძის ლოგიკის მიხედვით, უწყებაში პრობლემების არსებობაზე 21 მარტს ხელმოწერილი მემორანდუმის საჭიროებაც მეტყველებს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG